ახალიათონი

ახალი ათონი (აფხ. Афон Ҿыц) — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფსირცხა.

ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.). ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. სოხუმიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ახალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.).

ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი  – ახალი ათონის მღვიმე, მსოფლიოს უგრძესი მღვიმე მღვიმურ სისტემათა  შორის. იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს.

ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა  ციტრუსების და ყურძნის მეურნეობები.

ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა .