ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ. ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.
ოჩამჩირე შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დასახლებულია ძვ.წ. აღ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ.წ. IV ს) ,,პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქალაქ გიენოსთან. ფსევდოსკილაკ კარიანდელი გიენოსს, როგორც ელინურ ქალაქს ისე იხსენიებს. დასახლება განსაკუთრებით ვითარდება ძვ.წ. IV-V საუკუნეებში. ანტიკურ ხანაში ( ძვ.წ. IV-Vსს) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უძველეს ცენტრებთან და საგარეო ვაჭრობას აწარმოებდა მცირე აზიის ქვეყნებთან, გამორჩეულად სინოპთან. ძვ.წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა. მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებას და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V).
1855 წელს წარმოადგენდა ვრცელ, მაგრამ ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტს. ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, რუსები და თურქები. აქ მდებარეობდა აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის რეზიდენცია, ხოლო ოჩამჩირიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა მისი სანადირო ნაკრძალი. ოჩამჩირე ქალაქად 1926 წლიდან გამოცხადდა.1991 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 20,6 ათას სულს.
ოჩამჩირის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ:
ოჩამჩირის რაიონში, 1992 წლის მონაცემებით, მრავალი სამრეწველო საწარმო მოქმედებდა, მათ შორის:
მოქვის ზეთის ექსტრაქტების, ტამიშის ეთერზეთების, სკურჩის არამადნეული მასალების, საკონსერვო და კომბინირებული საკვების ქარხნები, ასფალტისა და ბეტონის ოთხი ქარხანა; 3 მეფრინველეობის ფაბრიკა (ოჩამჩირის, ილორის, კინდღის); 7 ჩაის ფაბრიკა; თევზსაშენი, ჩაის, ციტრუსების, სატყეო მეურნეობები, კინდღის, მოქვის და ოხურეის თერმული წყლების საბადოები, რამაც აქ მძლავრი სასათბურე მეურნეობების მშენებლობა განაპირობა; გარდა ამისა, ტამიშში სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მაიმუნთსაშენი მეურნეობა იყო განთავსებული.