კამანის სისხლიანი ქრონიკები.
კამანი სოხუმის რაიონია, ქალაქიდან 14 კმ-ში მდებარეობს. კამანის მოსახლეობა (32 კომლი) ძირითადად სვანებისგან შედგებოდა, ცხოვრობდნენ ასევე ბერძნები. სოფელის ორ მხარეს მდინარე გუმისტა ჩამოედინება და ორ მთას შუა მდინარეები ერთმანეთს უერთდება. მდინარის გაყოლებით აჩადარის ხიდამდე ოთხი კილომეტრია. სოფელს მარჯვნიდან ამზარა და ზემო ეშერა დაჰყურებს, უკან ახალშენის მთაა, მარცხნივ კი სოფელი შრომა და შრომის მთა „ზეგანი“. ყველა ამ მთებიდან კამანი ისე ჩანს, როგორც ხელის გული.
კამანში რამოდენიმე წმინდა ადგილებია, მათ შორის კაპადოკიელი მღვდელთმთავარი, წმინდა ვასიულისკოს წამების ადგილი (308 წელი) და სასწაულმოქმედი წყარო.
მთავარეპისკოპოსი კონსტატნტინეპოლისა იოანე ოქროპირმა ამ ადგილას მიაბარა სული უფალს. (407 წლის 14 სექტემბერი);
მესამედ პოვნა პატიოსანისა თავის წმინდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი (დაახ. 850 წელი).
1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისთანავე კამანელებმა შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ზაზა პაკელიანი. იმ პერიოდისთვის 23-ე ბრიგადა არ არსებობდა, კამანის მებრძოლთა ჯგუფი ირიცხებოდა ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში. შემდგომ კი 23-ე ბრიგადის მე-8-ე ბატალიონის მესამე ასეულად ჩამოყალიბდა.
კამანელების შეიარაღება თავიდან სამი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატისა და სანადირო თოფებისგან შედგებოდა, შემდეგ თანდათან ივსებოდა მათი არსენალი, რისი უმეტესი ნაწილი ნადავლი იყო, ე.წ. „ტრაფეი“ შემოტევების დროს მოგერიებული და დამარცხებული მტრის დატოვებული იარაღი.
კამანელებს მთელი ომის პერიოდში დამარცხება არ უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ რელიეფური მდებარეობა ხელს არ უწყობდა და მტერი ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა, თუმცა ასეთი მდებარეობა ხელსაყრელიც იყო კამანელებისათვის, რადგან მძიმე საარტელერიო ტექნიკის გამოყენება კამანის მიმართულებით შეუძლებელი იყო. მტერი იძულებული იყო ახლოს მოსულიყო და სოფლის დასაბომბად ყუმბარმტყორცნები გამოეყენებინა, რასაც კამანელები საკადრისად პასუხობდნენ. ბილიკები და მტრისთვის სავარაუდო გამოსაყენებელი ადგილები ყოველთვის დანაღმული ჰქონდათ. შემოტევა ყოველთვის მტრის დამარცხებით მთავრდებოდა. ასეთ მოგერიებებს და გამარჯვებებს მიჩვეული კამანელები ომს გაუთამამდნენ და ამ სითამამეში თერთმეტი თვე გაძლეს. რათქმაუნდა დანაკარგებიც იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მებრძოლი ძალა მცირდებოდა. ზოგი დაიღუპა, ზოგიც დაიჭრა და ა.შ.
კამანის ასეული ორმოცამდე ადგილობრივი მებრძოლისგან შედგებოდა, ასევე იყვნენ მათი მეგობრები, ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან იყვნენ ჩასული მათ გვერდში საბრძოლველად. კამანის ასეული გამოირჩეოდა ომის კანონების დაცვით და სრული დისციპლინით. მთელი წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ ტყვია არ გავარდნილა, რადგან მოსახლეობაში ცრუ განგაში არ ატეხილიყო და ისედაც დაძაბული მდგომარეობა არ გართულებულიყო. სოფელში ხომ მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო, რომელიც ქალებისგან და ბავშვებისგან შედგებოდა.
1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს სოფელ ახალშენზე და „ზეგანის“ მთაზე განახორციელა მტრის დესანტმა შემოტევა. ახალშენი აიღეს, „ზეგან“-ში დესანტი დასხეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო დამატებითი ძალები არ დაახმარეს. ჩვენებმა ერთი ვერტმფრენი იმ მომენტში ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთერთი მებრძოლი კამანელებმა ტყვედ აიყვანეს, ის სომეხი აღმოჩნდა. კამანელებმა ტყვე აიძულეს ინფორმაცია მიეცა და გაირკვა, რომ ზემო ეშერაში განლაგებულია გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც ხვალ 5 ივლისს, სამად დაიყოფა და მასშტაბური იერიშით აიღებენ კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდნენ პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ სოხუმის აღება ძალიან ადვილი გახდებოდა (ასეც მოხდა). მეორე მხრივ ეს ინფორმაცია დაადასტურა ვ. კახიანმა, რომელიც ახალშენიდან გამოქცეულ მშვიდობიან მოსახლეობას შეხვდა და ტყე-ტყე ბილიკებით გაიყვანა სოფელ ოდიშამდე, სწორედ ამათგან გაიგო, რომ ახალშენი რუსებმა აიღეს და გაანადგურეს.
ამ ამბავს კამანელებს შორის სჯა და დავა მოჰყვა. ზოგი ამბობდა აქ დახვედრა თავის მოკვლა იქნება, უმჯობესია ტყეში გავიხიზნოთ და შემოსულ მტერს ზევიდან დავცხოთ, საჭიროების შემთხვევაში უკან დასახევი გზა გვექნებაო! ზოგიც ამჯობინებდა ისევ ძველებურად გამაგრებას და დახვედრას, მაგრამ ამ დროისთვის მებძოლთა რაოდენობა ძალიან შემცირებული იყო. მეთაურმა განაცხადა, მე არავის ვაკავებ, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო კამანის დატოვებისო! ამან მებრძოლებში უხერხულობა და უკმაყობილება გამოიწვია... სიტყვა მალხაზ კახიანმა დაასრულა _მაშინ ბოლომდე იყოს!!!
იმ ღამეს სოფელში დარჩენილი მოხუცები შტაბის (კამანში იყო ხანდაზმულთა და ინვალიდთა პანსიონატი, ორსართულიანი კაპიტალური კორპუსი, რომელიც კამანელებმა გამოიყენეს, როგორც შტაბი და ყაზარმა) სარდაფში ჩაიყვანეს. კამანში ოთხი საგუშაგო იყო, აქედან ერთერთზე სოხუმის, ბაგრატიონის ბატალიონის რვა კაციანი ჯგუფი მორიგეობდა. ოთხივე საგუშაგო მდინარესთან ახლოს იყო, საიდანაც სავარაუდოდ მტერი უნდა გადმოსულიყო. მეორესაგუშაგოზე, სხვა დანარჩენთან ერთად ორი მებრძოლთაგანის მეუღლეებიც იმყოფებოდნენ. რადგან საბძოლო ძალა საკმარისი არ იყო, მანდილოსნებმა ბიჭები არ მიატოვეს და მათაც იარაღი დაიკავეს. პირველ და მეორე საგუშაგოსთან ახლოს ეკლესიაში ბერმონაზონი მამა ანდრია წირვა-ლოცვას ატარებდა, სადაც მებრძოლები შეძლებისდაგვარად მიდიოდნენ და სანთლებს ანთებდნენ, ზოგიც ბოლო სანთელს...
აქვე იყვნენ ამავე ეკლესიის აღმდგენი აფხაზი იური (გიორგი) ანუა და მისი ოჯახი (მეუღლე და ქალიშვილი).
შემოტევა გამთენიისას ხუთი საათისთვის დაიწყო!მეორე საგუშაგო უფრო მაღლობზეა, ვიდრე სხვა. შესაბამისად მტერსაც მეტად უჭირს მისი აღება. ეს არის ნახევრად ორსართულიანი საერთოსაცხოვრებლის შენობის პირველი სართული. კამანელებს წინასწარ დანაღმული აქვთ შემოსასვლელი ადგილები, ნაღმები დისტანციურად ფეთქდება სადენი მავთულების შეერთებით...
ნაღმების ამოქმედება ჯერ ადრეა, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით უმკლავდებიან...
აქ მანდილოსნებიც ისვრიან, თან დაცლილ მჭიდებს ავსებენ და თანამებრძოლებს ეხმარებიან...
პირველი საგუშაგო ხიდის თავზეა, ხიდე სულ 20-25 მეტრი სიგრძისაა... ორივე მხარეს ცუდი პოზიცია უკავია... კამანელებს კედელი იცავს, მტერს კი ტყვიაგაუმტარი ჟილეტები... ხიდი დანაღმულია, მაგრამ აფეთქება ვერ ხერხდება... ეტყობა ღია ადგილებში ტყიებისგან მავთულები დაზიანდა...
მეოთხე საგუშაგოს (ბაგრატიონის ბატალიონი. მეთაური მალხაზ კორძაია) ბიჭებს უჭირთ, დაჭრილი ჰყავთ. ტრიალ მინდორში სანგარში არიან გამომწყვდეული... სულ ცოტა ხნის წინ, წინა შემოტევისას ერთი დაჭრილი დროზე ვერ გაიყვანეს და სისხლისგან დაიცალა... დაეღუპათ! იგივეს განმეორების შიშით ყველაფერს აკეთებენ, რომ დაჭრილი გადაარჩინონ! ხედავენ მდინარის მეორე მხრიდან დესანტი როგორ „მოფრინავს“ სპეციალური მოწყობილობებით თოკებს ისვრიან, მეორე მხარეს რაღაცას ესობა და ამ თოკებზე დიდი სისწრაფით მოსრიალებენ...
მესამე საგუშაგოზეც არასახარბიელო მდგომარეობაა. არიან დაჭრილები, დამხმარე ძალა მოსალოდნელი არ არის...
(საგუშაგოების ნუმერაციამ მკითხველი რო არ გააკვირვოსგანვმარტავ: ყველა საგუშაგოს ნუმერი, მისი დაარსების მიხედვით მიენიჭა.)
მტერი მაინც ახერხებს სხვადასხვა მხრიდან სოფელში შემოჭრას. დაცარიელებულ სახლებს შეაფარეს თავი და კამანელებს, მათივე სახლებიდან ესვრიან...
მეორე საგუშაგოსთან ახლოს ძველი კორპუსი დაგას, ბოლო, მესამე სართულზე „ДШК“ იყო დამონტაჟებული, რომელიც გამოიყენებოდა მსგავსი შემოტევების დროს. ამ იარაღთან მიმაგრებული იყვნენ მეორე საგუშაგოს მებრძოლები: ჯ. გადრანი და გ. გულედანი.დროა! ამბობს გადრანი და მის დამხმარეს მოუწოდებს გამყევიო... სროლა-სროლით გარბიან კორპუსისაკენ, გადრანმა შეასწრო და აირბინა მესამე სართულზე, იარაღი მზად არის... მიზანში იღებს მტერს და ბუჩქებიანად თელავს. ხან ერთი ფანჯრისკენ მიაბრუნებს, ხან მერე ფანჯრიდან ისვრის... „დეშეკას“ ლენტში სამოცამდე ვაზნა ეტევა მხოლოდ... დაცარიელდა, მეწყვილე კი არსად ჩანს... მან ვერ მოასწრო კორპუსში შესვლა, მტრის ტყვიას ვერ გაექცა...
მეორე საგუშაგო ცეცხლის ალში გაეხვა, იბომბება და სახურავს წაეკიდა. თანდათან ცეცხლი ყველგან მოედო...მერი (ალექსანდერე გამსახურდიას მეუღლე) ავტომატის მჭიდს ამოწმებს, ამბობს _იქნებ ეკლესიამდე გავასწროთ... დარწმუნებული არავინაა... მერი მაინც ცდის ბედს... წასვლისას დ. გადრანს კიდევ ერთხელ ეკითხება - ე.ი. ამ მავთულს გამოვაძრობ და ეგრევე უნდა გავისროლო? კი. ხელს გაუშვებ თუ არა, სამ-ოთხ წამში აფეთქდება. ფრთხილად იყავი! ავტომატის სროლა-სროლით გარბის... ეკლესიის ეზომდე ორიოდე ნაბიჯი რჩება... თანამებრძოლებმა თვალი გააყოლეს, ხედავენ ეზოს ჭიშკართან როგორ წაიბორძიკა... ეზოში ეცემა... ჭიშკარი ეფარება... მისი მეუღლეც ხედავს... შემდეგ ყუმბარის აფეთქებაც ისმის... არავინ იცის რა მოხდა... ალექსანდრე გამსახურდია (მერის მეუღლე) თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ცოლი დაეღუპა, იმედდაკარგულმა და გამწარებულმა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა.
(ერთი თვის შემდეგ, დაღუპულების გადმოსვენების დროს აფხაზებისგან გაირკვა, რომ მერის ყუმბარამ ოთხი აფხაზი მებრძოლი იმსხვერპლა!)
პირველ საგუშაგოზე სროლები არ შემწყდარა, კამანელებმა ხიდი მაინც ვერ ააფეთქეს. ახლომანძილზე მიმდინარეობს ბრძოლები... ადამ გვიჩიანი დაჭრილია, მისი თანამებრძოლები სულ ახალგაზრდები არიან... შეეცადეთ შტაბამდე მიაღწიოთ, თავს უშველეთ! აფეთქების ხმები... კედლების ნანგრევები... ადამის ხმა არ ისმის! ადამთან ერთად ნანგრევებში ორი მებრძოლი შერჩა, რომლებიც შემდგომ ტყვედ აიყვანეს. ერთი ადამის მეგობარი თ.ყალიჩავადა მეორეთემურ ჩხეტიანი, მისი უფროსი ძმა, თამაზი ამ დროს კამანის შტაბში ებრძვის მტერს, ხოლო ორი უმცროსი ძმა სხვა და სხვა პერიოდში ბრძოლისას დაიღუპნენ...
სამი მებრძოლი მდინარისკენ ჩადის და ზურგით მტრისკენ, თანდათან მდინარეს აღმა მიუყვება... სულ ცოტა უკლიათ ტყემდე, ერთერთი მოწინააღმდეგე უყვირის და ხელით ანიშნებს (თავისიანებად მიიჩნია. ბიჭებსაც ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული) „სად მიდიხართო“ ამათმაც ხელით ანიშნეს, ჩვენ აქედამ მოუვლითო! ჭამეს აფხაზებმა, თუ რუსებმა...
ეკლესიის ეზოში აფხაზები, კაზაკები და რუსები არიან. ეკლესიის კარები შიგ მყოფთ მუქარით გააღებინეს, იქედან ბერი ანდრია და იური ანუა გამოიყვანეს. ბერს კითხვა დაუსვეს -ვისია ეს მიწაო? ელოდებოდნენ პასუხს -ქართველებისო, მაგრამ მამა ანდრიას პასუხმა -მთელი მიწა ღვთის არისო! გააღიზიანა აფხაზები და ბერმონაზონი ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს. (არსებობს ვიდეო, სადაც რუსი ოფიცრი აღიარებს, რომ ბერი ანდრია კაზაკებმა მოკლეს).
იური ანუა სადღაც წაიყვანეს, მის მერე არავის უნახავს. ანუას ოჯახიც (მეუღლე და ქალიშვილი) ტყვეობაში ჰყავდათ, ამავე ეკლესიაში. რამოდენიმე თვის შემდეგ, ოჯახის წევრაბმა მხოლოდ თბილისში შეიტყვეს, რომ ანუა დაუხვრეტიათ.
შუადღეა... ჯ. გადრანმა კორპუსი დატოვა და შტაბში შეაღწია. აქ მას ექვსი თანამებრძოლი დახვდა. შტაბის უკან ბაღი და წინ ეზო მტრით სავსეა! იქ მყოფი მებრძოლები ფანჯრებიდან ესვრიან... რუსები მედესანტეები ორ-ორად დგანან, ერთი ჩაჯდება, მეორე მის უკან დგება და ცეცხლს ისვრიან. სულ 15-20 მეტრი აშორებთ ერთმანეთისგან, ბიჭები მიზანს არ აცილებენ, მტერი მაინც არ ვარდება... ჩაიკეცება და ისევ წინ მოიწევს! მალხაზ კახიანი ბიჭებს უყვირის, თავში ან ფეხებში ესროლეთ, „ბრონეჟილეტები“ აცვიათ!
ასმეთაური ზაზა პაკელიანი რაციით მერამდენედ გადასცემს: მტერი უკვე შუა სოფელშია, საგუშაგოებზე ბიჭები ჩამიხოცეს, ტყვია-წამალი გველევა, დახმარებას ვითხოვ, არტილერია მოგვაშველეთ! პასუხი -ჭურვები არ გვაქვს, ველოდებით, ცოტაც გაუძელით... მტერი იმდენად ახლოს არის, მათ მიერ ნასროლ ხელყუმბარების აღებას და უკან ტყორცნას ასწრებენ ბიჭები...
მტერი, კორპუსის გარეთა კიბეებით უკვე მეორე სართულზე ავიდა და სართულებს შორის მიმდინარეობს ბრძოლები... კამანელები დერეფნის ერთ მხარეს მოიმწყვდიეს და დერეფანში (მისი სიგრძე 50-60 მერტია) არამარტო ავტომატებით, არამედ ყუმბარმტყორცნებით ეომებიან!
ზაზა კიდევ ერთხელ და ამჯერად ბოლოჯერ იღებს რაციას და გადასცემს: ჩვენი ძალები ამოიწურა, კორპუსიდან ვერ გავაღწევთ, ხელჩართულ ბრძოლებში ვართ... ჩვენ მაინც დავიღუპებით... ჩვენი კოორდინატები იცით... დაგვბომბეთ! ეს ბოლო შეტყობინებაა, ვწყვეტ კავშირს. დაგვარტყით!!! დაგვარტყით!!!
კორპუსიდან 40-50 მეტრში ძველი საქვაბის შენობა დგას. ამ შენობიდან კიდევ რამოდენიმე მეტრში კი ტყე იწყება... მთავარია შენობამდე მიღწევა, შემდეგ გადარჩენის იმედი არის. საბოლოოდ სხვა გზა არ იყო და ჯ. გადრანის აზრს ყველა დაეთანხმა, -ვინმე მაინც გააღწევს ცოცხალი და ამბის მიმტანი...
პირველი ორი მებრძოლი (ჯ. გადრანი და ზ. ჩხეტიანი.) ფანჯრიდან ხტება, მათ მშვიდობიანად მიაღწიეს შენობამდე... ჩერდებიან და ისვრიან მტრისკენ, რათა შემდგომებმა უფრო დაცულად იმოძრაონ... შემდეგი ორი, ვ. კახიანი და სვანეთიდან საბრძოლველად ჩამოსული ზ. აფრასიძე... ამათ სხვა გზით მოუწიათ გასვლა, რადგან პირველი წყვილის შენიშვნაზე მტერმა მათ გავლილ გზას მასიური ცეცხლი გაუხსნა... პირველმა ორმაც ადგილი შეიცვალა და უფრო ტყისკენ გადაინაცვლეს. ლოდინის მერე ზ. აფრასიძე შეუერთდა, ვ. კახიანი არ ახლდა. კახიანი დაჭრილა, და ფეხზე ვერ წამომდგარა...
სანამ აფრასიძე საშველად უკან დაბრუნდა, კახიანის თვალწინ ბევრი რამ მომხდა... ის იქეთ იყურება, სადაც შვილი, მეთაური და კიდევ ერთი მებრძოლი თამაზ ჩხეტიანი ეგულება...
აფრასიძის დახმარებაზე უარს ამბობს... მე ვკვდები, ჩემს წაყვანას აზრი არა აქვს... ხელს შეგიშლით... მისი თქმით სხვა დანარჩენები, ზაზა და თამაზი გადმოხტნენ და სხვა მიმართულებით წავიდნენ. შვილი, მალხაზი რომელმაც ბოლომ დატოვა კორპუსი, ბოლო მჭიდი მამის თვალწინ დაცალა... მისი სიცოცხლეც იქვე დასრულდა... დაეცა...
ამ დღიდან ერთი თვე გავიდა აფხაზებთან მოლაპარაკებებში და კამანში დაღუპულები მხოლოდ ერთი თვის მერე იქნენ გადმოსვენებული. ასევე სარდაფში თავშეფარებული მოხუცები ტყვეობაში ჰყავდათ მთელი ამ ხნის მანძილზე.
კამანის აღების მეორე დღეს, როცა ტყვეები ერთერთ სახში გადაჰყავდათ, მეზობლებმა დაჭრილი ვ. კახიანი შენიშნეს... მეზობლები კახიანს უვლიდნენ, შემდეგ აფხაზი კომენდანტი, (ა. აიბა) კახიანის შვილების ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა დამედდები დაახმარა...
ტყვეთა შორის კახიანის გარდა კიდევ ორი მამაკაცი იყო, ვალო ჩხეტიანი და სერგო მუშკუდიანი, რომლებიც აფხაზებს ყოველ დილით გაჰყავდათ და კამანელ დაღუპულ ბიჭებს ასაფლავებინებდნენ. შინ მობრუნებულებს ქალები ეკითხებოდნენ, ვინ ნახეთ, ვინ დაასაფლავეთ... ესენი კი დუმდნენ, ხან ატყუებდნენ, ვერ ვიცანით, ან იქ მყოფთა ნათესავებს არ ასახელებდნენ, რადგან ზოგი მათგანის შვილები ახლახან მიაბარეს მიწას! კვირის ბოლოს, 11 ივლისს ჯერ ვლადიმერ კახიანი გაიყვანეს, შემდეგ ისევ ვალო და სერგო... გადმოსვენების დღეს კამანელებს ეს სამი ადამიანი დაუსაფლავებელი დახვდათ... დახვრიტეს და დატოვეს. კომენდანტი დანანებით იხსენებდა, რომ იმ დროისთვის ის სხვაგან ყოფილა გადაყვანილი და დაბრუნებულს კახიანი ცოცხალი აღარ დახვდა.
ზაზა პაკელიანის ცხედარი კორპუსიდან სამასიოდე მეტრში ბერძენ მოხუც ცოლ-ქმარს უნახავს და თავიანთ ეზოში დაუსაფლავებიათ, რის გამოც ეს მოხუცი კაციც დახვრიტეს აფხაზებმა. ზაზასთან ერთად გადმოსული თამაზ ჩხეტიანის გვამი ნაპოვნი არ არის! აფხაზების თქმით, ერთერთ სახლიდან მთელი დღის განმავლობაში სნაიპერი ისვროდა, ბოლოს სახლი ააფეთქეს...
ასე დასრულდა კამანის და კამანელი გმირების ბრძოლა.
ავტორი: kamaneli