კამანი. დანაღმული ხიდი

* * * 

კამანის შუაგულში, პატარა გორაკზე, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიაა. სწორედ იმ დროს, როდესაც სოფლის განაპირას დენთის სუნი ტრიალებს, აქ საკმეველი იწვის. გარეთ სროლებია, აქ ლოცულობენ. ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ებრძვიან, აქ, საკურთხეველთან, მაცხოვრის ხატის წინ, აფხაზი იური ანუა და ქართველი მამა ანდრია გვერდიგვერდ ჩაჩოქილან. `მაკურთხე, მამაო,~ _ სთხოვს მოძღვარს იური ანუა. `დარწმუნებული ხარ, რომ უფალს თავი სრულიად მიანდე?~ `დარწმუნებული ვარ.~ `მაშ, არც ამქვეყნიური, არც მარადიული სატანჯველისა არ გეშინია?~ `არ მეშინია.~ `გინდა, უფრო ღირსეულად წარსდგე უზენაესის წინაშე?~ `მინდა, მამაო.~ `იყოს ნება ღვთისა. . .~ მამა ანდრიას მომცრო სათავსოდან სტიქარი გამოაქვს, ანუას აცმევს და იპოდიაკვნად აკურთხებს. ამ წუთიდან იური ანუა, რომელმაც საერო ცხოვრება მთლიანად კამანის წმინდა ადგილების მოვლა-პატრონობას მიუძღვნა, სასულიერო პირია. მან აღადგინა კამანის ეკლესია და წმინდა ვასილისკოს წამების ადგილი, სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კვლავ სოფელს დაუბრუნა იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი, იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილამდე აღმართა 1500-საფეხურიანი კიბე. . . იური ანუა ქველმოქმედია. მას სოფლისთვის კიდევ ბევრი რამის გაკეთება სურს, მაგრამ. . . სიცოცხლის ბოლომდე ძალიან ცოტა დრო რჩება. . . სულ რაღაც ათიოდე საათის შემდეგ ანუასა და მამა ანდრიას ბედი სამუდამოდ გადაეჯაჭვება ერთმანეთს. 27 წლის ბაღდათელმა მამა ანდრიამ, პაატა ყურაშვილმა, აფხაზეთის ომის მსვლელობისას დატოვა სხალთის მონასტერი, რომ კამანის ტაძარში დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი საღმრთო ლიტურგია აღესრულებინა. ერთხელ, როდესაც ფრონტისპირა სოფლის დატოვება ურჩიეს, მშვიდად გაიღიმა და თქვა: `განსაცდელი უფალმა სულის საცხოვნებლად მოგვივლინა. . . მხოლოდ ღვთის წმინდა ნებას ვემორჩილები. . .~ 

* * * 5 საათი და 20 წუთი. პირველი საგუშაგო. თენდება. წვიმს. სპეცდანიშნულების ბატალიონი სანაპირო ზოლისკენ მოიწევს. ის სოფელს ბრძოლის დაწყებას ყუმბარმტყორცნების გამაყრუებელი გრუხუნით ამცნობს. ხიდთან, სანგარში ჭურვი ფეთქდება. ადამ გვიჩიანი ძლიერ დარტყმასა და აუტანელ ტკივილს გრძნობს. მარჯვენა ფეხი არ ემორჩილება. ძვალი გადამსხვრეული აქვს. დაფლეთილი შარვლიდან სისხლი სდის. წუთით გონს კარგავს. მომდევნო ჭურვის ხმა აფხიზლებს. ვიღაც განწირულად ყვირის. ორ ზურას _ გიორხელიძესა და გურჩიანს _ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა. ეს პირველი მსხვერპლია. პირველი მსხვერპლია მოწინააღმდეგის მხარესაც. საგუშაგოდან გახსნილი ცეცხლი `ბოევიკების~ რამდენიმე ათეულს ანადგურებს, მაგრამ 5 კამანელის პირისპირ, ხიდის თავში, ახლა სხვა, უფრო რიცხვმრავალი შენაერთი დგას. ხიდი არ ფეთქდება. ჩანს, განაღმეს. 

 

ავტორი:შორენა ლებანიძე  

 

გაგრძელება...