სოხუმი - ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 27 კმ².
ისტორიულ წყაროებში სოხუმი იხსენიება ძვ.წ. VI საუკუნიდან, ქართული სახელით დიოსკურია. ქალაქი კოლხეთის სამეფოს მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო, სადაც ბერძნული სავაჭრო ფაქტორია არსებობდა.
1810 წელს სოხუმი და აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო, 1846 წელს ნავსადგურად გამოცხადდა, ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. 1918-21 წწ-ში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სოხუმში აიგო უამრავი ახალი შენობა ნაგებობა, სანატორიუმები, სასტუმროები, მოეწყო სანაპირო ზოლი და გადიდდა პორტი. 1989 წლისათვის სოხუმი იყო საბჭოთა კავშირის ერთ ერთ ყველაზე მდიდარი ქალაქი. ტურისტული პოტენციალით იგი უსწრებდა ყველა ქალაქს საბჭოთა რესპუბლიკებში.
სოხუმი ომამდე საქართველოს მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა. სოხუმში და სოხუმის რაიონში თავმოყრილი იყო მრავალი საწარმო და ფაბრიკა-ქარხანა: გაზის მოწყობილობების ექსპერიმენტული, ,,სოხუმხელსაწყოს“, ლუდისა და ხილის წვენების, ნახშირმჟავების ექსტრაქტების საცდელი, ქიმიური, გემსარემონტო და მექანიკური ქარხნები; ფეხსაცმლების, ქსოვილების, სამკერვალო, გალანტერიის, სუვენირებისა და ხალხური რეწვის, საკონდიტრო, ჩაის, თამბაქოს და ავეჯის ფაბრიკები; თევზმჭერი და თევზსაკონსერვო კომბინატი, ,,აფხაზღვინკომბინატი“, ციტრუსების, მეცხოველეობის, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები და ა.შ.
სოხუმში არსებობდა სხვადსხვა ტიპის სამეცნიერო - საგანმანათლებლო დაწესებულებები: სოხუმის უნივერსიტეტი , რომელიც 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (სსმი), სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (სფტი), სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მაიმუნთსაშენი), სოხუმის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.ი.გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტი.
აფხაზეთის ომის პერიოდში სოხუმი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. მასზე გადიოდა გუმისთის ფრონტი, რომელსაც იცავდა 23-ე ბრიგადა. ქალაქმა ამ პერიოდში უამრავი თავდასხმა გადაიტანა. ომი სწორედ სოხუმის დაცემით დასრუდა. რომელიც ქართული ეთნოსის უძლიერესი ცენტრი იყო აფხაზეთში. ომის შედეგად ქალაქი ძლიერ დაზარალდა. დაინგრა შენობა-ნაგებობების საკმაო ნაწილი. ომის შემდგომმა ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა კოლაფსმა გაანადგურა ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალი. მოსახლეობის 65%-მა დატოვა ქალაქი და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
ცნობილი სოხუმელები
- გურამ გაბესკირია
- ანატოლი კაჭარავა
- დემნა გვასალია
- ნიკა გვარამია
- ვერა ქობალია
- გურამ ოდიშარია
- კახა კინწურაშვილი
- ნიკანდრო ბასილაია
- ვიქტორ სანეევი
- ლევან ჩილაჩავა
- ზურაბ კოპალიანი
- დიანა ღურწკაია
- დავით თევზაძე
ღირსშესანიშნაობები
- ბაგრატიონთა ეპოქის (XI ს.) ნანგრევები,
- სოხუმის ბოტანიკური ბაღი
- სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან
- უნიკალური ფერმა-ლაბორატორია — პრიმატარიუმი.
- ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
- ბაგრატის ციხე — ცხუმის სამთავრო - მთავრის სამყოფელი.
- თამარ მეფის ხიდი (XII ს.)
- ძველი სოხუმი (XIX ს.)
- ეშერის სამხედრო-გეოლოგიური კვლევების უნიკალური ლაბორატორია.
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლი
- ანტიკური ქალაქის ნანგრევები (ძვ.წ. V-IV ს.)