ნაწილი - IV
შენს ტკივილს ჩემზე უკეთ ვერავინ გაიგებს, აფხაზო, რადგან ორივე "სიმცირეს მივსტიროდით მუდამ". პატარა ერი დიდის კალთას შეფარებული ყოველთვის თავისუფლებას იქნება მონატრებული, რადგან, სამწუხაროდ, სხვისი "საძოვარი" ხდება. ვგონებ, ეს უკვე გამოსცადეთ. საკუთარი თავის "ჩვენად ყუდნების" მადლი ქართველებისთვისაც კარგადაა ცნობილი და ამიტომაც მუდმივად ბრძოლის ქარცეცხლში ვიყავით.ჩვენი ბედი არც ახლაა დალხინებული.
საბედნიეროდ, მსოფლიო ისტორიას ახსოვს, დიდ ქვეყნებს შორის როგორ შეცვლილა მტრობა და სისხლისღვრა მეგობრობით. ეს ადამიანური კულტურის უმაღლესი ფენომენია.ჩვენ ვალდებულნი ვართ, ორივე ერმა გავიმარჯვოთ შურისძიებასა და სიძულვილზე, დავდგეთ ბოროტებაზე მაღლა, ერთმანეთს მიტევების ხელი გავუწოდოთ, რაც დაინგრა, სიყვარულით ავაშენოთ. მე მზად ვარ გადმოვდგა ეს ნაბიჯი, შენც უნდა იფიქრო ამაზე. ეს ორივესთვის უფლისმიერი ვალდებულებაა, მომავალი არ გვაპატიებს სხვალაირად მოქმედებას, რადგან ჩვენ ერთი დიდი კულტურის შვილები ვართ.
აფხაზო, ჩვენ მშვიდობა გვაქვს გადასარჩენი, ორივე ერის სულიერი სიკეთე გვაქვს პატივსაცემი, დაღვრილი ცრემლი გვაქვს მოსაწმენდი, ძვირფასი ადათ-წესები გვაქვს მოსაფიქრებელი, "ურაიდა" გვაქვს ერთად სამღერი, აფხაზეთის სევდიანი ცა გვაქვს გასაღიმებელი, ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს ნუ გავიმეტებთ ომის ტბორისთვის.
ძმებს შორის ყოველთვის ყოფილა, არის და იქნება უთანხმოება, წყენა, სიავკცე, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ საბოლოოდ ერთმანეთი. მუდამ მოუნახავთ გზა ურთიერთობის გამოსწორებისთვის.
ჩვენს შორის არცერთი არაა გამარჯვებული, ახლა ორივე დამარცხებული ვართ.
ორივე რიცხობრივად პატარა ერი ვართ. ნურავის მივცემთ ჩვენი ზნეობრივი და სულიერი განადგურების უფლებას. პირიქით, ერთმანეთთან დგომით უნდა გავძლიერდეთ. ჩვენნაირ ძმობას თქვენ ვერავინ გაგიწევთ, დახმარების ხელს ჩვენნაირად ვერავინ გამოგიწოდებთ.
უქართველებო აფხაზეთი კი მუდამ მადლდაკარგული იქნება. მისთვის სიკეთის მომტანი მხოლოდ ჩვენი თანაარსებობაა. მოვალენი ვართ, ნდობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს, სიყვარულითა და კეთილშობილებით ვიბრძოლოთ ნამდვილი გამარჯვებისთვის, ორივე ერის გადარჩენისთვის, მომავლის ღიმილისთვის, წარმატებული ურთიერთობისთვის.
ოცდამეერთე საუკუნის დაძაბულ მსოფლიოს უნდა მივცეთ ცივილიზებული, მშვიდობიანი, მაღალზნეობრივი, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ჰარმონიული თანაარსებობის საუკეთესო მაგალითი. ჩვენ გვაქვს ამის ძალა, მადლი, ნიჭი. "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია".
მეგრულ ენაში ერთი ასეთი სიტყვა გვაქვს - "ვაშინერს", რომელიც ჩვეულებრივ აკრძალვას,ტაბუს არ ნიშნავს. მას ღვთიური უარყოფის ძალა აქვს. "ვაშინერს"! - იტყვის კოლხი კაცი და მას იქით ვეღარ გადააბიჯებს, ვერ მიისაკუთრებს, ვერ მიიტაცებს, აუგიანი გრძნობით სავსე ხელს არ შეახებს. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის საქართველოში, ბევრმა იცის და მოსწონს კიდეც, რადგან თითოეული სიტყვა ხომ თავის ენერგიას დაატარებს და ამ ძალით მკვიდრდება ჩვენში.
დაფიქრდი, ერთ დროს კეთილო მეზობელო, მეგობარო, მოყვარევ, ახლა ჩემს ეზო-კარში მცხოვრებო, ეგ ყველაფერი ჩემი წილი და ხვედრია, ჩემი წარსული და მომავალია, ჩემი სიხარულისა და მადლის აკვანია, დიდი ბაბუის მიერ დალოცვილი ფუძეა... არა გაქვს უფლება წამართვა, მომწყვიტო, მისი მზერა და მოფერება ამიკრძლო.
ვაშინერს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!