__უკანასკნელი გემი__
სოხუმში, თავდაცვის შტაბში ახალდაბელთათვის გემები „დიდი მოწიწებით არავის მოურთმევია“ . ამ საკითხზე საუბარი ბატონ გენო ადამიასთან გაძნელდა. შემდეგ გია ყარყარაშვილს ეახლნენ: ოთარი მუშკუდიანი, ჯეირან ხაინდრავა, გენადი კირთაძე და სხვები. საქმე უკეთესად წარიმართა. ყარყარაშვილის ბრძანებით გენერალმა ადამიამ ორი კატარღა _ პატარა გემი, ტანსაცმელი და პროდუქტი გამოჰყო. ხოლო გემებისათვის დიზელის საწვავის პრობლემა ნოდარ ოთხოზორიას სიძის დახმარებით მოგვარდა(ლამის მეკობრულად წამოყვანილი ორი გემიდან ერთი შეცდომით თუ გამიზნულად სოხუმის პორტში დაბრუნდა).
-ამ გემს აქ რა უნდა ბიჭო?! ან შენ რა გინდა აქ? _ მკაცრად იკითხა ოცმეთაურმა ჯეირან ხაინდრავამ _ ამ გემმა მოსახლეობა უნდა წაიყვანოს მშვიდობიან ქალაქში. ახლავე წადით კინდღისაკენ! პირადად შენ უხელმძღვანელებ! _ დაავალა დიდიკო მირცხულავას.
პირველმა გემმა 700-მდე ადამიანი წაიყვანა ფოთში. მეორე გემის დატვირთვა ძალიან გაჭირდა. ნავსაყუდელის არ არსებობის გამო ხალხი ორი ნავით მიჰყავდათ გემამდე. როდესაც დასაშვებ ნორმაზე მეტად დაიტვირთა გემი საცაა ზღვის ფსკერზე დაედებოდა "ვინტით", მერე ვერც დაიძრებოდა ადგილიდან. მიუხედავად გამოცხადებისა, რომ ნავებში უპირველესად ქალები და ბავშვები ჩამსხდარიყვნენ, არავინ უთმობდა სხვას რიოგითობას. ყველა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა. ნავს ხელიდან ხელში ართმევდნენ, ვინც კი ნიჩბებს დაიტაცებდა ხოლმე. სიტუაცია უმართავი გახდა. მძიმე და ამაზრზენი სურათი დატრიალდა, ნავი გადაბრუნდა. გოჩა ჩაკვეტაძის და ჯემალი ხალიანის ბავშვები წყალში იხრჩობოდნენ... ზღვაში შევარდა გია ჩაკვეტაძე. მერე მეზობლებიც მიეშველნენ და ძლივს გადაარჩინეს. თითქოს ზღვამ ადამიანების უწესრიგობა იწყინა. ტალღები ააბობოქრა, თანაც წვიმა და ქარი გაძლიერდა. ხალხი პანიკამ მოიცვა. გემმა გასვლის საყვირი მისცა. დევნილთა ნაწილი წაიყვანა. დარჩენილები პანსიონატის ნესტიან სარდაფებს დაუბრუნდნენ. გემი ღამით ოჩამჩირის პორტს მიადგა.
ნაწყვეტი წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები.
ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე