ნაწილი I
შენ მინდა შეგეხმიანო, აფხაზო, ჩემს ძირძველ ოდაბადეში მცხოვრებო ადამიანო. შენმა ოჯახმა მინდა გაიგოს ჩემი ტკივილი, სევდიანი ფიქრები, შეიგრძნოს ის ცრემლი, რომელიც მხოლოდ ცხადში კი არა, სიზმარშიც ნამავს ჩემს სახეს.
მე ის კაცი ვარ, რომელიც ამ ფუძე-კერიის ბატონიც ვიყავ და პატრონიც. ჩემი ბავშვობის ტკბილ სიზმრებს მანდ ჰქონდათ სასთუმალი, თითოეული ოთახის კედელს მამაჩემის დიდი ოჯახის სურნელი აკრავს. ეგ არემარე, ახლა რომ ასე ახარებს თქვენს გულს, ჯერ კიდევ ჩვენი ნაფეხურებით სუნთქავს, ჩვენი გულების მარადიული ველია, მას შეუძლია მხოლოდ ჩვენთვის იყოს მშობლიური, თბილი,სიკეთისა და მადლის მომცემი. მანდ ყველაფერი ჩვენი სიყვარულით არსობდა, ცოცხლობდა, ეზოს მწვანე ბალახიც კი დედაჩემის თბილი ხელით ლაღობდა, მის ალერსიან ჩურჩულს იყო ჩვეული ბაღიც და ბოსტანიც, ფაცხაც სახლის ჭერიც, ის დიდი მადლიანი დიასახლისი იყო.
თქვენ კი სხვისი კერიის ხვავით ხართ განებივრებულები,რადგან ჩვენი დოვლათის მფლობელნი ახლა თქვენ ხართ. სხვისი კედლები გიცავენ ცხოვრების ქარისა და ვნებისგან, სხვისი ბუხრის ტკარცალი გათბობთ, სხვისი სახლის კარიბჭეს ამაყად აღებთ!
აფხაზო! ოდესმე დაფიქრებულხარ, მე როგორ ვცხოვრობ, რა ტკივილი მტანჯავს, როგორი მონატრება სახლობს ჩემს სულში. იცი, რა გახდა ჩემთვის ენგურს გამოღმა საქართველო?
სიზმარშიც კი ვეძებ იმ ნაფეხურებს,რომლებიც ჩემს ჭიშკრამე მიმიყვანს, ალბათ, ცრემლით დავასველებდი ყველაფერს, კარიდან დაწყებული ვაზის ბოლო ფოთლით დამთავრებული.ადამიანმა სახლი ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში შეიძლება შეიძინოს, მაგრამ იმ სურნელსა და მადლს ვერასოდეს შეიგრძნობს, მშობლიურ კერიას რომ გააჩნია. ჩემი სამშობლო მხოლოდ მაგ ჭიშკრიდან იწყება, ჩემი მამულის სიყვარულიც მანდ დაიბადა, მაგ მადლმა დააწყებინა სუნთქვა.
შენ არ გინახავს დედაჩემის, დედა-დევნილის, სევდაჩაგუბებული თვალები, აფხაზეთის დარდით მუდამ ცრემლით ჰქონდა სავსე. წვიმის დროს მიჯდებოდა ფანჯარასთან და გაყუჩდებოდა, ჩვენ აღარ გვიყურებდა. ერთხელ ვკითხე: დედა, რას უსმენ-მეთქი? ჩვენი ოდის საწვეთურების ხმა ჩამესმისო. გესმის აფხაზო, ის ხმაც კი წამოიყოლა დედამ, ისიც თბილად და მონატრებით შეინახა. მითხარი, ამ განცდას სად ვიყიდი,არსებობს მისი შეძენის საშუალება? აღსავლის კართან მიახლოებულმა ფიცი დამადებინა, რომ მანდ დაბრუნების შემდეგ მის ძვლებს თბილისში არ დავტოვებდი,ჩემს აფხაზეთში დამაბრუნე, მის მიწაში მომასვენეო.
ყველა ოჯახს აქვს თავისი ისტორია, რომელიც იდუმალი ხელით იწერება სახლის კედლებზე. ამიტომ შენ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ჩვენი მატიანე გიყურებს ყოველი კუთხიდან, მაგ კერიისთვის უცხო ხარ! შენი ოჯახის ისტორია იმ მადლით ვეღარ დაიწერება, არ მიგიღებს, არ შეგითვისებს, ფუძის ანგელოზი ვერ გადმოგხედავს ლოცვით. მას ყოველთვის თვისი ძირძველი პატრონი მოენატრება. ჩემი სულის გამონაჟონი მანდაა, დრო-ჟამი ვერაფერს დააკლებს, ვერც შენ მოერევი, ვერ წაშლი. ჩემი სახლის მერცხლები ვერასდროს შეგიყვარებენ ჩემსავით, რადგან ისინი ჩემთან ერთად წამოვიდნენ სახლიდან სამუდმოდ.
აფხაზო, თავი თუ ბედნიერად არ იგრძნო, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება. რაც არ გეკუთვნოდა, იმისი მფლობელი გახდი, სხვის მადლსა და წყალობას ჩაეზიარე, სხვისი სითბო მოისხი ქურქად, სხვისი სიხარული და ბედნიერება მოიპარე... შენ როგორ ფიქრობ, განა სახლი არ გრძნობს, არ ოცნებობს, არ ენატრება, არ უხარია?! ეს უნარი მას ჩვენზე მეტადაც აქვს. ისიც ოჯახის წევრია, ოღონდ უტყვი, ჩუმი, ბაგემდუმარე. შენს წესებს ვერ მიიღებს, რადგან ჩემს სულიერ ნიშანსვეტსაა ჩვეული.