კვალი ნათელი - ეძღვნება გოდერძი ზაქარაიას

17 ნოე 2018

 

ერთად ვაშენებდით ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს, ორივეს  დეკანოზი დავით კონჯარია გვიწევდა სულიერ მამობას, ერთი ბარძიმიდან ვეზიარებოდით,  სატკივარ-საფიქრალიც ერთი გვქონდა  ჩვენი სამშობლო, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით... 

- დამაკლდი ჩემო ქრისტესმიერო ძმაო გოდერძი, სწორედ მაშინ გამომეცალე ხელიდან, როცა მეც შენსავით შევიყვარე სამშობლო, სწორედ მაშინ, როცა ჩემი წილი პასუხისმგებლობა მეც ვიგრძენი ჩვენი  დაჩეხილი ქვეყნის წინაშე, როცა შენსავით მეც დავიწყე  ფიქრი  თუ როგორ გავამთელოთ  საქართველო და როგორ მოვუშუშოთ იარები... 

ვერ გაგაცანი  პროექტი  "აქ ჩემი სახლია" და ეს პორტალი Ganakhleba.Ge... დარწმუნებული ვარ მოგეწონებოდა, უფრო მეტიც გვერდში დაგვიდგებოდი მე და მამა დავითს და.... 

თუმცა, როცა ადამიანი ნათელ კვალს ტოვებს ამ სოფლად....მის ნაკვალევს მეტი შეუძლია გააკეთოს ვიდრე მოკვდავ ადამიანს...  მე უკვე ვგრძნობ შენს დახმარებას... მე უკვე მაქვს შენი კალამი, რომელიც შენს სათქმელს დაწერს ყველგან... მე უკვე ვიცნობ შენს მეგობრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს,  რომლებიც შენ გამომიგზავნე მაშველად და დამხმარედ ამ საქმეში...  

შეუცნობელია გზები უფლისანი...  შენ არ გიყვარდა საუბარი, ზედმეტად თავმდაბალი იყავი და სიცოცხლეში შენზე ამდენი საუბრის უფლებას არ მომცემდი...  

რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წასულიყავი სპორტულ შეჯიბრებებზე, ყველგან ჩვენი  ქვეყნის ერთიანობისთვის აფრიალებდი დროშას,  მეგობარო! 

 არ გამოიღო შედეგი ამ ქვეყნიურმა ელჩობამ და ახლა ქრისტე ღმერთთან გაემგზავრე და უფალს ევედრები ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებას...