ახალდაბა "გაციებული აკვანი" - სიცოცხლის გზა -

 __გაციებული აკვანი__

გამოქცეული ხალხის ნაკადი შეყოვნდა. 

- სნაიპერი ისვრის! სნაიპერი ისვრის! _ დაიძახა ვიღაცამ. წინ წასვლა სარისკო იყო, უკან წასვლაც მეტი სარისკო... რეზო ლემონჯავამ შეაგულიანა ხალხი: 

- ნუ გეშინიათ! არხს გაუყევით! სნაიპერი ახალდაბელმა ვაჟკაცმა მოხსნა (პატარა გმირობამ დიდი საქმე გააკეთა) თორემ  სიტუაცია სატელევიზიო გადაცემის კადრებს ჰგავდა: ცხოველებს ნადირები რომ მისდევენ, ისინი მდინარეს  მიაწყდებიან გასაღწევად, იქ ნიანგები დაგლეჯენ მათ. 

სოფელში მტრის შემოსვლას დაჩის მხრიდან პოზიციებზე მურთაზი ხაინდრავა თექვსმეტი კაცით იცავდა.წყურგილისა და ბალანის რამბენიმე  ბიჭთან ერთად. სწორედ მათი თავგამოდებით არ მოხდა  გასასვლელის ჩაკეტვა და დიდი მსხვერპლი. 

- თქვენ აქ რას უცდით. ყველა გავიდა. სოფელი მტერმა დაიკავა - დაუყვირა ლადომ სახლში შეჯგუფებულებს.ზემო პოსტზე გია და შამუგიას ბიჭები რომ დგანან დაუძახეთ თორემ ჩარჩებიან, იჩქარეთ!  

ამ დროს ტანკმაც გრუხუნით შემოუხვია, გაისროლა და ქუჩაში მდგარი სატვირთო მანქანა  "მაზი" გააპო. 

- საით წავიდეთ?! იძახდნენ სასოწარკვეთილი ქალები.  

- ზაური არაბიძის  ეზოსთან არხში გადადით! 

ახალგაზრდა დედამ _ მაია ხაინდრავამ აკვანი ხელში აიტაცა. "არა,ამას არხში ვერ გავიტან"  გაიფიქრა და არტახების შეხსნა დაიწყო. რძალ-დედამთილმა ბავშვი  _ ლანა აკვნიდან თითქმის ამოგლიჯეს. ტყვიები უკვე რკინის ჭიშკარს წუილით ასკდებოდა. იმსხვრეოდა ფანჯრის მინები. სოფელი ცეცხლში გახვეულიყო. ეს ბოლო ოჯახიც თბილ კერას გასცილდა. თბილი აკვანი ნელ-ნელა გაცივდა.  

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე  

 

გაგრძელება