ხალხური სიმღერა მუდამ იყო ქართველი კაცის თანამგზავრი.ის სიმღერით შრომობდა, ლხინში მოქეიფეებს სუფრული სიმღერით ატკბობდა და ომში საგმირო სიმღერით მიდიოდა.
შრომისა და სუფრული სიმღერების შესანიშნავი შემსრულებლების მომრავლებასთან ერთად,სოფელში მომღერალთა გუნდის შექმნის იდეა დაიბადა და არსენა ხარჩილავას თაოსნობით ჩამოყალიბდა მომღერალთა პირველი გუნდი მარკოზ თორდიას ხელმძღვანელობით.წამყვანი მომღერლები იყვნენ პავლე გელანტია, ცოცო მანია, კაი შელია,სარდიონ კვარაცხელია,ძმები - ჯოტო და ილიკო ჯიჯელავები და სხვა. ამ გუნდს შემდგომ პავლე გელანტია ხელმძღვანელობდა. სამამულო ომის დაწყებიდან გუნდმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
ომის შემდგომ წლებში ტრიფო კვარაცხელიას ინიციატივით ჩამოყალიბდა კოჩარის სიმღერისა და ცეკვის განახლებული თვითმოქმედი ანსამბლი, იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი ლოტბარის - იორდანე ჯიჯელავას ხელმძღვანელობით.
სხვადასხვა დროს ანსამბლის ქორეოგრაფები იყვნენ ქსენია გოგოხია, აბესალომ გოგოლიშვილი და გივი ვაშაკიძე. ანსამბლის პროფესიონალურ დონეზე ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ კომპოზიტორები - შოთა მილორავა და ვეზდენ ოკუჯავა.
კულტურის სახლთან არსებობდა აგრეთვე ინსტრუმენტალური ანსამბლი "ნანინა", რომელსაც უნარიანად ხელმძღვანელობდა გამოცდილი მუსიკოსი - კომპოზიტორი ზაურ მონიავა. ანსამბლი ხშირად მართავდა კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.ხშირად ყოფილა გამარჯვებული ოლიმპიადებზე და კონკურსებზე.
ანსამბლს ამშვენებდა ბრწყინვალე შემსრულებლები: ცორო სამუშია,ზაირა ლომიძე, რაია ფიფია, ამირან გოგუა, ინდიკო მონიავა, მურმან წაბრია, კულტურის სახლის დირექტორი თამაზ ფიფია. ქეთო ხულორდავა, ბათა მიბჩუანი, რაისა ჩაბალახი, ბათა გიგანი, ვახტანგ ლიპარტია, გელა მარგიანი.
ეფექტურად მუშაობდა სოფლის მუსიკალური სასწავლებელი. ამ სკოლის მოსწავლეები ხშირად მართავდნენ საზეიმო კონცერტებს კოჩარელ მაყურებელთა წინაშე.
კულტურის სახლთან ფუნქციონირებდა ქორეოგრაფიული სტუდია, სადაც სოფლის მოზარდები ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეუფლებოდნენ.
სულმნათი ვარლამ პაპავას თაოსნობით და დაუღალავი შრომით სოფლის კულტურის სახლში მოწყობილი იყო სოფლის ისტორიის მუზეუმი.
ამონარიდი ხუტა ვეკუას წიგნიდან კოჩარა და კოჩარელები