ვაშირენს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!

26 აგვ 2018

ნაწილი - II 

მე  "ბედნიერი ტანჯული" ვარ. ბედნიერი, რადგან აფხაზეთში მეღირსა დაბადება, ამ ღვთიურმა მხარემ აღმზარდა, გამომაყოლა სამყაროს ბილიკებზე სავალი მადლი,მაზიარა ყველაფერს ამაღლებულს. ტანჯული კი იმიტომ,რომ დავდივარ ქართული ცის ქვეშ და სამშობლოში სამშობლოს ვეძებ, უსამშობლოო ადამიანის განცდა მტანჯავს. 

აფხაზო, ეგ ადგილები შენთვის მხოლოდ ჩვეულებრივი საცხოვრისია, მაგრამ ჩემთვის საკრალური სიწმინდეა, ნაკრძალია, "ჩემი საკუთარი ემბაზია", ადგილი, რომელმაც აღმზარდა, ფიქრისა და ოცნების უნარი მასწავლა. მამა მმოძღვრავდა მუდამ, საქართველოსთვის აზროვნებას მასწავლიდა. მას ყოველთვის მესამშობლე კაცად ვთვლიდი. ამის ბრწყინვალე მაგალითი თვითონ მომცა. 4 წელი იბრძოდა  დიდ სამამულო ომში. გერმანიაში ტყვედყოფნის  ტკივილიც გაიარა და პარტიზანული განსაცდელიც. ამერიკელები მოუხიბლავს მოხერხებულობითა და გამბედაობით. ომის დამთავრების შემგედ თან წაყვანა შეუთავაზებიათ. ყველა პირობას შეგიქმნით, დიდ წარმატებას მიაღწევო. უარი უთქვამს, ჩემი სიცოცხლის უმთავრესი პირობა აფხაზეთია, ვერ ვუღალატებო. ხშირად მარიგებდა, ამ მიწის გარეთ ბედნიერების ძებნის უფლება არა გაქვსო. 

ეს მოგონებები მანდ მაქვს შენახული, აქ როგორც არ უნდა გავიხსენო, არც ფერი ექნება და არც სურნელი. მე მაგ კედლებში მწვრთნიდა მამის ავტორიტეტი. იგივე უნდა გამეკეთებინა ჩემი შვილების მიმართ, მაგრამ ვეღარ გადავეცი ბაბუის ხელწერა. ვეღარ შემოვისხი დიდ ბუხართან საბაასოდ, აღარ  მიმიშვით, უგულოდ მომიჯარეთ კარი. ორ ათეულ წელზე მეტი ამომიგდეთ სიცოცხლის სივრციდან. 

სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ ჩვენი სახლ-კარის მფლობელნი არ გახდით. ძვირფასი სამარეებიც დაგვიტყვევეთ. იქნებ წუთით დაფიქრდეთ მათ ბედზე.ქართველებს მუდამ წესად გვქონდა წინაპართა განსასვენებლის პატივისცემა,თქვენ კი ამის საშუალება წაგვართვით. მამაჩემის საფლავი ნარ-ეკალს გადაუძოვია, იქიდან იმზირება მისი სევდიანი სული, თითქოს შველას მთხოვდეს, ერთი სანთლის დანთებას. 

ბუნებრივია, ეს ომი თქვენთვისაც სასტიკი იყო, დიდი ტკივილი დაგიტოვათ, მაგრამ საკუთარი სახლებიდან არავის აუყრიხართ, დროებით გადაადგილებულები არ დაგირქმევიათ, უარესი - "ლტოლვილით" არ მოუმართავს არავის. ჩვენ ორმაგად ვიტანჯებით, აღარც ფუძე-კარი გვაქვს და აღარც აფხაზეთი, საქართველოს უღვთოდ ჩამოხლეჩილი ულამაზესი ნაწილი. ამის გადატანა არცთუ ისე იოლია, ეს სამარადჟამო იარაა. 

აფხაზო! თქვენც კარგად იცით ისტორია, ვისი რა არის, ესეც ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ოდითგან მშვიდად, მეგობრულად გვიცხოვრია, ერთმანეთის ქალი გვითხოვია რძლად, ვაჟი სიძედ მიგვიღია, ჭერი და ფუძე დაგვილოცავს, გვიმღერია, ქვეყანა გვიშენებია.ქართველი ის ერია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სითბოთი, სიყვარულით,სტუმრის დახვედრით, უცხოს პატივისცემით. ეს თქვენც გამოსცადეთ. ხშირად მიფიქრია, ჩვენს თვზე დატრიალებული უბედურების მიზეზი ვინაა, თქვენ, ჩვენ თუ მესამე, თავისი ინტერესებისთვის, ამბიციებისთვის რომ შეგვაჯახა ერთმანეთს, მტრებად რომ გვაქცია, ცოდვა რომ ჩაგვადენინა. ის რაც მოხდა, ნამდვილად არ ეკადრება არც შენი და არც ჩემი ერის კულტურას. ოც წელზე მეტია, სხვას ვთხოვთ ჩვენი ჩატეხილი ხიდის გამთელებას. ვრწმუნდებით, რომ მსოფლიოს ვერც ერთი  პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ მიგვიყვანს ერთმანეთის გულებამდე. 

ავტორი მურმან კვარაცხელია 

გაგრძელება იქნება