კამანი. მამა-შვილი კახიანები

* * * 

ახალშენისკენ მიმავალი გზის დასაწყისში, მესამე საგუშაგოზე, სოფლის შტაბიდან მამა-შვილს _ ვლადიმერ და მალხაზ კახიანებს _ აგზავნიან. მალხაზი დაზვერვის ათმეთაურია. რამდენიმე თვის წინ ეშერას ქვემოთ, სოფელ დიმიტროვკაში ჩასაფრებულ სნაიპერებს, რომლებმაც კამანს მოსვენება დაუკარგეს, თავს დაესხა. ორი მოკლა, ერთი გაექცა, ერთიც ტყვედ ჩაიგდო. ის რუსი მაიორი, ფსკოვის სადესანტო ბატალიონის ხელმძღვანელი აღმოჩნდა. . . 

63  წლის ვლადიმერმა გუშინ დილას ახალშენიდან საგანგაშო ინფორმაცია ჩამოიტანა. სოფელი ალყაში იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი, ტყეს შეფარებული ქალები და ბავშვები კამანისკენ გზის გაგნებას ვერ ახერხებდნენ. კახიანმა ისინი შრომის ხიდამდე ჩააცილა. უკან დაღლილი, შეშფოთებული დაბრუნდა: `ყოველი მხრიდან მოიწევენ. . . ვერ შევაჩერებთ. . . ცოტანი ვართ. . . თითზე ჩამოსათვლელნიღა დავრჩით. . . უნდა წავიდეთ. . . სოფელი უნდა გაიხიზნოს,~ _ ამაოდ ცდილობდა ადგილობრივი შენაერთის მეთაურის, მაიორ ზაზა პაკელიანის დარწმუნებას. პაკელიანი ჯიუტად დუმდა. ბოლოს თქვა: `შრომაში ყველაფერი იციან. ხვალ დამხმარე ძალა მოვა.~

* * * 

შრომაში ყველაფერი იციან, მაგრამ დამხმარე ძალა არ მოდის. . . მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გრძელდება. სადაც არის, ქვეითებიც გამოჩნდებიან. ტყვია-წამლის მარაგი ცოტაა, შეიარაღება _ მწირი. ტექნიკა კი კამანელებს საერთოდ არ აქვთ. სოფლის პრობლემები საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლობას კამანელმა პედაგოგმა, აფხაზეთის დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარემ, ელგუჯა გვიჩიანმა ორიოდე კვირის წინ შეატყობინა. ვითარება არ შეცვლილა. დღეს 63 წლის გვიჩიანი სოფლის განაპირას, ფერმებთან მოწყობილ მეოთხე საგუშაგოზე, შვილის, გურამის გვერდით დგას. ის მოკლე სადესანტო ავტომატით არის შეიარაღებული. ბრეზენტის ძველებური ლაბადა მოუსხამს და, წვერმოშვებულს, სვანური ქუდი დაუხურავს. ერთი შეხედვით, რიგით მოქალაქეს, უწყინარ მოხუცს გავს, თუმცა პროფესიონალი სამხედროა, საბჭოთა ჯარების ყოფილი ოფიცერი. . . 

* * * 

ფერმისგან 200-იოდე მეტრის მოშორებით სოფელს წმინდა ვასილისკოს წყარო ჩამოუდის. წყაროსთან ეგნატე კვიციანის სახლი დგას. ეგნატე სახლის წინ, ხიდთან ზის. `გეკო~ უჭირავს. ცნობილი მონადირეა. შინ შვილების დანატოვარი ავტომატები, ტყვია-წამლის მარაგი ეგულება. ეზოში, კაკლის ქვეშ, გაუქმებული წყალსაცავი შეუძლია, სანგრადაც გამოიყენოს. შორს, გუმისთის გადაღმა, რუსი `ბოევიკების~ პირველი ათეულები ფერდობებზე ეშვებიან. ნაღმსატყორცნების გუგუნი წყდება. გენერალ ლებედის სადესანტო-იერიშმიმტანი ბრიგადა თავდასხმისთვის ემზადება.  

 

ავტორი: შორენა ლებანიძე  

 

გაგრძელება ..