შორენა გოროზია და პროექტი "აქ ჩემი სახლია"

05 ნოე 2019

 

ეს არის ვებ გვერდი,რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რომ საქართველოს  ოკუპირებული  კუთხეებიდან დევნილმა მოსახლეობამ ერთად განაახლოს ისტორია. 

თავის მხრივ ეს პროექტი 2 წლის ხდება და ამ ვებ გვერდის შექმნასაც  თავისთავად  საკუთარი ისტორია აქვს. 

ასე დავიწყებ თითოეული  მოგონების   შესავალს.  

როდესაც გადავწყვიტე  შემეკრიბა და გამეერთიანებინა ჩემი თანასოფლელები, შევქმენი ფეისბუქ ჯგუფი  განახლება, პირველი ვისაც დავუკავშირდი ეს იყო შორენა გოროზია. 

ჩვენ თანასოფლელები ვართ და ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ არც იქ არც აქ დიდი ურთიერთობა არ გვქონია. 

დაახლოებით 12  წლის წინ  ერთ-ერთ სოციალურ  ქსელში გამოვეხმაურეთ ერთმანეთს, მაშინ ის გასათხოვარი იყო მე კი მეორე შვილს ველოდებოდი.ხანმოკლე მიმოწერის შემდეგ მე გავქრი იმ სოციალურ ქსელიდან. 

პროექტის ამოქმედებამდე ერთი წლით ადრე დამიმატა ფეისბუქ მეგობრებში, დავეთანხმე, სულ ეს იყო. ( ხომ ხდება,ხოლმე  ვეთანხმებით მეგობრობას,მაგრამ არანაირი მიმოწერა არ გვაქვს.) 

რატომ აღვწერე დეტალურად ეს ყველაფერი?! _იმიტომ,რომ  2018 წლის 25 იანვარს შორენას  ყოველგვარი მოკითხვის გარეშე  ტელეფონის ნომერი ვთხოვე, დავურეკე და ვუთხარი მე  ვიწყებ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, ჩვენი სოფელი უნდა შევკრიბოთ, ეს დიდი საქმის დასაწყისია,  ოღონდ ძალიან საფრთხილო, შეიძლება უფრსკულში გადავვარდეთ ორივე და მომყვები ამ საქმეში  მეთქი?!  - დეტალები არ ამიხსნია.  

შორენას პასუხი: "თუ ეს ჩემს სოფელს სიკეთეს  მოუტანს ორივე ხელი ამიწევია, მოგყვები და სადაც შენ გადავარდები იქ მეც გადმოგყვებიო"...  

წამომყვა და ახლაც ჩემთან ერთად დადის დანის პირზე...  

ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ ერთად, ბევრი ტკბილი დღეები,თუმცა მძიმე დღეები და უძილო ღამეები მეტი გვქონდა, ბევრი გვყავდა მტრობის და შუღლის ჩამომგდები და ჩვენი ერთობის  გახლეჩის მოსურნე....

ახლა ყველაზე მთავარი უნდა ვთქვა  საჯაროდ: შეიძლება ბევრს ვაწყენინე ამ პროექტის მსვლელობის დროს,დარწმუნებული ვარ უნებლიედ,თორემ შეგნებულად არავის წყენინება არ გამივლია აზრად.... 

მაგრამ აი შორენასთან  და ლაშასთან კი ვსცოდავ, რადგან ყველა წვრილმანი ნიუანსიც კი განიხილებოდა მათთან ერთად და მუდმივად  აზრთა სხვადასხვაობა და აზრთა ჭიდილი გვქონდა, გაცეცხლებული რომ დავურეკავდი ტელეფონს შორს დაიჭერდა და დამაცდიდა  ემოციების ვულკანივით ამოფრქვევას  ...

ლაშა  მელაძე კი მეტყოდა მიდი ახლა მე მეჩხუბე, კარგად მეჩხუბე და  მშვიდად გადი ლაივში, არავინ შეგატყოს ნერვიულობაო.

მართლა არ ვიცი რამ გააძლებინა ამ გოგოს ჩემთან. 

ალბათ იმ დიდმა საქმემ, რომელსაც ჩვენ მოვეჭიდეთ ცარიელი ხელებით და სრულიად გამოუცდელები, მადლობა უფალს,რომ მართალი გზით გვატარა ... 

საჯაროდ შენდობას გთხოვ შორე და ზუსტად ვიცი ისევ ისე კინკლაობით გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს ჩანაფიქრს... 

კიდევ ბევრი რამ შემიძლია დავწერო შენს სიკეთეზე, ამ პროექტისთვის გატარებულ უძილო ღამეებზე, შენს პატრიოტულ სულისკვეთებაზე, შენს გოროზობაზე, შენს გულწრფელობაზე და ბავშვურ ხასიათზე, შენს სისპეტაკეზე, მეგობრის  გატანაზე და ა.შ... მაგრამ ზოგი რამ მომავლისთვისაც დავიტოვოთ. 

მადლობა, რომ მყავხარ! 

 პროექტის "აქ ჩემი სახლია"   იდეის ავტორი და ვებ გვერდის  Gakhleba.Ge  ადმინისტრატორი სვეტლანა ჩხვიმიანი 

ეს ჩვენი პროექტის ისტორიაა. 

 

გაგრძელება იქნება...