ა(ა)იპ განახლება 2018-ის პირველი თათბირი

11 ნოე 2018

 ა.წ. 10 ნოემბერს შედგა   ა(ა)იპ განახლება 2018-ის  პირველი შეხვედრა-თათბირი, სადაც მოწვეული იყო  ვებ გვერდის  Ganakhleba.Ge _ს  შექმნისთვის  ა(ა)იპ განახლება 2018 _ის შემომწირველები.  პროექტი  "აქ ჩემი სახლია" -ს ფარგლებში შექმნილი ჯგუფების ადმინისტრატორები.   ასევე ფეისბუქ ჯგუფის დევნილები დევნილებისთვის ადმინისტრატორი ირაკლი ტორუა. 

თათბირის თემა იყო ვებ გვერდის განხილვა. დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა. ბოლო ტექნიკური შტრიხების და კორექტირების შეტანა, მანამ სანამ დავიწყებთ ვებ გვერდზე რეგისტრაციას. 

თათბირს პირდაპირი ჩართვით ესწრებოდა პროექტის თანაავტორი   ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. 

თათბირმა ჩაიარა ცოცხალი კრიტიკის და სჯა-ბაასის ფონზე. მადლობას ვუხდი ბატონ  ირაკლი ტორუას კრიტიკული შენიშვნებისთვის და შემდგომში თანამშრომლობის სურვილისთვის. 

და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ამ თათბირზე მოხდა, არის სწორედ ის რასაც ემსახურება ვებ გვერდიGanakhleba.Ge. 

სტუმრად გვყავდა  ერთი ახალგაზრდა გოგონა ანა კვიციანი, რომელიც  ახლდა ქალბატონ მარინა  გვიჩიანს (დალის ხეობიდან) და გამაცნო როგორც თავისი შვილიშვილი. 

თათბირის ბოლოს ანას ვთხოვეთ დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება  ამ პოექტთან დაკავშირებით  და აღმოჩნდა, რომ ანა კვიციანი არის სოფელი განახლების მკვიდრი, კერძოდ ნიკოლაევკელი,  გივი კვიციანის შვილიშვილი და როინ კვიციანის შვილი. ჩვენი ექიმის ნუგზარ ვეკუას კარის მეზობელი. 

იქვე ვანახეთ მას თავისი მამა-პაპისეული ნასახლარი, გავაცანით კარის მეზობელი ნუგზარი ექიმი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა  მისი პედიატრი...

გავაცანით განახლების საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინეზა კვარაცხელია, რომელიც   შესაძლოა   ყოფილიყო მისი მასწავლებელი...

გავაცანით  მასწავლებელი თამარ ივეჩიანი და ასევე იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი, პროექტის მენეჯერი შორენა გოროზია. ეს ადამიანები  არც მეტი არც ნაკლები  უნდა ყოფილიყვნენ მისი მშობლების ქორწილში... 

აი რისთვის შეიქმნა Ganakhleba.Ge. 

 აი რას ემსახურება პროექტი "აქ ჩემი სახლია". 

ჩვენ უნდა განვაახლოთ ურთიერთობები, ჯერ  ჩვენ უნდა გავიცნოთ ჩვენი მომავალი თაობა.  დავუტოვოთ მათ ინტერნეტ არქივი  და  მივცეთ საშუალება  იფიქრონ ქვეყნის გამთლიანების გზებზე და გამოსავალზე. 

ჩვენ თუ არაფერი გავაკეთეთ ჩათვალეთ, რომ ვწირავთ ჩვენს მომავალ თაობას!!! 

რამდენია ანასნაირი,გიორგისნაირი,ნინისნაირი,დავითისნაირი ახალგაზრდა ვისაც სიღრმისეულად აინტერესებს ეს საკითხი?!...