10 სექ
შეხვედრის საპატიო სტუმრები
საზოგადოება "განახლება 2018" -ს ორგანიზებით და განახლების ამბულატორიის ხელმძღვანელის ბ-ნ ნუგზარ ვეკუას თაოსნობით, ჩატარდა განახლებელი ექიმების და მედპერსონალის შეკრება. შეხვედრის ადგილი - სამების საკათედრო ტაძარი. თემა: ექიმები- მშვიდობისთვის განიხილეს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი http://www.ganakhleba.ge. იყო 25 წლიანი მონატრება, ნოსტალგია, სიხარული. ასევე სევდა და ტკივილი... ჩვენ გვყავდა სტუმრები ალტაიდან, ბატონი იგორ ტყებუჩავა მეუღლესთან ქ-ნ ზოიასთან ერთად. ასევე ლევან ტყებუჩავა ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი.
10 სექ
ექიმი - მშვიდობის ელჩია.
საზოგადოება "განახლება 2018" -ს ორგანიზებით და განახლების ამბულატორიის ხელმძღვანელის ბ-ნ ნუგზარ ვეკუას თაოსნობით, ჩატარდა განახლებელი ექიმების და მედპერსონალის შეკრება. შეხვედრის ადგილი - სამების საკათედრო ტაძარი. თემა: ექიმები- მშვიდობისთვის განიხილეს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი http://www.ganakhleba.ge. იყო 25 წლიანი მონატრება, ნოსტალგია, სიხარული. ასევე სევდა და ტკივილი... გაიხსენეს ყველა აწ გარდაცვლილი ექიმი თუ მედ პერსონალი... საზოგადოება "განახლება 2018" მადლობას გიხდით მობრძანებისთვის დაგიძღვნით ამ შეხვედრის ამსახველ ფოტო კოლაჟს. პერსონალური მადლობა ჩვენს ექიმს, პროექტის მხარდამჭერს ბ-ნ ნუგზარ ვეკუას.
29 აგვ
ვაშირენს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!
ნაწილი - IV შენს ტკივილს ჩემზე უკეთ ვერავინ გაიგებს, აფხაზო, რადგან ორივე "სიმცირეს მივსტიროდით მუდამ". პატარა ერი დიდის კალთას შეფარებული ყოველთვის თავისუფლებას იქნება მონატრებული, რადგან, სამწუხაროდ, სხვისი "საძოვარი" ხდება. ვგონებ, ეს უკვე გამოსცადეთ. საკუთარი თავის "ჩვენად ყუდნების" მადლი ქართველებისთვისაც კარგადაა ცნობილი და ამიტომაც მუდმივად ბრძოლის ქარცეცხლში ვიყავით.ჩვენი ბედი არც ახლაა დალხინებული. საბედნიეროდ, მსოფლიო ისტორიას ახსოვს, დიდ ქვეყნებს შორის როგორ შეცვლილა მტრობა და სისხლისღვრა მეგობრობით. ეს ადამიანური კულტურის უმაღლესი ფენომენია.ჩვენ ვალდებულნი ვართ, ორივე ერმა გავიმარჯვოთ შურისძიებასა და სიძულვილზე, დავდგეთ ბოროტებაზე მაღლა, ერთმანეთს მიტევების ხელი გავუწოდოთ, რაც დაინგრა, სიყვარულით ავაშენოთ. მე მზად ვარ გადმოვდგა ეს ნაბიჯი, შენც უნდა იფიქრო ამაზე. ეს ორივესთვის უფლისმიერი ვალდებულებაა, მომავალი არ გვაპატიებს სხვალაირად მოქმედებას, რადგან ჩვენ ერთი დიდი კულტურის შვილები ვართ. აფხაზო, ჩვენ მშვიდობა გვაქვს გადასარჩენი, ორივე ერის სულიერი სიკეთე გვაქვს პატივსაცემი, დაღვრილი ცრემლი გვაქვს მოსაწმენდი, ძვირფასი ადათ-წესები გვაქვს მოსაფიქრებელი, "ურაიდა" გვაქვს ერთად სამღერი, აფხაზეთის სევდიანი ცა გვაქვს გასაღიმებელი, ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს ნუ გავიმეტებთ ომის ტბორისთვის. ძმებს შორის ყოველთვის ყოფილა, არის და იქნება უთანხმოება, წყენა, სიავკცე, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ საბოლოოდ ერთმანეთი. მუდამ მოუნახავთ გზა ურთიერთობის გამოსწორებისთვის. ჩვენს შორის არცერთი არაა გამარჯვებული, ახლა ორივე დამარცხებული ვართ. ორივე რიცხობრივად პატარა ერი ვართ. ნურავის მივცემთ ჩვენი ზნეობრივი და სულიერი განადგურების უფლებას. პირიქით, ერთმანეთთან დგომით უნდა გავძლიერდეთ. ჩვენნაირ ძმობას თქვენ ვერავინ გაგიწევთ, დახმარების ხელს ჩვენნაირად ვერავინ გამოგიწოდებთ. უქართველებო აფხაზეთი კი მუდამ მადლდაკარგული იქნება. მისთვის სიკეთის მომტანი მხოლოდ ჩვენი თანაარსებობაა. მოვალენი ვართ, ნდობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს, სიყვარულითა და კეთილშობილებით ვიბრძოლოთ ნამდვილი გამარჯვებისთვის, ორივე ერის გადარჩენისთვის, მომავლის ღიმილისთვის, წარმატებული ურთიერთობისთვის. ოცდამეერთე საუკუნის დაძაბულ მსოფლიოს უნდა მივცეთ ცივილიზებული, მშვიდობიანი, მაღალზნეობრივი, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ჰარმონიული თანაარსებობის საუკეთესო მაგალითი. ჩვენ გვაქვს ამის ძალა, მადლი, ნიჭი. "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". მეგრულ ენაში ერთი ასეთი სიტყვა გვაქვს -"ვაშინერს", რომელიც ჩვეულებრივ აკრძალვას,ტაბუს არ ნიშნავს. მას ღვთიური უარყოფის ძალა აქვს. "ვაშინერს"! - იტყვის კოლხი კაცი და მას იქით ვეღარ გადააბიჯებს, ვერ მიისაკუთრებს, ვერ მიიტაცებს, აუგიანი გრძნობით სავსე ხელს არ შეახებს. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის საქართველოში, ბევრმა იცის და მოსწონს კიდეც, რადგან თითოეული სიტყვა ხომ თავის ენერგიას დაატარებს და ამ ძალით მკვიდრდება ჩვენში. დაფიქრდი, ერთ დროს კეთილო მეზობელო, მეგობარო, მოყვარევ, ახლა ჩემს ეზო-კარში მცხოვრებო, ეგ ყველაფერი ჩემი წილი და ხვედრია, ჩემი წარსული და მომავალია, ჩემი სიხარულისა და მადლის აკვანია, დიდი ბაბუის მიერ დალოცვილი ფუძეა... არა გაქვს უფლება წამართვა, მომწყვიტო, მისი მზერა და მოფერება ამიკრძლო. ვაშინერს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!
27 აგვ
ვაშირენს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!
ნაწილი -III ჩვენ "ვეფხვისა და მოყმის" ავტორი ერი ვართ. ქართველი ქალი თავისი შვილის მკვლელის დედასთან მიდის სამძიმარზე, იქნებ "ჩემზე მეტად სტირისო". სწორედ ესაა დიდი შინაგანი კულტურა, რომელიც ყოველთვის მზიანობს ქართველში. შენ კი იმ ერს მიეკუთვნები, რომელსაც ჰუმანურობის უდიდესი ნიჭი აქვს. საყოველტაოდ ცნობილია, რომ აფხაზმა კაცმა შვილის მკვლელი სახლში შეიფარა. ღირსეულმა მწერალმა მიხეილ ლაკერბაიმ ეს შემთხვევა თავისი მოთხრობის თემადაც გამოიყენა. მიტევების ეს მადლი არ გამქრალა, ისევ სახლობს თქვენს გულებში. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ შენს ნაგრამს ქართველებზე აუგითა და უსიყვარულობით არ აღზრდი, სიძულვილს არ ჩაუნერგავ. ჩემი შვილისშვილი, დიდი ბაბუას მოსახელე, სარდიონ კვარაცხელია, ჯერ ცამეტი წლისაა და უკვე ოცნებად ექცა აფხაზეთის ნახვა. თქვენ ამაყობთ გიორგი შარვაშიძით, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟით. მისთვის მეორე ენა ქართული იყო. თერგდალეულთა თანამოაზრე და მათ გვერდით მდგომი კარგად იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. იბრძოდა ორი მოძმე ერის, ქართველებისა და აფხაზების, ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის. გიორგი შარვაშიძე საქართველოს "ჩვენი სამშობლო ივერიას" უწოდებდა . საყოველთაოდ ცნობილია მისი მიმართვა ანტიქართულად განწყობილი აფხაზი ნაციონალების მიმართ: "თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმექმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისკენ იყურებიან, მე კი - თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისთვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირსა და ლხინში". ამას თქვენი ღირსეული შვილი და ევროპულად მოაზროვნე მოგიწოდებდათ.მის ლექსს "ვარადას" სიმონ ჯანაშიამ "უშინაგანესი ლირიკული მღელვარების პოეტური შენივთება უწოდა", ხოლო ჩვენმა უკვდავმა ჰამლეტ გონაშვილმა აამღერა. აი, ურთიერთობის ასეთი კულტურა გვქონდა. განა ეს ყველაფერი უნდა გავაქროთ, გავწიროთ და შვილების თაობას არ გადავცეთ? დიდმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა საქართველოში ყოფნისას "ვეფხისტყაოსნის" გმირის, ტარიელის, სახის შესაქმნელად გიორგი შერვაშიძის ნატურა გამოიყენა. ამ რჩეულ აფხაზს ქართული კულტურა გამშობლიურებული ჰქონდა.სასიქადულო პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ "აფხაზურ კანტატაში"დიდი სიყვარულით მოგმართათ და თითქოს დაგმოძღვრათ კიდეც: "ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უსაქართველოდ". მურმან კვარაცხელია გაგრძელება იქნება
26 აგვ
ვაშირენს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!
ნაწილი - II მე "ბედნიერი ტანჯული" ვარ. ბედნიერი, რადგან აფხაზეთში მეღირსა დაბადება, ამ ღვთიურმა მხარემ აღმზარდა, გამომაყოლა სამყაროს ბილიკებზე სავალი მადლი,მაზიარა ყველაფერს ამაღლებულს. ტანჯული კი იმიტომ,რომ დავდივარ ქართული ცის ქვეშ და სამშობლოში სამშობლოს ვეძებ, უსამშობლოო ადამიანის განცდა მტანჯავს. აფხაზო, ეგ ადგილები შენთვის მხოლოდ ჩვეულებრივი საცხოვრისია, მაგრამ ჩემთვის საკრალური სიწმინდეა, ნაკრძალია, "ჩემი საკუთარი ემბაზია", ადგილი, რომელმაც აღმზარდა, ფიქრისა და ოცნების უნარი მასწავლა. მამა მმოძღვრავდა მუდამ, საქართველოსთვის აზროვნებას მასწავლიდა. მას ყოველთვის მესამშობლე კაცად ვთვლიდი. ამის ბრწყინვალე მაგალითი თვითონ მომცა. 4 წელი იბრძოდა დიდ სამამულო ომში. გერმანიაში ტყვედყოფნის ტკივილიც გაიარა და პარტიზანული განსაცდელიც. ამერიკელები მოუხიბლავს მოხერხებულობითა და გამბედაობით. ომის დამთავრების შემგედ თან წაყვანა შეუთავაზებიათ. ყველა პირობას შეგიქმნით, დიდ წარმატებას მიაღწევო. უარი უთქვამს, ჩემი სიცოცხლის უმთავრესი პირობა აფხაზეთია, ვერ ვუღალატებო. ხშირად მარიგებდა, ამ მიწის გარეთ ბედნიერების ძებნის უფლება არა გაქვსო. ეს მოგონებები მანდ მაქვს შენახული, აქ როგორც არ უნდა გავიხსენო, არც ფერი ექნება და არც სურნელი. მე მაგ კედლებში მწვრთნიდა მამის ავტორიტეტი. იგივე უნდა გამეკეთებინა ჩემი შვილების მიმართ, მაგრამ ვეღარ გადავეცი ბაბუის ხელწერა. ვეღარ შემოვისხი დიდ ბუხართან საბაასოდ, აღარ მიმიშვით, უგულოდ მომიჯარეთ კარი. ორ ათეულ წელზე მეტი ამომიგდეთ სიცოცხლის სივრციდან. სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ ჩვენი სახლ-კარის მფლობელნი არ გახდით. ძვირფასი სამარეებიც დაგვიტყვევეთ. იქნებ წუთით დაფიქრდეთ მათ ბედზე.ქართველებს მუდამ წესად გვქონდა წინაპართა განსასვენებლის პატივისცემა,თქვენ კი ამის საშუალება წაგვართვით. მამაჩემის საფლავი ნარ-ეკალს გადაუძოვია, იქიდან იმზირება მისი სევდიანი სული, თითქოს შველას მთხოვდეს, ერთი სანთლის დანთებას. ბუნებრივია, ეს ომი თქვენთვისაც სასტიკი იყო, დიდი ტკივილი დაგიტოვათ, მაგრამ საკუთარი სახლებიდან არავის აუყრიხართ, დროებით გადაადგილებულები არ დაგირქმევიათ, უარესი - "ლტოლვილით" არ მოუმართავს არავის. ჩვენ ორმაგად ვიტანჯებით, აღარც ფუძე-კარი გვაქვს და აღარც აფხაზეთი, საქართველოს უღვთოდ ჩამოხლეჩილი ულამაზესი ნაწილი. ამის გადატანა არცთუ ისე იოლია, ეს სამარადჟამო იარაა. აფხაზო! თქვენც კარგად იცით ისტორია, ვისი რა არის, ესეც ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ოდითგან მშვიდად, მეგობრულად გვიცხოვრია, ერთმანეთის ქალი გვითხოვია რძლად, ვაჟი სიძედ მიგვიღია, ჭერი და ფუძე დაგვილოცავს, გვიმღერია, ქვეყანა გვიშენებია.ქართველი ის ერია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სითბოთი, სიყვარულით,სტუმრის დახვედრით, უცხოს პატივისცემით. ეს თქვენც გამოსცადეთ. ხშირად მიფიქრია, ჩვენს თვზე დატრიალებული უბედურების მიზეზი ვინაა, თქვენ, ჩვენ თუ მესამე, თავისი ინტერესებისთვის, ამბიციებისთვის რომ შეგვაჯახა ერთმანეთს, მტრებად რომ გვაქცია, ცოდვა რომ ჩაგვადენინა. ის რაც მოხდა, ნამდვილად არ ეკადრება არც შენი და არც ჩემი ერის კულტურას. ოც წელზე მეტია, სხვას ვთხოვთ ჩვენი ჩატეხილი ხიდის გამთელებას. ვრწმუნდებით, რომ მსოფლიოს ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ მიგვიყვანს ერთმანეთის გულებამდე. ავტორი მურმან კვარაცხელია გაგრძელება იქნება
26 აგვ
ვაშინერს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!
ნაწილი I შენ მინდა შეგეხმიანო, აფხაზო, ჩემს ძირძველ ოდაბადეში მცხოვრებო ადამიანო. შენმა ოჯახმა მინდა გაიგოს ჩემი ტკივილი, სევდიანი ფიქრები, შეიგრძნოს ის ცრემლი, რომელიც მხოლოდ ცხადში კი არა, სიზმარშიც ნამავს ჩემს სახეს. მე ის კაცი ვარ, რომელიც ამ ფუძე-კერიის ბატონიც ვიყავ და პატრონიც. ჩემი ბავშვობის ტკბილ სიზმრებს მანდ ჰქონდათ სასთუმალი, თითოეული ოთახის კედელს მამაჩემის დიდი ოჯახის სურნელი აკრავს.ეგ არემარე, ახლა რომ ასე ახარებს თქვენს გულს, ჯერ კიდევ ჩვენი ნაფეხურებით სუნთქავს, ჩვენი გულების მარადიული ველია, მას შეუძლია მხოლოდ ჩვენთვის იყოს მშობლიური, თბილი,სიკეთისა და მადლის მომცემი. მანდ ყველაფერი ჩვენი სიყვარულით არსობდა, ცოცხლობდა, ეზოს მწვანე ბალახიც კი დედაჩემის თბილი ხელით ლაღობდა, მის ალერსიან ჩურჩულს იყო ჩვეული ბაღიც და ბოსტანიც, ფაცხაც სახლის ჭერიც, ის დიდი მადლიანი დიასახლისი იყო. თქვენ კი სხვისი კერიის ხვავით ხართ განებივრებულები,რადგან ჩვენი დოვლათის მფლობელნი ახლა თქვენ ხართ. სხვისი კედლები გიცავენ ცხოვრების ქარისა და ვნებისგან, სხვისი ბუხრის ტკარცალი გათბობთ, სხვისი სახლის კარიბჭეს ამაყად აღებთ! აფხაზო! ოდესმე დაფიქრებულხარ, მე როგორ ვცხოვრობ, რა ტკივილი მტანჯავს, როგორიმონატრება სახლობს ჩემს სულში. იცი, რა გახდა ჩემთვის ენგურს გამოღმა საქართველო? სიზმარშიც კი ვეძებ იმ ნაფეხურებს,რომლებიც ჩემს ჭიშკრამე მიმიყვანს, ალბათ, ცრემლით დავასველებდი ყველაფერს, კარიდან დაწყებული ვაზის ბოლო ფოთლით დამთავრებული.ადამიანმა სახლი ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში შეიძლება შეიძინოს, მაგრამ იმ სურნელსა და მადლს ვერასოდეს შეიგრძნობს, მშობლიურ კერიას რომ გააჩნია. ჩემი სამშობლო მხოლოდ მაგ ჭიშკრიდან იწყება, ჩემი მამულის სიყვარულიც მანდ დაიბადა, მაგ მადლმა დააწყებინა სუნთქვა. შენ არ გინახავს დედაჩემის, დედა-დევნილის, სევდაჩაგუბებული თვალები, აფხაზეთის დარდით მუდამ ცრემლით ჰქონდა სავსე. წვიმის დროს მიჯდებოდა ფანჯარასთან და გაყუჩდებოდა, ჩვენ აღარ გვიყურებდა. ერთხელ ვკითხე: დედა, რას უსმენ-მეთქი? ჩვენი ოდის საწვეთურების ხმა ჩამესმისო. გესმის აფხაზო, ის ხმაც კი წამოიყოლა დედამ, ისიც თბილად და მონატრებით შეინახა. მითხარი, ამ განცდას სად ვიყიდი,არსებობს მისი შეძენის საშუალება? აღსავლის კართან მიახლოებულმა ფიცი დამადებინა, რომ მანდ დაბრუნების შემდეგ მის ძვლებს თბილისში არ დავტოვებდი,ჩემს აფხაზეთში დამაბრუნე, მის მიწაში მომასვენეო. ყველა ოჯახს აქვს თავისი ისტორია, რომელიც იდუმალი ხელით იწერება სახლის კედლებზე. ამიტომ შენ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ჩვენი მატიანე გიყურებს ყოველი კუთხიდან, მაგ კერიისთვის უცხო ხარ! შენი ოჯახის ისტორია იმ მადლით ვეღარ დაიწერება, არ მიგიღებს, არ შეგითვისებს, ფუძის ანგელოზი ვერ გადმოგხედავს ლოცვით. მას ყოველთვის თვისი ძირძველი პატრონი მოენატრება. ჩემი სულის გამონაჟონი მანდაა, დრო-ჟამი ვერაფერს დააკლებს, ვერც შენ მოერევი, ვერ წაშლი. ჩემი სახლის მერცხლები ვერასდროს შეგიყვარებენ ჩემსავით, რადგან ისინი ჩემთან ერთად წამოვიდნენ სახლიდან სამუდმოდ. აფხაზო, თავი თუ ბედნიერად არ იგრძნო, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება. რაც არ გეკუთვნოდა, იმისი მფლობელი გახდი, სხვის მადლსა და წყალობას ჩაეზიარე, სხვისი სითბო მოისხი ქურქად, სხვისი სიხარული და ბედნიერება მოიპარე... შენ როგორ ფიქრობ, განა სახლი არ გრძნობს, არ ოცნებობს, არ ენატრება, არ უხარია?! ეს უნარი მას ჩვენზე მეტადაც აქვს. ისიც ოჯახის წევრია, ოღონდ უტყვი, ჩუმი, ბაგემდუმარე. შენს წესებს ვერ მიიღებს, რადგან ჩემს სულიერ ნიშანსვეტსაა ჩვეული. ავტორი მურმან კვარაცხელია გაგრძელება იქნება
24 აგვ
დედა-მასწავლებელი
როგორ სათუთად შემოუნახავს... ნეტა განახათ,როგორ ეფერება თითოეულ ფოტოს...როგორ გეფერებათ თქვენ,ვინც ამ ფოტოებზე ხართ გამოსახული... თქვენით სუნთქავს...თქვენით ხარობს... და ტირის... რომ ფოტოზე აღბეჭდილი სახეებიდან უკვებევრმა დატოვა... როგორი ამაყია თქვენით... ჭეშმარიტი მასწავლებლის,მოწოდებითმასწავლებლის სიტყვები მითხრა,როცა მოსწავლეებს იხსენებდა... არსებობს აკადემიური მოსწრებით წარჩინებული და არსებობს წარჩინებული მოსწავლეო... პატრიარქის სიტყვები გამახსენდა;მასწავლებლების მიმართ თხოვნა, -რომ მასწავლებლებმა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე კი არ გააკეთონაქცენტი,არამედაღმოაჩინონ ამ პატარა ადამიანში ჩაბუდებული ნიჭი... ავრორა მასწავლებელს ყველა თავის ნამოწაფარში აქვს აღმოჩენილინიჭი და მაქსიმალურად ხელიშეუწყვიამათი ნიჭის განვითარებისთვის,როგორც დედას... პროექტი "მასწავლებლები მშვიდობისთვის" სწორედ ასეთი დედა- მასწავლებლების, ასეთი დედა- აღმზრდელების იმედით და დახმარებთ იკვლევს გზას სისხლიან ლაბირინთებში. ვებ გვერდი Ganakhleba.Ge არის პლატფორმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვიდრთათვის. გავიხსენოთ და ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს. გავერთიანდეთ ამ საშვილთაშილო საქმეში!
17 აგვ
სულ იქნება ჩვენს მამულში "აი ია - აი ია"
"ჩვენ ყველანი ჩვენივე ბავშვობიდან მოვდივართო"- უთქვამს ეგზიუპერს. მართლაც სკოლაში სწავლის პერიოდიც ხომ ბავშვობის ხანაა... ამიტომ გვახსენდება ასე ტკბილად და თბილად...მუდამ ტრიალებს ჩვენს გულსა თუ გონებაში,. სულ გვახსოვს,სულს გვითბობს ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების ბალავარი. ამ დუნიაზე ბედის ულმებოლობით მიმოფანტული კლასელები, რომ შევიყრებით, ახლაც ამ ზრდასრულ ასაკშიც ისეთები ვხდებით როგორც სკოლაში ვიყავით...თითქოსდა ბავშვობაში ვბრუნდებით თუ ვმოგზაურობთ... ჩემი სკოლა,მერხეულის საშუალო სკოლა,ჩემს ცნობიერებასა და მახსოვრობაში სამუდამოდაა ჩაბეჭდილი. მკაფიოდ მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა მასთან...დიდი, თეთრი, კოლონებიანი, ლამაზი სკოლა.მოვლილი და მოწესრიგებული... პირველი მასწავლებელი , პირველი გაკვეთილი,პირველი დღე სკოლაში გატარებული და პირველი "აი ია"...
23 ივლ
მასწავლებლები მშვიდობისთვის
თემა - "მასწავლებლები მშვიდობისთვის". ორგანიზატორი -საზოგადოება განახლება 2018 და პროექტი "აქ ჩემი სახლია" . მასპინძელი -თბილისის 53-ე ბიბლიოთეკა. სტუმრები - განახლების ეგ.ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლის მასწავლებლები და ამავე სკოლის ნამოწაფარი მასწავლებლები. შეხვედრაზე მოხდა ვებ.გვერდის www.Ganakhleba.Ge წარდგენა. ვისაუბრეთ მასწავლებლის როლზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში. დაფიქსირდა და შეჯერდა ერთი ჭეშმარიტი აზრი - ყველა ეროვნების ადამიანს ჰყავს მასწავლებელი, ყველა მასწავლებელი ასწავლის სიკეთეს და სიყვარულს, მასწავლებელი არ ასწავლის ბოროტებას, ამიტომ მასწავლებლის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანესია. იხილეთშეხვედრის ამსახველი ფოტოკოლაჟი.
13 ივლ
მასწავლებელი
საოცარი სიტყვაა "მასწავლებელი". როგორ ლამაზად და ლაკონურადაა გადმოცემული პედაგოგის მნიშვნელობა... მასწავლებელი... ჩვენ ვწყდებით დედის კალთას და ვიწყებთ მოგზაურობას სიბრძნისადა ცოდნის სამყაროში... ამ სამყაროში ძნელია გზის გაკვლევა, ამიტომ მეგზურად და გზამკვლევად უფალმა დაგვიწესა ადამიანი, რომელსაც "მასწავლებელი" ეწოდება. დიახ, ჩვენმასწავლებელმა გვასწავლაბოროტის და კეთილის გარჩევა, ჩვენმასწავლებელმა გვასწავლასამშობლოს სიყვარული და მოვალეობა სამშობლოს დაცვისა და მოვლისა, ჩვენმასწავლებელმა გვასწავლა მეგობრობა და სიყვარული... პროექტი "აქ ჩემი სახლია" დაიწყო მასწავლებლის პატივისცემით და პირველ რიგში მასწავლებლის აზრის მოსმენით... ვფიქრობდღესაც მასწავლებელმა უნდა გაგვიყვანოს სიკეთის გზაზე, ვფიქრობ მასწავლებელს აქვს უფლისგან ბოძებული ნიჭი, გვაპოვნინოს გამოსავალი.... მოგიწოდებთ ყველა მასწავლებელს, გაერთიანდით საქართველოს ერთიანობის საკითხში და გვასწავლეთ, როგორ მოვიქცეთ, გვასწავლეთ როგორც აქამდე გვასწავლიდით!!!