კამანი. 5 ივლისი. 5 საათი და 10 წუთი.

* * * 

სროლის ხმა კამანში პირველად გაგრის დაცემის შემდეგ, 1992 წლის 3 ნოემბერს, გაისმა. სულ მალე ტყვიის წუილი, ჭურვის აფეთქება, გვამები _ სანგრებში, მდინარის ზედაპირზე, გზებზე, ეზოებში ყოველდღიურობად იქცა. სოფელი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. ფრონტის წინა ხაზი მის სახლებზე, მის უბნებზე, მის ხეობაზე გადიოდა. ბრძოლები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ერთი წლის შემდეგ კამანს 65-ის ნაცვლად 32 ადგილობრივი ჯარისკაციღა ჰყავდა. დანარჩენები დაიღუპნენ. სახლები დაინგრა, ხოლო მათ ადგილას ზოგან უშველებელი ღრმულები დარჩა. გაუქმებული წყალსაცავები, მიტოვებული ბუნკერები და სარდაფები სანგრებად, ბლინდაჟებად იქცა. მშვიდობის ხანა, სამოქალაქო ცხოვრების რიტმი თითქოს სამუდამოდ დასრულდა. კამანმა თავდასხმებს გაუძლო. ის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც იხსნა. სოფელი მიუდგომელი იყო. მის დასაბომბად უახლესი ტიპის საარტილერიო დანადგარების გამოყენებაც ვერ ხერხდებოდა. . . და მოწინააღმდეგე ეშერადან კამანისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკის გაფართოებას შეუდგა. ამ გზაზე სამხედრო ტექნიკას უნდა ევლო, თანაც გუდაუთა-ამზარას ტრასას შრომის ხიდამდე შეერთებოდა. კამანი ალყაში ექცეოდა. სამმხრივი შტურმის დღე ახლოვდებოდა. . . 

5 ივლისი. 5 საათი და 10 წუთი. ცა იქუფრება. წინწკლავს. სოფლის თავში, ხიდთან მოწყობილ პირველ საგუშაგოზე, 28 წლის ადამ გვიჩიანი ექვს თანამოსანგრეს საბრძოლო მითითებებს აძლევს. ის ოცმეთაურია, ლეიტენანტი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ოფიცერი, სპორტსმენი, ძიუდოისტი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. . . `მოემზადეთ,~ _ სიტყვის დასრულებას ვერც ასწრებს, მის ხმას ნაღმსატყორცნების მოულოდნელი გრუხუნი ფარავს, _ `ჯანდაბა, უკვე დაიწყო. . . ამზარადან გვბომბავენ. . . მალე სოფელს მოადგებიან. . .~ სოფელში შეჭრა ორი გზით შეიძლება _ ხიდიდან და სანაპიროდან. ხიდი დანაღმულია. შვერილებიც გამოცლილი აქვს. ტექნიკის სიმძიმეს ვერ გაუძლებს. ჯარს გადაადგილების საშუალებას არ მისცემს. სანაპირო კლდოვანია, გუმისთა _ ადიდებული. რელიეფი მხოლოდ ერთგან მარტივდება. ციცაბო ფერდობებს ქვიშიანი დაბლობი ენაცვლება, კალაპოტი ვიწროვდება. . . აქ, საერთო საცხოვრებლის შენობაში, მეორე საგუშაგოა. საგუშაგოზე ცხრანი არიან _ შვიდი მამაკაცი და ორი ქალი. 

* * * 

 35 წლის მერი პაკელიანმა გუშინ დილას დატოვა სოფელი, შვილები დასთან, გალში გახიზნა და უკან სასწრაფოდ გამობრუნდა. სოფელი საბრძოლო მზადყოფნაში დახვდა. ერთ-ერთი შეტევისას აფხაზებისთვის წართმეული ტყვიამფრქვევი ინვალიდთა თავშესაფრის _ ე.წ. წითელი კორპუსის _ მესამე სართულზე აეტანათ. გუმისთის გაღმა, ტყეში ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ჩაემარხათ. ხიდის ბურჯი მოერყიათ. სანგრები გაეთხარათ. . . სახლები ცარიელი იყო. დიდ-პატარიანად, ქალიან-კაციანად ყველა პოზიციებზე გაკრეფილიყო. ქმარი, საშა გამსახურდია, მეორე საგუშაგოზე მოძებნა. ახლაც გვერდით უზის. მერი მჭიდებს ამოწმებს, ავტომატს ტენის. წუთით ჩერდება, ფიქრობს. მერე ჯგუფის მწირი არსენალიდან ხელყუმბარას იღებს და ჯიბეში მალავს. . . 

 

ავტორი:  შორენა ლებანიძე   

 

გაგრძელება...