ანჟელამ თავისი სიტყვა შეასრულა. მან რამდენიმე წუთში მოიყვანა როზიტას ბიძაშვილის მანქანა.
- წავიდეთ! - უთხრა შიშით შეპყრობილმა ქალიშვილმა და როზიტას მკლავზე მოჰკიდა ხელი. - მეტი აღარ შემიძლია ძალა გამომელია!
- ჩქარა ახლა, როზიტა, თორემ ყოველ წუთს შეუძლია გადაწყვიტოს შენი ბიჭის ბედი. - მანქანიდან უყვირა ბიძაშვილმა. იგი სპორტული აღნაგობის, შავგვრემანი ოცი-ოცდაორი წლისა თუ იქნებოდა, მეტის არა. - სად გინდა რომ წაიყვანო? - ჰკითხა მან უცებ და მაქანა დაძრა.
- დეიდაჩემთან...
- შენ რა, გაგიჟდი?
- ხომ გითხარი, რომ ეს საშიშია-მეთქი? - ამოიკნავლა ანჟელამ.
- მე მგონი, უკეთესი იქნება, შენი ბიჭი გადავმალოთ უფრო საიმედო ადგილას ვიდრე იმ კაზაჩკას ჩავუგდოთ ხელში...
- არა, რამო, დეიდაჩემთან წაგვიყვანე... - შეევედრა როზიტა ბიძაშვილს.
- წაიყვანე რამო, წაიყვანე... - უყვირა ანჟელამ, - შენ რა გენაღვლება? შენ ხომ არ დაგაპუტავენ თმებს...
- კარგი, ნუ აშინებ, მეც თქვენთან ერთად ვიქნები! ვერავინ შეგვაჩერებს! - აფხაზმა ჭაბუკმა მანქანა დაძრა და გეზი განთიადისკენ აიღო. გაგრის საგუშაგოსთან პატრულმა შეაჩერა. საგუშაგოს წინ რაღაც ხმაური ატყდა. ვიღაც ხმამაღლა ბრძანებას იძლეოდა, იარაღს აჟღარუნებდნენ. ერთმა ოფიცერმა მანქანაში შემოყო თავი. როზიტამ მაშინვე უპასუხა, მედიცინის დები ვართ, მძიმედ დაჭრილი მებრძოლი მიგვყავს მახლობელ საავადმყოფოშიო. ისინი გაუშვეს.
ცოტა ხნის ქროლვის შემდეგ აფხაზმა ბიჭმა მანქანა ორსართულიანი კერძო სახლის წინ შეაჩერა.
როზიტა თავის დეიდის სახლში მარტო შევიდა.
- შენს თავს რაღაც ამბავია... რაიმე ხომ არ მომხდარა?.. - უთხრა შუახნის, სიმპათიური შესახედაობის ქალმა დისშვილს და გამომცდელი მზერა მიაპყრო.
როზიტამ დაუფარავად უამბო ყველაფერი ქართველ ტყვე ბიჭზე.
- იქაა? - და ხელი იქითკენ გაიშვირა სადაც ტყვე ბიჭი ეგულებოდა.
- ჰო!
- თქვენ ომის დაწყების შემდეგაც ხვდებოდით ერთმანეთს?
- კი.
- და შენ?..
- ჰო... დეიდა, ასე რად მიყურებ?
- აბა, როგორ უნდა გიყურო, ასეთი განცხადების შემდეგ?
ქალიშვილმა თავი ჩაქინდრა.
- შენ ამბობ, რომ ის ბიჭი...
- იგი ჩემი ქმარია... მე მას ვეკუთვნი და... დეიდა ასე ნუ მიყურებ. შიშისაგან ერთიანად მაკანკალებს...
- როცა ფეხებს უშლიდი, მაშინ არ გაკანკალებდა?..
- ნუ დამწყევლი, დეიდა!
- შენ თავად დაიწყევლე თავი.
- ვიცი, რომ დანაშაული ჩავიდინე... მაგრამ ახლა რა დროს ეგაა, დამეხმარე!..
- კარგი! ყველაფერში დამიჯერე და დაგეხმარები... მითხარი სად გყავს გადამალული?
- აქ...
- ის ბიჭი აქ არის, ჩემს სახლში?! -იჭივლა ქალმა. - როგორ ფიქრობ, მამაშენი ქართველ ბიჭზე გათხოვების უფლებას მოგცემს?
- რა თქმა უნდა, არა მაგრამ მე ახლა გათხოვებას სულაც არ ვაპირებ დეიდა.
- აბა, რა ჯანდაბას აპირებ? - წამოიკივლა ქალმა.
- ის დაჭრილია... მკურნალობა სჭირდება... ცოტა ხნით მაინც შეიფარე, დეიდა... - და ატირებული გოგონა ფეხებში ჩაუვარდა, სახეშეშლილ ქალს.
დაძაბული სიჩუმე მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა.
- რა დაუჯერებელი ხარ, ჩემო სულელო ბავშვო, - უთხრა განაწყენებულმა ქალმა და ასლუკუნებული დისშვილი გულში ჩაიკრა. - დაგეხმარები, აბა, რას ვიზამ, მაგრამ მამაშენმა თუ გაგვიგო ორივეს მიგვასიკვდილებს, იცოდე!.. წადი ახლა და შემოიყვანე შენი ტყვე.