"ჩემი საწილო ტყვია, საწოლშიც მომაგნებსო, - უთხრა დედას, რომელიც ემუდარებოდა, დარჩენილიყო სახლში და არ დაეტოვებინა თავისი პაწაწუნა ტყუპები განსაცდელში; ფეხაკრეფით შევიდა ოთახში, მძინარე ტყუპებს, 6 თვის ნიკას და ლიკას ფრთხილად ეამბორა, - ნუ გეშინიათ, თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებ! სასთუმალთან სათამაშო დაუდო და ღიმილით დატოვა ოთახი. განა შეეძლო, ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილ ნიკა (დუდული) კვარაცხელიას, ნიკოლოზ კვარაცხელიას შვილიშვილს შინ დარჩენა, როცა სამშობლო განსაცდელში იყო?!...
ნიკას და ნონას ქორწილი, ბოლო ქორწილი იყო განახლებაში...ერთ თვეში ომი დაიწყო, ნიკამ იარაღი აიღო ხელში, შექმნა რაზმი, შემოიკრიბა თანამოაზრე ვაჟკაცები და ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში... ბოლო ქორწილი და ბოლო ქელეხი (ამ დღის შემდეგ გარდაცვლილთათვის, ქელეხი კი არა დამარხვა გახდა სანატრელი)... ნიკა (დუდული) კვარაცხელია 1993 წლის 16 სექტემბერს, გუმისთაში საომარი მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა, მასთან ერთად იყო კობა ჭოხონელიძე და გელა კვარაცხელია... გელა მძიმედ დაიჭრა... ნიკა და კობა ზეციური საქართველოს მხედრობას შეუერთდნენ. ქალბატონ ნონას, ნიკამ ტყუპები დაუტოვა. ტყუპებს კი ეს მამის ნაყიდი სათამაშო „სურვილების კაცუნა“ დარჩათ სახსოვრად, რომელსაც სათუთად ინახავენ მამის ხსოვნის უკვდავსაყოფად.