კოჩარა... კოჩარა... კოჩარაა...ნაწილი II

- ჩვენ არ წავალთ აქედან, სანამ ორ-სამ აფხაზს მაინც არ დავიჭერთ... - ვაჟკაცურად თქვა პატარა სვანმა, ხვიჩა სუბელიანმა და მოხალისეთა ჯგუფის ბიჭებმა გზა განაგრძეს...
აფხაზი ქალი დატანჯული კი იყო, მაგრამ ბრმა როდი იყო. ის ძალიან კარგად ხედავდა ყმაწვილი მებრძოლები როგორი უნდობლობით შესცქეროდნენ მას. უბედურმა ქალმა თავს ძალა დაატანა, სიმორცხვე დასძლია და შიშნეულად მაგრამ მაინც თქვა:
- დამიჯერეთ, ბიჭებო, ცოცხალია თქვენი კაცი!
ლომოური, რომელიც საოცარი მებრძოლისა და ვაჟკაცობის თვისებებით გამოირჩეოდა ყველაზე უმძიმეს სიტუაციებშიც კი, უცებ უჩვეულო გადაწყვეტილებას იღებს:
მანქანასთან მოდარაჯე ორ მებრძოლს სწრაფად მოაყვანია პატარა აფხაზი ბიჭი, რომელიც მაჭარკიდან ჰყავდა ჩამოყვანილი, რათა ქართველ ინჟინერზე გაეცვალა, და ყოველგვარი რატომ და რისთვის გარეშე დედას გადასცა.
მოულოდნელი სიხარულისაგან თავბრუდახვეული ქალი ფეხებში ჩაუვარდა ქართველ მეომარს და მუხლები დაუკოცნა. მერე თავისი ერთა გულზე მიიკრა და თავისიანებისკენ გაიქცა.
აფხაზებმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნიეს, სწრაფად შეტრიალდნენ და ზურგი შეაქციეს ქართველ მეომრებს, მათ უკანმოუხედავად გაიარეს ვიწრო ბილიკი და ბუჩქნარებს შორის გაუჩინარდნენ.
- თავს უშველეთ ბიჭებო!.. - მოაძახა ქალმა სანამ ბუჩქებში შეიმალებოდა, - ჩქარა წადით აქედან - და ამ დროს გაისმა საშინელი აფეთქების ხმა. ყუმბარსატყორცნის ჭურვმა ზედ ლომოურის თავთან გადაიკივლა.
ბიჭებმა ბუჩქებისაკენ ისკუპეს.
- სვანებო! დაგვნებდით! - მთელი ხმით ყმუოდა ვიღაც აფხაზი ბოევიკი მოპირდაოირე მხრიდან. - წინააღმდეგობას აზრი არა აქვს... ჩვენს ხელში ხართ.
- უხ, ტი! - ყრუდ აღმოხდა საშკა სლავინს. - ეტყობა სვანები აფხაზების ხაფანგში გაებნენ... რა ვქნათ, ა?
- ზურგშიც იქნებიან, რად უნდა ლაპარაკი... - თქვა გელამ. - ტყის გარშემოც... აქედან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია...
- ჰოდა, დროზე მივხედოთ საქმეს... - საქმიანი კაცის იერით თქვა ანდრესმა. - ამოვთხაროთ სანგრები და ჩავძვრეთ შიგ. აფხაზები და სვანები უჩვენოდ მოუვლიან ერთმანეთს...
ამის თქმა და... ავტომატის ოჩერედმა ბუჩქებში შეაძვრინა ანდრესი, ცეცხლოვანი ტყვიები მის თავს ზემოთ იშლებოდა წივილით.
- უი, მამა, სვანები კი არა ჩვენ ვართ, მგონი ლავუშკაში... - ხელების კომიკური სავსავით ბურდღუნებდა ანდრესი.
- სვანებო! - დაგვნებდით! წინაღმდეგობის გაწევას აზრი აღარა აქვს... - ყოველი აფეთქების შემდეგ გაისმოდა აფხაზების მხრიდან.
- ჭკვიანად იყავით, აფსუებო, თორემ დედას გიტირებთ, გუდაუთაში ხომ, არ გგონიათ თქვენი თავი? - სვანების მაგივრად პასუხობდა ანდრესი.
აფხაზი ბოევიკები გაშმაგებით დარბოდნენ ხეებსა და ბუჩქებს შორის, ნელ-ნელა უმატებდნენ სროლას, ბოლოს ველური ყვირილითა და საშინელი ლანძღვა გინებით გადმოვიდნენ შეტევაზე...
სვანები ძლიერ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
განსაცდელის ჟამი დაუდგათ მთის პატარა ლომებს... ლომოური ასიოდე მეტრის დაშორებით ბუჩქებში იყო გატრუნული და ბინოკლით ხელში მოუთმენლად ზვერავდა მათ ყოველ მოძრაობას. გულწრფელად ფიქრობდა როგორ მიშველებოდა სვანებს, რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ აფხაზთა და ჩრდილოკავკასიელ ბოევიკთა ალყიდან თავის დახსნას. მაგრამ ალყაში მოქცეული მოხალისეთა ჯგუფის დახმარება, არც თუ ისე ადვილი იყო რადგან ტყის ყოველ მხარეს აფთარივით დაძრწოდნენ ქართველთა სიძულვილით დაგეშილი გადამთიელი ავაზაკები.
- ნუ გეშინიათ ბიჭებო!.. - დატყვევებული მხეცივით მძვინვარებდა გუჯა გერლიანი. - ძაღლებს ერთხელ თუ შეუშინდით, მერე ცუდად იქნება ჩვენი საქმე, იცოდეთ!.. - ერთი ღონიერად ამოისუნთქა და ავტიმატის ჯერი მიაყარა შეტევაზე გადმოსულ აფხაზთა ხროვას.
ბრძოლა მიმდინარეობდა კოჩარის მისადგომებთან. აფხაზური მხარე შეიარაღებული იყო ძირითადად ავტომატებით, რადგან ასეთ დროს ტყე ნახევრად ბრმაა და სუმწვანეში გამოუცდელი მებრძოლის მხედველობა ძალიან ცუდად მუშაობს.
მოხალისეთა ჯგუფის ოცამდე მებრძოლი სამი საათის განმავლობაში თავგამეტებით ებრძოდა აფხაზური მხარის სამოცამდე კარგად შეიარაღებულ ავაზაკს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და!..
- გუჯა მიშველე, გუჯა!..
მარცხენა მხარში დაჭრილ მეთაურს, ახლოს ძლიერი აფეთქების გამო თავის კანტუზირებულ სიჩუმეში ძლივს ჩაესმა დაჭრილი ძმის ხმა...
ხის გადანაჭერთან მოსხლეთით დაეცა სლავიკა ჟვანია.
- ვაიმე, დედა!.. - იქვე ახლოს მოცელილივით ჩაიკეცა გოჩა სუბელიანიც.
პატარა სვანი სწრაფად მივარდა დაჭრილ ძმას. ემზარს და ჯამბულს გასძახა, დამეხმარეთო...
ტყვია მარცხენა ძუძუს ქვემოთ მოხვედროდა გოჩას და მეორე მხარეს გამოსულიყო, როცა გადმოაბრუნეს ზურგზე ვეებერთელა ჭრილობა მოუჩანდა.
- ხვიჩა... ჯამბულ... მიშველეთ რამე ვკვდები...
- ნუ გეშინია, გოჩა ნუ გეშინია, - ამშვიდებდნენ ბიჭები, მაგრამ აფხაზები თავის წამოწევის საშუალებასაც არ იძლეოდნენ...
უცებ სულ ახლო მანძილიდან აფხაზების მიმართულებით ხელყუმბარების სეტყა წამოვიდა... მზვერავთა ჯგუფის ბიჭები სვანების დასახმარებლად მოსულიყო...
- დაჭრილებს მიხედეთ, ბიჭებო!.. დროზე... დროზე!.. - მთელი ხმით გაიძახოდა საშკა სლავინი და „ლიმონკებს“ სეტყვასავით აყრიდა მოულოდნელი წინააღმდეგობით დაშოკილ მტერს.
- მი პრიკროემ ვას... აბა, ჩქარად!.. თავს უშველეთ!.. - ყვირილით მოიჭრნენ, ლომოური და ანდრესი და ტყვიამფრქვევთა ცეცხლი აფხაზთა პოზიციებისაკენ მიუშვეს.
თემურმა ყუმბარა ხელში შეათამაშა, მერე სწრაფად გახსნა, რამოდენიმე ნაბიჯი წინ გაჩოჩდა, ერთი ვაჟკაცურად ამოიოხრა და რაც ძალ-ღონე ჰქონდა ისროლა ბუჩქებში, საიდანაც აფხაზთა ტყვიამფრქვევი შეუჩერებლივ ღავღავებდა.
აფეთქების შემდეგ ტყვიამფრქვევმა ხმა გაკმინდა. პირმოხეული აფხაზი ბოევიკი ბუჩქებში უსულოდ გადავარდა.
მოხალისეთა ოცეულის არაქათგამოცლილმა მებრძოლებმა მზვერავთა ჯგუფის დროებითი უპირატესობით ისარგებლეს და გელასა და გაგრელი ბიჭის დახმარებით დაჭრილები ძლივსძლივობით გაიყვანეს გზაზე სადაც სასწრაფო დახმარების მანქანები იდგა... 

 

ავტორი  ნუგზარ ქებურია 

ნაწილი I იხილეთ აქ .