17 თებ 2019
სოფელი განახლება
განახლება - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები:ნაა, ტეხი, ჩერნიგოვკა, ჭალა, ხუმუშქური). ზღვის დონიდან 130 მ, შავი ზღვიდან 15 კმ, გულრიფშიდან 20 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 13 კმ. პირველი განახლებაში ჩასახლდა კვარაცხელიების ოჯახი, ისინი ჩამოსულან ურმით სამეგრელოდან, ექვსი ძმა და ერთი და. მათ უკაცრიელი დახვდათ ამჟამინდელი განახლების ტერიტორია. (შესაძლოა ერთერთი იყო ექვთიმე კვარაცხელია,იონას მამა, ან ექვთიმეს მამა და ექვთიმე იქნებოდა პატარა). მათ შემდეგ დასახლდნენ ტყებუჩავები,ცაავები,ბერულავები,თოლორდავები.(როლანდი თოლორდავას და გოჯი კვარაცხელიას ნაამბობი). ტერიტორიის გაუკაცრიელებამდე ერქვა ანასტასიევკა. განახლება კი შემდგომ დაერქვა, როცა ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს კიდევ ბევრი შეემატა, მათ განაახლეს და ააღორძინეს სოფელი.
14 თებ 2019
დრანდა
დრანდა სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. პატარა კოდორის ნაპირას, საქართველოს რკინიგზის მაგისტრალსა და შავიზღვისპირა გზატკეცილზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ათარბეკოვკა, ზემო ფშაფი, ქვემო ფშაფი, შაუმიანოვკა). ზ. დ. 40 მ , გულრიფშიდან 9 კმ . 2,7 ათ. მცხ. (1989). დატანილია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (XVII ს.). დრანდაში დგას VIII ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. "არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა" (ვახუშტი ბაგრატიონი).ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. ზოგიერთი ელემენტით უახლოვდება მცხეთის ჯვარს. გეგმაში ჯვრის სამი მკლავი სწორკუთხედის ფორმისაა. კუთხის ოთახები გეგმით წრიულია. ამ სათავსებში შესასვლელი სამხრ. და ჩრდ. მკლავიდანაა. გარედან ჯვარი სწორკუთხედშია ჩასმული. აღმ. მხარეს წახნაგოვანი აფსიდი აქვს. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. აღდგენილია თავდაპირველი სახით XX ს. 70- იან წლებში (არქიტ. ვ. ცინცაძე). რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში დრანდას ეკლესიას, ისევე როგორც ამ ტერიტორიაზე განლაგებულ სხვა ეკლესია-მონასტრებს, საფრთხე ექმნებათ.
11 თებ 2019
გულრიფში
გულრიფში (აფხ. Гәылрыҧшь; 1975 წლამდე ქვემო გულრიფში) — დაბა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 20 მ, სოხუმიდან 13 კმ, თბილისიდან 431 კმ. 2007 წლის აღწერის მონაცემებით გულრიფშის მოსახლეობა 8 014 ადამიანს შეადგენდა. გულრიფში ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 6,2°C, ივლისის 22,9°C; აბსოლუტურ მინიმალური –12°C, აბსოლუტურ მაქსიმალური 41°C. ზღვის ბრიზები რამდენადმე ანელებს ზაფხულის სიცხეს. ნალექები 1410 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები. სამკურნალო საშუალება — კლიმატოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა. სეზონი — მთელი წელი. 1991 წელს გულრიფში იყო სახლთსაშენი კომბინატი, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო, საბავშვო ბაღები, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლები, სუბტროპიკული კულტურების სოხუმის საცდელი სადგური, საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური და სხვა.
11 თებ 2019
აფხაზეთი
აფხაზეთი (აფხ. Аԥсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი.4 ფლორა - მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს ფაუნა - აფხაზეთის ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტოსაქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440 სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 5 რაიონი და 3 ქალაქია: სოხუმის რაიონი ოჩამჩირის რაიონი გულრიფშის რაიონი გუდაუთის რაიონი გალის რაიონი ქალაქი სოხუმი ქალაქი გაგრა ქალაქი ტყვარჩელი აფხაზეთის ისტორიული ძეგლები ქალაქი სოხუმი: ბესლეთის ხიდი დიოსკურიის ციხე კელასურის კედელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი: ბედიის მონასტერი ილორის წმ. გიორგის ეკლესია მოქვის მონასტერი გუდაუთის მუნიციპალიტეტი: ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი დოლმენები ბზიფის ციხე ლიხნის კომპლექსი ლიხნის ეკლესია აბა-ათა ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა გაგრის მუნიციპალიტეტი: აბაათა გაგრის ეკლესია ბაზილიკური ბიჭვინთის მონასტერი განთიადის ბაზილიკა გულრიფშის მუნიციპალიტეტი: დრანდის გუმბათიანი ტაძარი
11 თებ 2019
ტყვარჩელი
ტყვარჩელი (აფხ. Тҟәарчал; ქართ. ტრანს. ტყჿარჩალ) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ღალიძგაზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით. ტყვარჩელი ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას 1935 წლიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანელების ხელში გადასვლის გამო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა. ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტობრივად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით, ტყვარჩელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში შედის, თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოწყობით კი ამავე სახელწოდების ახლად ჩამოყალიბებული რაიონის ცენტრია 1995 წლიდან. ქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან, თუმცა ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურული და ქვანახშირს მოიპოვებს მხოლოდ თურქული კომპანია "თამსაშ" (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75% შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ. ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია ტექნიკური სიძველის გამო. გეგმაშია ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის პროდუქციას სავარაუდოდ სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენებენ. ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს საბჭოთა პერიოდში ელექტროენერგიით ამარაგებდა ტყვარჩელის ქვანახშირის ელექტროსადგური, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო გაზზე გადაიყვანეს
11 თებ 2019
გალი
გალი (მეგრ. ღალი — ღელე) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში . ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. ქალაქი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის ორივე ნაპირზე. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (1654) გოგიელის სახელით არის აღნიშნული. იგი ამ დროს ოდიშის სამთავროში შედიოდა. 1906 წელს სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გალში გადაიტანეს, 1928-1930 წლებში მაზრის ცენტრი იყო. გალში არის რკინიგზის სადგური, ჩაის და ეთერზეთების ქარხნები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. გალის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია. ნაპოვნია, აგრეთვე, ნეოლითური ხანის კაჟის იარაღები და ბრინჯაოს ნივთები. გალი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის რუკაზე( 1654 წ.) გოგიელის სახელწოდებით. ამ დროს იგი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. 1906 წელს სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გალში გადაიტანეს. 1921 წელს საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციულ- ტერიტორიული დაყოფით ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან - გალის რაიონის ცენტრია. ქალაქად 1932 წელს გამოცხადდა.1991 წლიდან გალი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრად დარჩა. გალის რაიონის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლია მიმოფანტული: ზიგანეოსი-რომის, ბიზანტიის საეპისკოპოსო კათედრის ნანგრევები-სოფელი გუდავა (III-IXს.) საეკლესიო კომპლექსი (ფშაური) - მეორე ბედია (XIV). დედოფლის ეკლესია (მაფაში ოხვამე) - სოფელი წარჩე (XVს.) წკელკარის ეკლესია-სოფ. რეჩხი (Xს.) სათანჯოს კოშკი (სანტა ანჯელო). იქვე კარსტული მიწისქვეშა გასასვლელი მდ.ენგურზე - სოფ. დიხაზურგა (აფხაზეთში ყველაზე მაღალი კოშკი - (XII-XVს.) სოფ.დიხაზურგას ეკლესია (ადრეული საუკუნეები). გალის რაიონში მოქმედებდა მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები: 10 ჩაის ფაბრიკა, საკონსერვო და ხე-ტყის დამზადებისა და გადამამუშავებელი კომბინატები, გალის თევზის გადამამუშავებელი საწარმო, ეთერზეთების ქარხანა, ციტრუსების, მეცხოველეობის, ჩიას, ტუნგოს მეურნეობები, ენგურჰესების კასკადი, რომელიც მოიცავს საბერიოს მიწისქვეშა ელექტროსადგურს, რეჩხის I ვარდნილჰესსა და II და III ვარდნილჰესებს. გალისა და გალის რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურებოდა გალის ცენტრალური რაისაავადმყოფო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილება, სამშობიარო სახლი, რაიონული პოლიკლინიკა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი, დერმატოვენეროლოგიური დისპანსერი, 6 უბნის საავადმყოფო, 9 ამბულატორია და სხვა,
11 თებ 2019
ოჩამჩირე
ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ. ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ. ოჩამჩირე შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დასახლებულია ძვ.წ. აღ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ.წ. IV ს) ,,პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქალაქ გიენოსთან. ფსევდოსკილაკ კარიანდელი გიენოსს, როგორც ელინურ ქალაქს ისე იხსენიებს. დასახლება განსაკუთრებით ვითარდება ძვ.წ. IV-V საუკუნეებში. ანტიკურ ხანაში ( ძვ.წ. IV-Vსს) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უძველეს ცენტრებთან და საგარეო ვაჭრობას აწარმოებდა მცირე აზიის ქვეყნებთან, გამორჩეულად სინოპთან. ძვ.წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა. მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებას და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V). 1855 წელს წარმოადგენდა ვრცელ, მაგრამ ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტს. ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, რუსები და თურქები. აქ მდებარეობდა აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის რეზიდენცია, ხოლო ოჩამჩირიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა მისი სანადირო ნაკრძალი. ოჩამჩირე ქალაქად 1926 წლიდან გამოცხადდა.1991 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 20,6 ათას სულს. ოჩამჩირის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ: მოქვის საკათედრო ტაძარი (957-967 წ.წ.), ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, ქართული კულტურის ძლიერი კერა. აქ მიმდინარეობდა უძველესი ხელნაწერების გადაწერა. ბედიის სამონასტრო კომპლექსი ( X ს),რომელიც ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ. ბედიის ტაძრის „სამკაულთა“ შორის უძვირფასესია ჩვენამდე მოღწეული ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში - ბედიის ბარძიმი. ილორის წმიდა გიორგის ეკლესია (XI ს-ის I ნახ.), დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრი და სალოცავი. ეკლესიის კედლის ფასადებზე დღემდე შემორჩენილია ხუთი ქართული ლაპიდარული წარწერა. ოჩამჩირის რაიონში, 1992 წლის მონაცემებით, მრავალი სამრეწველო საწარმო მოქმედებდა, მათ შორის: მოქვის ზეთის ექსტრაქტების, ტამიშის ეთერზეთების, სკურჩის არამადნეული მასალების, საკონსერვო და კომბინირებული საკვების ქარხნები, ასფალტისა და ბეტონის ოთხი ქარხანა; 3 მეფრინველეობის ფაბრიკა (ოჩამჩირის, ილორის, კინდღის); 7 ჩაის ფაბრიკა; თევზსაშენი, ჩაის, ციტრუსების, სატყეო მეურნეობები, კინდღის, მოქვის და ოხურეის თერმული წყლების საბადოები, რამაც აქ მძლავრი სასათბურე მეურნეობების მშენებლობა განაპირობა; გარდა ამისა, ტამიშში სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მაიმუნთსაშენი მეურნეობა იყო განთავსებული.
11 თებ 2019
ახალი ათონი
ახალი ათონი (აფხ. Афон Ҿыц) — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფსირცხა. ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.). ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. სოხუმიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ახალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.). ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი – ახალი ათონის მღვიმე, მსოფლიოს უგრძესი მღვიმე მღვიმურ სისტემათა შორის. იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს. ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა ციტრუსების და ყურძნის მეურნეობები. ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა .
11 თებ 2019
გუდაუთა
გუდაუთა-ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. რაიონის ფართობი შეადგენს 1640 კვ.კმ-ს. მანძილი თბილისიდან გუდაუთამდე 442 კმ-ია, სოხუმიდან კი - 37 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. 1991 წლიდან ქ. გუდაუთა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქია. გუდაუთის რაიონში მდებარეობს ბიჭვინთა- მიუსერის ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთი, რომლის ფართობი 1,040 ჰექტარია. გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[3] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში. რაიონში არსებობდა ავტოსარემონტო , ღვინის და საკონსერვო ქარხნები , ჩაის ფაბრიკა, საკალმახე, ციტრუსების, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები და სხვა. გუდაუთის რაიონში მოქმედებდა 5 სანატორიუმი, 3 ტურისტული ბაზა, 3 დასასვენებელი ბაზა, 3 დასასვენებელი სახლი, 3 პანსიონატი. გუდაუთასა და გუდაუთის რაიონში 2 ქართული, 19 აფხაზური , 1 რუსული, 7 სომხური, 7 რუსულ-აფხაზური, 2 ქართლ-აფხაზური სკოლა იყო. რაიონის ჯანდაცვას ემსახურებოდა 1 საავადმყოფო, რაიონული პოლიკლინიკა, რაიონული სანეპიდსადგური და რაიონული აფთიაქი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს. ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე. გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები: აბაანთას ციხე (VII ს.) აფხაზეთის ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მიუსერის ტაძარი (VIII-IX ს.ს.) ლიხნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ( XI ს.) შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები, სოფელ ანუხვის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის ნაშთები უნიკალური ქართული წარწერებით (XI ) სოფელ ბობმბორაში მდებარეობს ქართული ქრისტიანული ტაძარი ( VIII-IX ს.ს.),