კამანი. ბოლო ზიარება

 

* * *  მეოთხე საგუშაგო. ფერმებთან, სანგარში, ეთერ ჩხეტიანის ორივე ვაჟი იღუპება. უმცროსი _ 15 წლის მერაბი _ ზუსტად ერთი თვის წინ, 5 ივნისის შეტაკებისას, მოკლეს. 

* * * მეხუთე საგუშაგო. წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ჩასაფრებული ეგნატე კვიციანი სნაიპერის სიზუსტით ისვრის. მისი საიმედო და მოხერხებული სამალავიდან მოწინააღმდეგის გუმისთისპირა, მოშიშვლებული პოზიციები ხელისგულივით მოჩანს. მიზანში ამოღებული ჯარისკაცები წყალში ცვივიან. `ეს ოცდამეერთე, . . ესეც ოცდამეორე,~ _ აზარტში შედის კვიციანი.

* * * შეტევა 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დილის 5-დან შუადღის 2-ის ნახევრამდე სადესანტო-იერიშმიმტანმა ბრიგადამ გუმისთის გადალახვა და სოფელში შეღწევა ვერ შეძლო. ეშერას მთაზე განლაგებული რუსულ-აფხაზური ბატალიონების სარდლობამ ალყის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მორიგი, უნაყოფო იერიშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა: მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი _ კამანი _ კბილებამდე შეიარაღებული, რიცხვმრავალი შენაერთებით საიმედოდ დაცულს ჰგავდა. . . ბრძოლის ბედი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოულოდნელად ქართველების მხრიდან გახსნილი ინტენსიური ცეცხლი კანტი-კუნტმა სროლებმა შეცვალა. . . რატომ? რა მოხდა კამანში? 

* * * 5 ივლისი, 13 საათი და 25 წუთი. შტაბი. მაიორი ზაზა პაკელიანი შრომას რაციით უკავშირდება და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავეს იმეორებს: `. . .ხალხი გაწყდა. . . 20-იოდე კაციღა დავრჩით. . . ტყვია-წამალი ილევა. . . წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევთ. . . სადაც არის, სოფელში შემოვლენ. . . ვიხოცებით. . . სასწრაფოდ გამოგზავნეთ დამხმარე ძალა, შეიარაღება, ტყვია-წამალი. . .~ კავშირი წყდება. ზაზას შუბლზე ოფლს ასხამს, ღელავს, სახეზე უიმედობა ეტყობა, შტაბის წევრებს მაინც მტკიცე ხმით მიმართავს: `გამაგრდით, ბიჭებო. . . დარწმუნებული ვარ, შევსება მოვა.~ 

* * * 13 საათი და 30 წუთი. პირველი საგუშაგო. თავსხმა წვიმაა. ხიდქვეშ, სანგარი წყლით ივსება. ადამ გვიჩიანი, რომელმაც სროლა ყუმბარმტყორცნით აფეთქების შემდეგღა შეწყვიტა, უგრძნობლად წევს. მოიერიშე ბრიგადა კამანში შედის. ბრძოლა უკვე სოფლის შუკებში, ლამის თითოეულ სახლთან მიმდინარეობს. 

* * * ტაძრის ეზოში ქალი შერბის. სამხედრო ფორმა აცვია. მდევარი გზას უღობავს. ქალი ხელიდან უსხლტება. ცდილობს, სამრეკლომდე მიაღწიოს. `მიშველეთ!~ _ გული ყელში ებჯინება. `ბოევიკების~ ფეხის ხმა და ქოშინი გარკვევით ესმის. სამრეკლოსთან ძალა ელევა. გრძნობს, სადაც არის, მკლავში სწვდებიან. . . `ოღონდ ტყვეობა არა. . .~ ქალი ჯიბიდან ხელყუმბარას იღებს. სანამ მდევრები გონს მოსვლას მოასწრებენ, ყუმბარა სკდება. აფეთქების ადგილას ხუთი გვამია: `ბოევიკების~ და. . . მერი პაკელიანის. 

* * * გამაყრუებელი გრუხუნი, წივილ-კივილი ტაძარშიც აღწევს. `მოემზადეთ ზიარებისთვის,~ _ მამა ანდრიას საკურთხევლიდან ბარძიმი გამოაქვს და თითოეული მლოცველისგან აღსარებას იბარებს. `ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია,~ _ კითხულობს იოანეს სახარებას იური ანუა. `ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო,~ _ ჩურჩულებს ანუას მეუღლე, ზოია ადამია. `მეშინია, წმინდა გიორგი, დაგვეხმარე,~ _ ცრემლმორეული იწერს პირჯვარს ანუას ქალიშვილი, მანანა. კარზე ბრახუნია, _ `გააღეთ!~ `ღმერთო, გვიშველე!~. . `გააღეთ!~ _ ბრძანებას ავტომატების ჯერი მოსდევს. ქვის იატაკს სარკმლიდან ზრიალით ჩამოცვენილი შუშის ნამსხვრევები ფარავს. ბრახუნი მეორდება. წუთიც და, მოშლილ საკეტს შემოლეწავენ. იური ანუა მამა ანდრიას უხმოდ შეჰყურებს. `გააღე,~ _ ნებას რთავს წინამძღვარი და ორივენი გასასვლელისკენ მიემართებიან. საკეტი იმტვრევა. მამა ანდრია მკერდზე მიკრული ღვთისმშობლის ხატით ცდილობს იარაღშემართული ბრბოს შეკავებას: `ოღონდ ხალხს ნუ ესვრით!~ `ხმა გაკმინდე!. . .~ _ ხატს ხელიდან გლეჯენ, გარეთ გაჰყავთ. გვამებით მოფენილ, სასაკლაოდ ქცეულ ეზოში ათიოდე `ბოევიკი~ ანუას გარს შემორტყმია. `ვინ ხარ?~ _ უბღავიან, _ `აფხაზი? მერე ქართველებთან რა გინდა? რაო? ძმები ვართო? რეებს ამბობ? . . .~ მამა ანდრიას ზურგში კონდახს ურტყამენ, _ `დაიჩოქე, დაიჩოქე მეთქი!~ მოძღვარი ლოცვას იწყებს. ტყვია კეფაში ხვდება, მაგრამ პირქვე კი არა, გულაღმა ეცემა. ტაძარში ვიღაც შერბის და გაჰყვირის, _ `თქვენი მოძღვარი მოკლეეეს. . .~ ჯარისკაცები კედლებს ცხრილავენ, იოანე ოქროპირის სარკოფაგს ძირს ანარცხებენ, ზედ ფეხით დგებიან, ლეწავენ: `განძი სად არის, თქვენი. . .~ სროლა-სროლით შერბიან სათავსოში. იქ მხოლოდ 12 მოხუცი ქალი და იური ანუას ცოლ-შვილია. . . 

* * * მეორე საგუშაგო. საერთო საცხოვრებელში ექვსნიღა დარჩნენ. გუნტერ გულედანი მოკლეს, მერი პაკელიანი ტაძარში უნდა იყოს, ჯიმშერ გადრანი _ შტაბში. შენობის სახურავს ცეცხლი ეკიდება. 27 წლის დათო გადრანი მეორე სართულზე ასვლას ამაოდ ცდილობს. კიბე იწვის. დანარჩენები ზემოთ არიან. გადრანი ფანჯრისკენ მიხოხავს. ფანჯრის წინ `ბოევიკთა~ ასეულია. `რა ვქნა?~ _ დათოს გონება გამალებით მუშაობს, _ `სროლა განვაგრძო? უკანასკნელი `რაჟოკი~ დავცალო? რა აზრი აქვს? სიკვდილი ან ტყვედ აყვანა არ ამცდება. . ,~ _ სამალავს ეძებს და უეცრად მისი დაძაბული მზერა ძველთაძველ, ნესტიან, ჩრჩილისგან დაჭმულ ლეიბებზე ჩერდება. . . მეორე სართულზე, ცოლ-ქმარი _ ლოლა გერლიანი და ანატოლი ჩაჩხიანი _ `არსენალის~ ნაშთს ამოწმებს. თითო-ოროლა ტყვია, რამდენიმე ხელყუმბარა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვიღა დარჩენიათ. იარაღს ძირს დებენ, ცეცხლმოდებული სარკმლიდან შენობისკენ მწყობრი ნაბიჯით დაძრულ `ბოევიკებს~ გაჰყურებენ, სდუმან. `გავიდეთ?~ _ გაუბედავად კითხულობს ანატოლი. `რას ამბობ?~ _ არ ეთანხმება ლოლა. გარეთ შეტევისწინა დაძაბული სიჩუმეა. შენობის ირგვლივ კედელივით აღმართული ასეული გადამწყვეტი თავდასხმისთვის ემზადება. 

 

ავტორი:შორენა ლებანიძე 

 

დასაწყისი ...