შესაძლებლობები უსაზღვროდ

29 სექ 2018

 

ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა და მესმის ფრაზა. ლაშა შენ ჩვენ გვჭირდები... გავაკეთეთ პროექტი რის ფარგლებშიც ვაპირებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას. 

გონებაში დავხატე სურათი, ჩემი სოფლიდან შორს დავდივარ ტრენინგებზე, პრეზენტაციებზე, მრავალი ბარიერის და არაადაპტირებული გარემოს გადალახვის შემდეგ, როგორც რეალურად ხდება დასაქმების შანსი მინიმალურია. მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. 

რამაც ჩემი ამ პროექტში დარჩენა განაპირობა იყო ეს ფრაზა... ლაშა დაგვაკვირდი რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, გაგვიცანი გაიგე ყველაფერი ჩვენზე და სადაც შენს საქმეს და შენს თავს დაინახავ დაგვეხმარე. 

ამ პროექტმა ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა. ცხოვრებაში ბევრი ბარიერი გვხვდება ან სწავლობ ამ ბარიერების გადალახვას და აგრძელებ გზას, ან რჩები ადგილზე სადაც, სრული უიმედობაა და გადარჩენაც შეუძლებელია. წინსვლა იოლდება მაშინ როცა, პოულობ შენს საქმეს და რაიმეს ქმნი ისეთს რასაც სიკეთე მოაქვს ყველასთვის. 

მე ვიპოვე ჩემი თავი ამ პროექტში, რომელიც დღეს წერს ისტორიას რომლითაც ჩვენი მომავალი თაობებიც იხელმძღვანელებენ. ყველა ჩვენთაგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მთლიანობა და ჩვენი ოკუპირებული ტერირორიები. ქვეყნის სიძლიერე მისი გამთლიანების გარეშე რთული წარმოსადგენია. დღეს ბევრი რამე ხელმიუწვდომელია შშმ პირებისთვის საქართველოში. თუნდაც ელემენტარული ხარისხიანი განათლება და სამედიცინო სერვისები რაც, ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს. ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და გაძლიერდეს. 

როცა ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტი დადგა ერთმა ჩემთვის საამაყო ადამიანმა მითხრა, კმარა ტირილი გააცნობიერე რეალობა მაგრამ ნუ შეეგუები იბრძოლე უკეთესი მომავლისთვის. როგორც პატარა ბავშვს ბევრი რამის სწავლა თავიდან მოგიწევს. იმისთვის რომ პრობლემას ვებრძოლოთ სრული ანალიზი და სრული დიაგნოზია საჭირო რომ, სწორი მეთოდით უმკურნალო. ამიტომაა ეს პროექტი უანალოგო და საჭირო რომ, მთელი ინფორმაცია და ასე ვთქვათ მთელი მეხსიერება გადააქვს ერთ სივრცეში რაც ყველას დაგვეხმარება სრულ ანალიზში. 

ჩვენ არ უნდა შევეგუოთ დღევანდელ რეალობას. ყველა ჩვენთაგანმა უნდა შევცვალოთ რაღაც. მართლაც მნიშვნელოვანია მოძველებული მეთოდების განახლება. შეუძლებელი არაფერია. ბევრი იმპერია ვიცით რომელიც მხოლოდ ისტორიის ფურცლებს შემორჩა რომელიც, გვებრძოდა მაგრამ საქართველო გადარჩა. უარესი დღეებიც ახსოვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და აფხაზებს. 

მე ვარ ლაშა მელაძე და ვამაყობ რომ ამ გუნდის წევრი ვარ რადგან ამ პროექტში შესაძლებლობები ყველასთვის შეუზღუდავია.