დაუკარგავი იმედი - ფილმის ჩვენება
გაზაფხული - წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო. დრო ბუნების გამოღვიძებისა და ადამიანებში მიძინებული გრძნობების, ემოციებისა და სურვილების რეანიმაციისა... თითქოს რა უნდა იყოს ახალი?- იფიქრებს ადამიანი. ბანალური სეზონის ცვალებადობა და ცხოვრების მონოტონური რეჟიმი. მაგრამ ცხოვრება ბევრჯერ მოულოდნელ სიურპრიზს გვიმზადებს. სიურპრიზი შეიძლება გვაკავშირებდეს როგორც მომავალთან, ასევე გვაბრუნებდეს ლამაზ წარსულთან ლამაზი ფორმით, რაც შეიძლება იყოს თუნდაც ერთი შინაარსიანი დღე მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრით გაჯერებული.
2018 წელი, თბილისი, 23 აპრილი...
25 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ,,თბილისი არტ-ჰოლში" შემდგარი შეხვედრა დოკუმენტური ფილმის ,,დაუკარგავი იმედი" პრემიერის მოლოდინში მომღიმარი სახეებით და იმედით ანთებული თვალებით ვეძებთ ნაცნობ სახეებს. გონებაში იელვებს ბავშვობის სილუეტები და მათ ნაცვლად გვრჩება წლებით და მოლოდინით დაღლილი სახეები. არ ვიმჩნევთ, რომ ცხოვრების ტვირთმა მოგვხარა წელში, მაინც ამაყად ვართმევთ ერთურთს ხელს, ვეფერებით, ვესიყვარულებით და ვცდილობთ უფრო მეტი ნუგეში დავინახოთ ერთმანეთის თვალებში, რის საბაბსაც გვაძლევს იქვე მყოფი ახალი თაობა - ნარჩევი გოგო-ბიჭები. იმრავლოს თქვენმა გენმა! - ვლოცულობ ჩემთვის გონებაში...
ამასობაში კი დგება ფილმის სეანსის დროც და სიჩუმე ისადგურებს ,,არტ-ჰოლის" დარბაზში. ეკრანზე იშლება ისტორიის წიგნი და ქრონოლოგიურად ერთმანეთს ენაცვლება ომისა და მშვიდობის კადრები. იგრძნობა ფილმის სიუჟეტად ქცეული ტკივილის გამოძახილი. ტრიალებს ფრაგმენტები, ჩვენი სამოთხედ წოდებული აფხაზეთის, ერთ-ერთი ლამაზი სოფლის, განახლების ცხოვრებიდან და მისი ღირსეული თანამემამულეების საუბრებში ცოცხლდება წარსული. ვუცქერთ ფილმს და ვდუმვართ...
ვფიქრობ, ეს ის წუთებია, როცა განსხვავებული აზრი და ფიქრი არ არსებობს, ყველანი ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ იმედი ბოლოს კი არა, საერთოდ არ კვდება, რადგან ფაქტია საუკუნის მეოთხედმა-25-მა წელიწადმა ვერ გატეხა ადამიანები, პირიქით - ჩვენ წამოვდექით, ცხოვრება გავაგრძელეთ, გავმრავლდით და კიდევ უფრო გავმრავლდებით მტრის ჯინაზე და მთელი მსოფლიო ჩვენ ვიქნებით! აი მაშინ კი, ჩვენი კუთხეც ჩვენი იქნება, ასჯერ და ათასჯერ უფრო ლამაზი და აყვავებული, ვიდრე იყო და ამ ლამაზი საღამოთი გაცოცხლებული დაუკარგავი იმედი იქნება სტიმული დროებით დაკარგული წალკოტის, ჩვენი მშობლიური სოფლის, განახლების და სრულიად აფხაზეთის დასაბრუნებლად!
ავტორი: ეკატერინე კვიციანი