გულრიფში

გულრიფში (აფხ. Гәылрыҧшь; 1975 წლამდე ქვემო გულრიფში) — დაბა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 20 მ, სოხუმიდან 13 კმ, თბილისიდან 431 კმ. 2007 წლის აღწერის მონაცემებით გულრიფშის მოსახლეობა 8 014 ადამიანს შეადგენდა.

გულრიფში ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 6,2°C, ივლისის 22,9°C; აბსოლუტურ მინიმალური –12°C, აბსოლუტურ მაქსიმალური 41°C. ზღვის ბრიზები რამდენადმე ანელებს ზაფხულის სიცხეს. ნალექები 1410 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში.

დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები. სამკურნალო საშუალება — კლიმატოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა. სეზონი — მთელი წელი. 1991 წელს გულრიფში იყო სახლთსაშენი კომბინატი, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო, საბავშვო ბაღები, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლები, სუბტროპიკული კულტურების სოხუმის საცდელი სადგური, საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური და სხვა.