ჩემთვის ეს იყო გოლგოთის გზა, მაგაზე დიდი განსაცდელი რა უნდა გადაიტანო ადამიანმა. ვიარეთ უკანმოუხედავად როგორც უფალი ამბობს ბოლოჟამს უკან არაფერზე მიბრუნდეთო... სწორედ უფალმა მომცა ის ძალა ამეტანა ის რაც ჩემი ასატანი იყო... მადლობა უფალს.
იმ საღამოს, როგორც ყველა იმ ავბედით დღეებში, ჩემი სახლის ჭიშკართან ვისხედით მეზობლები, ვინ რას ყვებოდა და ვინ რას, ჭორსაც და მართალსაც... ყოველ საღამოს ვიღაცა გვაკლდებოდა ,ვისაც უფრო ეშინოდა ადრე წამოვიდა, ზოგნი კი საერთოდ არ აპირებდნენ არსად წასვლას... როგორ განა ქვეყანა ჩალითაა დახურული?! რომ ვიღაცა გადამთიელი მოვიდეს და ჩემი ნაშრომ-ნაწვალები ასე დამატოვებიოსო? ასეთების რიცხვში პირველი მამაჩემი იყო, რომელსაც არაფრით არ სჯეროდა ვინმე რამეს თუ დაუშავებდა, როგორ მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებიაო? ვცხოვრობ აგერ ჩემ მიწა-წყალზე და ვშრომობო...
მიუხედავად მძიმე სიტუაციისა მაინც სადღაც შორს, გულის კუნჭულში იმედი მქონდა, რომ იქნებ არ მოხდეს ყველაზე საშინელი... წინა დღეს შორენა მეზობელს გამოვაყოლეთ, მამაჩემი თითქოს ამან დააწყნარა, ჩვენ რა გვიჭირს უფროსებს ბავშვები სამშვიდობოსააო, ამინდს გახედა და სამუშაოდ წავიდა, საღამოს კი ჩვენ შემოგვიერთდა, ძალიან აფორიაქებულები ვიყავით, რა ხდებოდა არაფერი ვიცოდით, თურმე ამ დროს სოხუმი უკვე აღებულია, უცნობმა ბიჭმა ველოსიპედით ჩამოიარა ჩვენ ქუჩაზე დილით და ყველას ყვირილით აფრთხილებდა:
-ხალხო რას ელოდებით, სოხუმი უკვე აღებულია და თავს უშველეთო!!! - არ დაუჯერეს, ერთმა მეზობელმა თქვა თუ მაინცდამაინც წასვლა მოგვიწია აგერ ხეობას ავუყვებითო, ის პატარა ღელე ჩემი სახლის უკან რომ მოედინება ,რამდენიმე კმ-ში კოდორის ხეობაში ადის და იქიდან სულ ზევით-ზევით თუ აუყვებით დალის ხეობაში ადიხარ, ეს ასე იოლია სათქმელად თორემ ბავშვები და ქალები მაგ გზას რას გაუძლებთო.... ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო,, მაგაზეა ნათქვამი, უარესსაც კარგად გავუძელით...
,,კარგა გვიანობამდე ვისხედით, ყავაც დავლიეთ,ვითომ დიდხანს არ დაგვეძინოსო, (ყავა სად იშოვებოდა, მუხუდოს ვფქვავდით და თავს ვიტყუებდით) დილისთვის გადავწყვიტეთ წამოსვლა, სახლში გავიარ-გამოვიარე, ხელჩანთაში აუცილებელი საბუთებიც ჩავდევი და მივწექით ჩაცმულები.
შემდეგ ვაჟაბიძიამ მიგვიწვია თავის გაკეთებულ ცხელ ღომზე, დაგვიძახა, რა იცით კიდევ როდის გეღირსებათო ჭამა. იქვე ღობეზე გადმომძვრალი კიტრი მოვწყვიტე და ჩანთაში ჩავაგდე არ ვიცი რატომ...
მეზობელმა გვითხრა ტრაქტორით წაგიყვანთ მაგრამ დიზელი არა მაქვსო...ვიცოდი ვისაც ქონდა და რომ ვთხოვე იცით რა მითხრა? გაზაფხულზე მიწის მოსახნავად მჭირდებაო წარმოგიდგენიათ?! გაგანია ომია, ხალხი იხოცება, ვინ სად გარბის არ იცი და შენ დიზელს ინახავ... რა ქვია ამას მართლა არვიცი...
იმის იმედით რომ ვიღაცა შემოგხვდებოდა მაინც წავედით, უკვე ჩვენ სოფელს კარგად გამოცილებულები უკან მიგვაბრუნეს ნუ მიდიხართ გზები უკვე დაკეტილია, დრანდამდე მოსულები არიანო... და მაინც ალბათ ბედისწერა იყო, ზევით სოფლიდან წამოვიდა დიდი სატვირთო მანქანა, ძალიან გრძელი ძარა ქონდა, სულ სავსე იყო ხალხით, ჩვენც როგორღაც აგვიყვანეს, მძღოლი (რუბენ შონია) ნამდვილ რისკზე წავიდა...
ის დილა იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი... გზატკეცილზე კოდორის ხიდი ჩაიკეტა, იქ უკვე სამხედროები იყვნენ. ჩვენი მანქანა როგორღაც მოხვდა იმ ადგილას სადაც მდინარეს გაშლილი ფონი ჰქონდა, რაც იქ დაგხვდა, ენითაუწერელია, გადაჭედილი მანქანებით, ავტობუსებით, ხალხით სავსე ბარგი-ბარხანით, ყვირილი, წიოკი, ყველას წინ უნდოდა გასვლა ერთმანეთს არ ატარებდნენ, როგორღაც ჩვენი გადასვლის დრო რომ მოვიდა, მანქანა წყალში ჩარჩა, თავზე თაკარა მზე გვადგა, ეს შეწუხებული მოხუცები, ბავშვების ტირილი...
პატარა მანქანები ტანკებს გადაჰყავდა იქეთ ნაპირზე, მიდიოდა ჩაწყობა, ყვირილი არა ჩემი გაიყვანე არა ჩემიო, უსირცხვილოდ ცდილობდა ყველა ვისაც როგორ შეეძლო და რა სინდისი ქონდა იმის მიხედვით, რამდენიმე საათის მერე უკვე მივხვდით რომ იმ მანქანის გადასვლის შანსი არ იყო, როგორღაც ჩამოვედით, ზედ დავტოვეთ ყველაფერი რაც მოგვქონდა და წავედით ფეხით, ინერციულად მოვდიოდით ჯგუფებად, ვის როგორ შეეძლო ზღვის ნაპირ-ნაპირ, ვინც ვერ შეძლო სიარული გაჩერდა და დარჩა შუა გზაზე.
გზადაგზა რამდენიმე პატარა მდინარე და ღელეც გადმოვცურეთ რომელიც ზღვას უერთდებოდა, ჩემი მეზობელი ვიტალი კვარაცხელია (ნათელში იყოს მისი სული) ხელში აგვიყვანდა და დაგვსვამდა მეორე მხარეს, ჩვენთან ერთად იყვნენ რამდენიმე ჯარისკაცი, რომლებიც გვეხმარებოდნენ არ ჩამოვრჩენილიყავით, როცა უკვე არ შეგვეძლო ვერ ვსუნთქავდით სირბილისაგან, ვჩერდებოდით, ცოტას მოგვასვენებდნენ და ისევ მოვრბოდით ისე რომ ვინმეს არ შევემჩნიეთ, უკვე ტერიტორიულად სად ვიყავით არც ის ვიცოდით, ვიღაცამ თქვა აი იქ შორს სინათლე რომ მოჩანს იქ უნდა მივიდეთო... შეიძლება გამოგიცდიათ, სულ მოდიხარ, მიდიხარ, მაგრამ ის სინათლე ისევ ისე შორს მოჩანს...მერე მთვარე ამოვიდა,თითქოს ჩვენს დასახმარებლად, ისე ანათებდა ნაპირს ვცდილობდით ჩრდილ-ჩრდილ გვევლო...
რამდენი კილომეტრი გამოვიარეთ არ ვიცი,ეს არის მანძილი დაწყებული კოდორისა და ზღვის შესართავიდან მთელი ოჩამჩირის რაიონი და მიმატებული გალის რაიონი, ბოლოს არ ვიცი საიდან გაჩნდა იქ ტრაქტორი, მაგრამ მახსოვს რომ აგვიყვანეს გაწუწულები, სირბილისგან მისავათებულები და გალის სადგურთან ჩამოგვსვეს...
დროს თავისი მიაქვს,ბევრი რაღაცა ქრება მახსოვრობიდან ,ტკივილი კი რომელიც გადაიტანე მუდამ შენს მოგონებებშია. კინოკადრებივით მიდგას თვალწინ მომენტები, როგორ მოდიოდა ეს ხალხი, მანქანებით, ფეხით, დატვირთული ურიკებით, პატარებით ხელში, ძაღლებით, მოხუცების გამწარებული სახეები, ზოგს რა მოჰქონდა, ზოგს რა... ან იმ ტანკებს რა დამავიწყებს საიდანაც სამხედროები ყვიროდნენ ბავშვები მოგვეცით ჩვენ გავიყვანთო, დედები კი აწვდიდნენ შვილებს რომ გადაერჩინათ ისინი, (არავინ იცის რა ადამიანური ინსტიქტები ირთვება მაშინ თავის გადარჩენის მიზნით) ბევრს დაკარგვის შეეშინდა და არ მისცა ბავშვი...
რაც მეტი დრო გადის მით უფრო მტკივნეულია ყველა ჩვენთაგანისთვის, იმას რაც ჩვენ გამოვიარეთ ალბათ სახელი არცა აქვს. ყველას ცხოვრება გაიყო ომამდე და ომის შემდგომ პერიოდებად, ჩვენ დავტოვეთ მშობლიური სახლები და წამოვედით, ბედის ანაბარა თითქოს დროებით... 26 წელი გავიდა... ღმერთო ეს ხომ მთელი ცხოვრებაა... ეს წლები ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის?!
იმათ ვისაც ვითომ ქვეყნის პატრონებად და ყველაფრის შემძლედ მოაქვთ თავი კარგად იცოდნენ რა იქნებოდა... რა გადათამაშება მოხდა, ერთმა ღმერთმა უწყის. სად წაიღებენ ამდენი ხალხის ტკივილს, იმედგაცრუებას, ამდენ ტყუილად დაღვრილ ძმათა სისხლსა და ცრემლს....
ახლა ასე გამოიყურება ჩემი სახლი, მთვარის უკანასკნელი მეოთხედივით მილეულა....
ავტორი ნუნუ გოროზია
15.02.2019წელი.