სარდაფში ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც დროდადრო მხოლოდ ილონკას ჩუმი კისკისი და დიმკას დინჯი ხითხითი არღვევდა, ბობისაკენ გადახრილი თამუნია ნაზად ეალერსებოდა მშვენიერი სარძლოს გაშლილ თმებს.
დათო მცირე ხანს ჩუმად იყო, შემდეგ ფრთხილად ალაპარაკდა.
- ზღვას ჩვიდმეტიოდე წლის შიშველი ქალიშვილის დასახიჩრებული გვამი გამოურიყავს, ზღვისა და ბესლეთის პატარა მდინარის შეერთების ადგილას ევკალიპტების კორომი რომ არის ზღვისფერ ბიბლიოთეკასთან „რიწის“ წინ...
- ვიცი! - სანამ დათო დაამთავრებდა სათქმელს, მანამ მიუგო ბობიმ და თვალები აუწყლიანდა - ის გოგონა ჩემი თანაკლასელი იყო...
- მართლა? - დათო გულწრფელად შეწუხდა, თუმცა მან იცოდა, რომ ის უბედური გოგონა ბობის თანაკლასელი იყო, მაგრამ არ იმჩნევდა ამას.
- ჰო! მამა აფხაზი ჰყავდა, დედა ქართველი. მამა იქეთ, დედა აქეთ. ომმა დააშორა ერთმანეთს. სვეტლანა ერქვა, მთელი ომის განმალობაში დედასთან ცხოვრობდა კინოთეატრ „აფსნის“ მახლობლად. მამა სანდომიანი სახის, ჭაღარა შერეული კაცი „გრადმა“ დაფლითა 2 ოქტომბერს გაგრაზე შტურმის პირველსავე დღეს. ტყვარჩელიდან დევნილი დეიდაშვილების კვალსაც ვერ მიაგნო ვერსად. სულ მათ ხსენებაში იყო, საცოდავი გოგო. დედა-შვილი მარტოდ-მარტო ცხოვრობდა სახლის ჩაშავებულ, გაყინულ სარდაფში. უკანასკნელად ოთხ ოქტმბერს ვნახე, მამის დაკარგვა მიუსამძიმრე. გოჩამ წამიყვანა. შემდეგ არაფერი ვიცოდი მასზე და აგერ... საშინლად დაჩეხილი უნახავთ წითელი ხიდის მახლობლად ზღვის შესართავთან... გაგრის შტურმის შემდეგ, როგორც ჩანს, ქართველებმა ამ უმწეო სრულიად დაუცველ გოგონაზე, რადგანაც მას მამა აფხაზი ჰყავდა, შური იძიეს... - ქალიშვილმა მწარედ ამოიოხრა და თავდახრილმა წყნარად განაგრძი: სხვა რა ვიფიქრო არ ვიცი, მე მას, რატომღაც კარგ გოგონად ვიცნობდი.
- შეიძლება ასეც იყოს... - დათომ ინსტიქტურად თავზე მოიფხანა და პირდაპირ თვალებში შეხედა აფხაზ ქალიშვილს - შეიძლება არ იყო ასე... არც კი მინდა ვიფიქრო ასეთ საშინელებაზე!.. მაგრამ როგორადაც არ უნდა ყოფილიყო, ამ ამბავმა ძალიან დამაფიქრა ბობი, შენც ხომ მამა აფხაზი გყავდა და დედა ქართველი, მაგრამ ახლა არც მამა გყავს არც დედა, მარტო ცალხელა მოხუცისა და პატარა ძამიკოს იმედად ხარ დარჩენილი.
- რატომ ამბობ ასე დათო? - ცოტა არ იყოს იწყინა ბატონმა რეზო ლაშხიამ - ბობი და დიმკას ცალხელა მოხუცი კი არა მთელი სოფელი პატრონობს.
- ოოჰ! ვის ჭირდება ეს მაღალფარდოვანი სიტყვები? - უპატრონო სოფელს ვისი პატრონობა შეუძლია ნეტავ? - ჯიუტად მოუჭრა ლომოურმა. - ხვალ დილით თორმეტი საათისთვის ორივე და-ძმა ჩემოდნით ხელში დამხვდით თქვენს ჭიშკართან გესმით?
გოჩა უხერხულად შეიშმუშნა, მან იცოდა, რომ დათო მართლა გახიზნავდა მის აფხაზ საცოლეს დიმკასთან და თეონასთან ერთად, მაგრამ რა ექნა? სანამ გოჩა იარაღს არ დააგდებდა, ბობი არ თანხმდებოდა მის ცოლობაზე, გოჩა კი იარაღის დაგდებას არ აპირებდა.
დათო კი თავისას გაიძახოდა:
დღეს, იქ, სადაც, ადამიანზე მეტად იარაღი ფასობს გასათხოვარ ქალიშვილებს არაფერი ესაქმებათ, მით უმეტეს ბობის, რომელიც სრულიად დაუცველია და ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ემუქრება...
ტექსტის ავტორი: ნუგზარ ქებურია