* * *
6 საათი და 35 წუთი. მეორე საგუშაგო. საერთო საცხოვრებლიდან მოჩანს ადგილი, სადაც გუმისთა სოფლის გარშემო ნახევარრკალს ქმნის. მოჩანან ჯავშან-ჩაჩქანიანი ჯარისკაცებიც.
`დროა,~ _ საშა გამსახურდია სანაპიროდან გამოყვანილ მავთულებს დენის წყაროს უერთებს. ტყეში ჩამარხული ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო 5 ნაღმიდან 3 სკდება. რუხ-მოყავისფრო ბუღი და ცეცხლის ენები, დალეწილი ტოტები, მიწის გორახები, ადამიანები ერთმანეთში ირევიან. აფეთქების ტალღა `ბოევიკების~ პირველ მწკრივს ადგილზე ცელავს. მათი დამწვარი, დასახიჩრებული, დანაწევრებული გვამები მდინარის ზედაპირზე ტივტივებს. `ცეცხლი,~ _ ყვირის ჯიმშერ გადრანი. 9 ავტომატის მჭიდები ელვისებურად იცლება. `ბოევიკების~ მომდევნო მწკრივი უკან, ტყისკენ იხევს. `ტყვიამფრქვევის ჯერიც დადგა,~ _ ამბობს ჯიმშერი და წითელი კორპუსისკენ მიხოხავს. სხვებიც მიჰყვებიან. ჭურვების ნამსხვრევები სეტყვასავით ცვივა. თანმხლებთაგან ერთი იღუპება, მეორე საგუშაგოზე ბრუნდება. გადრანი კორპუსში შერბის. აი, აფხაზებისთვის წართმეული `დეშეკა~, 56-ვაზნიანი ლენტით. ჯიმშერი იარაღს ტენის და, სანამ ლულას სანაპიროსკენ მიმართავს, პირჯვარს იწერს: `ღმერთო, მაპატიე კაცის კვლა, თან დამეხმარე, რომ ყოველი მეორე ტყვია მაინც არ ავაცდინო სამიზნეს. . .~
* * *
8 საათი და 45 წუთი. პირველი საგუშაგო. `ალყაში ვართ. . . აბა, ყველანი ჩქარა შტაბისკენ!~ _ ბრძანებას გასცემს მარჯვენა ფეხში დაჭრილი ოცმეთაური, ადამ გვიჩიანი და თანამებრძოლებს, რომლებიც წამოყენებას უპირებენ, ხელით იშორებს, _ `წადით. . . სროლას არ შევწყვეტ. . . დაგიცავთ.~ `კი მაგრამ. . .~ `არავითარი მაგრამ. . . ყველანი მიდიხართ-მეთქი, გასაგებია?. . . მხოლოდ მე ვრჩები.~ თანამებრძოლები, ეკლესიის გავლით, სოფლის ცენტრისკენ გარბიან.
* * *
წმინდა ოქროპირის სახელობის ტაძარს მრევლი მისწყდომია. წინამძღვარი მამა ანდრია და იური ანუა ჭიშკარს აღებენ. ხალხი ეზოში, შემდეგ ტაძარში შერბის. `ყველაფერი ღვთის ნებაა, _ სიმშვიდეს ინარჩუნებს მამა ანდრია, _ ღმერთს არ მივუტოვებივართ. ეცადეთ, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიიღოთ ყველაზე მძიმე განსაცდელი.~
ავტორი: შორენა ლებანიძე