-რა დაგრჩა აფხაზეთში?
-სახლ-კარი,ქონება.
-ყველაზე მეტად რა გენატრება?
-ჩემი სახლი აფხაზეთში.
-ყველაზე დაცულად სად გრძნობდი თავს?
-ჩემს სახლში.
-ყველაზე ტბილი და სანუკვარი ადგილი?
-ჩემი კერა.ჩემი ოდაბადე.
ყველა ამ შეკითხვაზე მე ერთი პასუხი მაქვს
- სასაფლაო.
***
-ლექსი ხომ იცი?
-...თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
ჩანთის სამხრეები დამიმოკლა და მაკოცა... (1983 წლის 1 სექტემბერი. ჩემს მეხსიერებას შემორჩენილი ბოლო ურთიერთობა მამასთან)
უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა... სისხამი დილა იყო... წამოვხტი
-სკოლაში არ დამაგვიანდეს!
-ჯერ ძალიან ადრეა, დაწექი დაიძინე -მითხრა ბიცოლამ,რომელიც ოთახში ბოლთას სცემდა ხელში 1 წლის ბიჭუნა ეჭირა(იმ ღამით ავღნიშნეთ მისი დაბადების დღე).არ გამომეპარა მის ხმაში ნაღველი და თვალებზე ცრემლი,ნიკაპიც უთრთოდა.
-ბავშვი ხომ არ არის ავად? - მივვარდი პატარას და შუბლზე ხელი მივადე.
მანანა ბიცოლა აქვითინდა...ამასობაში უჩვეულო ხმაურიდან მოთქმა-გოდების ხმა გამოიკვეთა.აკანკალებულმა ჩავიცვი თუ ბიცოლამ ჩამაცვა არ მახსოვს,არც ის მახსოვს კიბეებზე ვინ ჩამომიყვანა... მისაღები ოთახის კარები ღია იყო, შევედი... ყველა გაჩუმდა,მხოლოდ თავშეკავებული, მოგუდული ხავილი და გმინვა ისმოდა... შუა ოთახში ჩემს მამიკოს ეძინა.
პირველი რაც ვიკითხე: რატომ ეძინა მამიკოს ასეთ უადგილო ადგილას? - პასუხი მოგუდული ხავილი იყო.კითხვით სავსე მზერა მივაპყარი ჩემს დას,რომელიც დამუნჯებული იყო და არაამქვეყნიური მზერა ჰქონდა.იმდენად უცნაური და გაქვავებული იყო მისი სახე,რომ შეკითხვა ვერ გავბედე,მის გვერდით მეზობელი ნანუა დეიდა იჯდა...ახლა იმას მივუბრუნდი - თქვენ აქ რატომ ხართ ასე დილაადრიან? -ნანუა დეიდამ თავი ვეღარ შეიკავა და ამოიკივლა,ამას დედას კივილი მოჰყვა,ოღონდ დედას სახე იმ მომენტში არ მახსოვს, არც არავისი სახე...კანკალმა ამიტანა...ვიღაცამ პლედი მომახვია... ნანუა დეიდამ ჩამიხუტა...
შემდეგ ჩვენი კარის მეზობელთან, ნანასთან ვიყავი მთელი დღე. ჩემს შეკითხვებზე თვალზე ცრემლი ადგებოდა,პასუხს თავს არიდებდა და ჩემი ყურადღება ნახატებზე გადაჰქონდა.
იმ საღამოსვე ვახტანგი ბიძია ჩამოვიდა ოჯახით თბილისიდან, ამ ბავშვის აქ ყოფნა არ შეიძლებაო...წამიყვანა მაჭარკაში ოთარი ბიძიასთან. რამდენიმე დღე იქ ვიყავი.კარგად გავერთე ბიძაშვილებთან. პიანინოზე ვუკრავდი,ვმღეროდი...შემდეგ როცა სახლში დავბრუნდი აღფრთოვანებულმა მოვუყევი ჩემს ძმას ჩემი გართობის შესახებ,მან მისაყვედურა და ამიხსნა,რომ ჩვენ მგლოვიარე ვიყავით და არ შეიძლებოდა მხიარულება, სიმღერა და დაკვრა._ მე ძალიან შემრცხვა...
გასვენების დღეს ბევრი ხალხი ირეოდა,მამის ცხედართან მისვლა მინდოდა და ხალხში გავძვერი...ერთმა ქალბატონმა ისე უხეშად ჩამბღუჯა ხელი,დამიყვირა და დამტუქსა აქ რას დაძვრებიო... ისეთი მრისხანე მზერით ავხედე...გვერდით მდგომმა უთხრა ეს სვეტა არისო...უიო, ტირილისგან სახე მოეპრანჭა... ხელი გამიშვა... (ჭუბერიდან იყო ის ქალბატონი, მადლობა ღმერთს არ ვიცნობ). როგორც იქნა გავარღვიე ხალხის ტალღა,დედამ დამინახა და დაატირა დღეს სვეტას დაბადების დღეაო... 7 წლისამ ჩავიცვი პირველი სამგლოვიარო სამოსი (ჩემი თეთრი ზედა და თმის ბაფთა სპეციალურად შევაღებინე შავად).
***
აწ გარდაცვლილი ომერი ქარდავა, ჩემი ნათლიის ძმა აცხონოს ღმერთმა,ალბათ ხშირად შესწრებია ჩემს საუბარს მამის „პამიატნიკთან“. სასაფლაოს გვერდით ნაკვეთში მუშაობდა ხოლმე. მე აზარტში შესული თანაც საკმაოდ ხმამაღალი ტემბრის მქონე, ვერ ვამჩნევდი ირგვლივ ვერავის.მისი ჩემს მიმართ განსაკუთრებულად გულთბილი დამოკიდებულებით ვხვდები, რომ მის თვალს და ყურს არ გამოეპარებოდა ეს ამბავი. ომერი მამას მეგობარი იყო და მესაფლავეც.
მთავარი გზიდან დაახლოებით 700 მეტრში იყო სასაფლაო,სკოლიდან მომავალი შევივლიდი,გადავხედავდი,დავასუფთავებდი(დედას ისე ჰქონდა გაკეთებული,რომ ბალახი არ ამოდიოდა), ვემუსაიფებოდი, ვეტიტინებოდი.ის ერთადერთი იყო ვისაც ჩემი ბევრი ლაპარაკი არ აწუხებდა და არ მაჩუმებდა.დუმილი თანხმობის ნიშანიაო და ყველაფერზე მეთანხმებოდა.ზოგს სასაფლაოზე ეშინია,მე კი იქ ყველაზე დაცულად ვგრძნობდი თავს.უმცროსი ვარ ოჯახში და შესაბამისად ბევრი უფროსი მყავდა.არამარტო ოჯახის წევრები... ჩვენი სახლი მუდამ სტუმრიანი იყო და სტუმარი ნათესავებიც ჩემზე უფროსობდნენ...მუდმივად დატუქსვის და შენიშვნის რეჟიმში ვყავდი ყველას...თითქოს ის არ კმაროდა,რომ უმკაცრესად მზრდიდნენ დედა და ძმები.ამ ყველაფრის ფსიქოლოგი ჩემი მამიკო იყო.მე ამ საფლავის ქვამ, ამ ფოტომ აღმზარდა,ისეთი ფოტო იყო საითაც წავიდოდი თვალს მაყოლებდა,სასაფლაოს ჭიშკრამდე მაცილებდა მისი მზერა. ეს მზერა მაძლიერებს დღემდე.ახლა ეს მზერა სევდიანი აქვს,მოლოდინითაა სავსე.წინ ხე ამოსულა და ჭიშკრისკენ სამზერი დაუფარავს...ოხ ეს ხე, ისევ ხე...
ყველაფერს ვუყვებოდი,ჩემი მესაიდუმლე იყო,არ მერიდებოდა არაფრის მოყოლა რაც არ უნდა დამეშავებინა(არცთუ ისე იშვიათდ ვაშავებდი,ვიცოდი დამსჯიდნენ,მაგრამ მაინც მივდიოდი რისკზე და რისკის ფასად ვაღწევდი ყველა მიზანს,რასაც დავისახავდი). ერთი შეხედვით თავნება ვეგონე ალბათ „უფროსობას“,მაგრამ არა,მათ არ იცოდნენ,რომ მე ყველაფერს მამასთან ვათნხმებდი.
ერთადერთი მცხვენოდა და მერიდებოდა ხმის ამოღება თუ დედას გავაბრაზებდი,ვიდექი თავჩაქინდრული და ვდუმდი.ეტყობა სულ იმას გვარიგებდა, რომ დედა არ გაგვებრაზებინა და მეგონა ამას ვერ მაპატიებდა.
დ ე დ ა...
დედას ოცნება ამ სასაფლაოს ნახვა იყო,ერთხელ მაინც მივიდე და შევავლო თვალიო...სამწუხაროდ ეს ოცნება ვერ ავუსრულე დედას...
მე განახლების კეთილმა ფერიამ ეკატერინე ხაინდრავამ ამისრულა ოცნება და ფოტოები მაჩუქა.
ფოტოები სადაც კარგად ჩანს მამაჩემის მოლოდინით აღსავსე მზერა...ის მე მელოდება... ძალიან ბევრი სათქმელი დამიგროვდა მამი... მოვალ და ყველაფერს მოგიყვები...
მე დ ა ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი!