აფხაზეთის მთებში გაჩენილო ზენავ

04 მაი 2020

⭕ აფხაზეთის მთებში მოსაგრე ქართველ მამებს მამა იოაკიმე (შენგელაია, +1954) აკითხავდა. გზა გასაიდუმლოებული იყო. ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოსულა. მამა იოაკიმეს უფიქრია, ვინ მიხედავს ამ ბერებსო. მოუგროვებია სურსათი და გასდგომია გზას საიდუმლო გამოქვაბულისაკენ. მიარღვევს თურმე გაჭირვებით თოვლს. ამ დროს ტყიდან მისკენ დათვი წამოსულა. "გავშეშდი, - უთქვამს მამა იოაკიმეს, - დავხუჭე თვალები - ალბათ ეს არის ჩემი აღსასრული-მეთქი. ახლოს მოვიდა, ცხლად შემომასუნთქა და წავიდა. ცოტა ხანში გავახილე თვალები და რას ვხედავ, დათვი ოთხზე დამდგარა და გზას ტკეპნის. მელოდა, მელოდა და რომ არ დავიძარი, მომხედა, თითქოს მითხრა, - რას შვრები, რატომ არ მოდიხარო. მივხვდი, რომ ღვთისგან იყო და გავყევი. როცა გამოქვაბული გამოჩნდა, დათვი ლაწალუწით დაეშვა ქვემოთ. შევედი ბერებთან, ფერი არ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - მკითხეს ღიმილით". 

ამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და უფროსს მიუყვანეს. ბიჭები დუმდნენ. უფროსმა მათი დაპატიმრება ბრძანა. იმავე ღამეს მილიციის უფროსი მოულოდნელად საშინელმა ტკივილმა ლოგინად ჩააგდო. უეცრად ხილვით სადღაც, მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო, - ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით და ვლოცულობთო, - უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი! ხომ არ გაგიჟდით, სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ: "თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო მაგ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გამოუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირსებიო". მართლაც, გონს მოსვლისთანავე უბრძანებია დაჭერილთა გაშვება და განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო...