__კოდორის გადაცურვა__
სოფლიდან გახიზნული მოსახლეობის გრძელი კოლონა ზღვისკენ მიემართება.ყოველ მათგანს მშობლიური სოფლის და საკუთარი კერის მიტოვება უღრღნის გულს. გასცდნენ ბაღებს, მეურნეობის ვენახებს. იქვე მოშორებით ნორა დარსალია საკუთარ ფერმას უვლიდა. იმდენი ხალხის დანახვით გაოცებული სახტად დარჩა.
- მოეშვი მაგ ძროხებს და თავს უშველე! - დაუძახა მეზობელმა. ბაღლანის ვრცელ ჭალებიდან კარგად ჩანდა მიტოვებული სოფლის თავზე ცისკენ ზანტად აკლაკნილი კვამლის სვეტები. მიდიოდნენ ისინი და უკან რჩებოდათ ცრემლიანი თვალები. მიდიოდნენ უკვე უსახლკარონი. ქონება, ღირსება და სამშობლო წართმეულნი.ვითარც შაჰ-აბასის მიერ ტყვედქცეულნი,სპარსეთისაკენ მიმავალი ქართველები, რომლებსაც ბევრი ოცნებები ჩაუკვდათ საკუთარ სულში.
მზე ეშვებოდა...
მათ მზე შორდებოდა, ისინი მშობლიურ სოფელს შორდებოდნენ...
მზე დილით კვლავ დაუბრუნდებოდა იქაურობას, მაგრამ არავინ იცოდა დაუბრუნდებოდნენ თუ არა ისინი მშობლიურ მხარეს?!
- თოფი არავის გეჭიროთ ხელში! თუ ვინმეს კი გაქვთ გადამალეთ კარგად! _ უთხრა ხალხს ჯეირან ხაინდრავამ, საერთოდ ომწაგებულთა უმრავლესობას ერთ მომენტში იარაღი ისე ეზიზღება,როგორც დიდხანს ვერ მორჩენილ ავადმყოფს წამალები. მერე ზოგიერთმაც თოფ-იარაღი ზღვაში გადააგდო მოსალოდნელი სიტუაციის გართულების ასაცილებლად.
- თქვენ წახვალთ აქეთ, მარცხნივ სოფელ-ახალკინდღში. ჩვენ კი რამდენიმე კაციანი ჯგუფი კოდორისკენ მივდივართ.ორმოცამდე მამაკაცს მდინარის გადაცურვა გადაეწყვიტა. თითოეულს საკუთარი მიზანი გააჩნდა. ხოლო სოფლის მგზებარე-პატრიოტი ვაჟკაცების მიზანი უკვე არა ომით, არამედ სხვა მოხერხებით: გადარჩენილი მოსახლეობის სამშვიდობოზე გადაყვანა გახლდა. მათი მიზანი სოხუმიდან გემების წამოყვანას ითვალისწინებდა.
მდინარე კოდორის საბედისწეროდ გადაცურეს:დიდიკო მირცხულავამ,ზაური ბენიძემ, ჯოვანი ჯოხაძემ, ჯეირან ხაინდრავამ, ოთარ მუშკუდიანმა, მერაბ მირცხულავამ, ვლასი კუხალაშვილმა, ბონდო გზობავამ, ელდარ კუხალაშვილმა და სხვებმა.
ნაწყვეტი წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები.
ავტორი:ილუშა ნემსწვერიძე