ნაწილი -III
ჩვენ "ვეფხვისა და მოყმის" ავტორი ერი ვართ. ქართველი ქალი თავისი შვილის მკვლელის დედასთან მიდის სამძიმარზე, იქნებ "ჩემზე მეტად სტირისო". სწორედ ესაა დიდი შინაგანი კულტურა, რომელიც ყოველთვის მზიანობს ქართველში. შენ კი იმ ერს მიეკუთვნები, რომელსაც ჰუმანურობის უდიდესი ნიჭი აქვს. საყოველტაოდ ცნობილია, რომ აფხაზმა კაცმა შვილის მკვლელი სახლში შეიფარა. ღირსეულმა მწერალმა მიხეილ ლაკერბაიმ ეს შემთხვევა თავისი მოთხრობის თემადაც გამოიყენა. მიტევების ეს მადლი არ გამქრალა, ისევ სახლობს თქვენს გულებში. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ შენს ნაგრამს ქართველებზე აუგითა და უსიყვარულობით არ აღზრდი, სიძულვილს არ ჩაუნერგავ. ჩემი შვილისშვილი, დიდი ბაბუას მოსახელე, სარდიონ კვარაცხელია, ჯერ ცამეტი წლისაა და უკვე ოცნებად ექცა აფხაზეთის ნახვა.
თქვენ ამაყობთ გიორგი შარვაშიძით, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟით. მისთვის მეორე ენა ქართული იყო. თერგდალეულთა თანამოაზრე და მათ გვერდით მდგომი კარგად იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. იბრძოდა ორი მოძმე ერის, ქართველებისა და აფხაზების, ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის. გიორგი შარვაშიძე საქართველოს "ჩვენი სამშობლო ივერიას" უწოდებდა . საყოველთაოდ ცნობილია მისი მიმართვა ანტიქართულად განწყობილი აფხაზი ნაციონალების მიმართ: "თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმექმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისკენ იყურებიან, მე კი - თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისთვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირსა და ლხინში". ამას თქვენი ღირსეული შვილი და ევროპულად მოაზროვნე მოგიწოდებდათ.მის ლექსს "ვარადას" სიმონ ჯანაშიამ "უშინაგანესი ლირიკული მღელვარების პოეტური შენივთება უწოდა", ხოლო ჩვენმა უკვდავმა ჰამლეტ გონაშვილმა აამღერა. აი, ურთიერთობის ასეთი კულტურა გვქონდა. განა ეს ყველაფერი უნდა გავაქროთ, გავწიროთ და შვილების თაობას არ გადავცეთ?
დიდმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა საქართველოში ყოფნისას "ვეფხისტყაოსნის" გმირის, ტარიელის, სახის შესაქმნელად გიორგი შერვაშიძის ნატურა გამოიყენა. ამ რჩეულ აფხაზს ქართული კულტურა გამშობლიურებული ჰქონდა.სასიქადულო პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ "აფხაზურ კანტატაში" დიდი სიყვარულით მოგმართათ და თითქოს დაგმოძღვრათ კიდეც: "ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უსაქართველოდ".
მურმან კვარაცხელია