გილოცავთ უწმინდესო და უნეტარესო დაბადების დღეს. გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წირვა-ლოცვის აღსრულებას.
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცლე უწმინდესო!!!
ძველი საეპარქიო კათედრები - მოქვი, ბედია, დრანდა, ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი XVII-XVIII ს-თვის ადიღე-ჩერქეზული ტომების შემოსევების შემდეგ გაუქმდა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი XVII ს-ში, მთიელთა შემოსევების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავი სამეგრელოსა და იმერეთს შეაფარეს.
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიკვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალის ნაწილი, წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი და სხვ.
დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი თექვსმეტამდე აღწევდა: ბიჭვინთის საკათოლიკოსო ეპარქია, დრანდის, მოქვის, ბედიის, ჭყონდიდის, ცაიშის, ხობის, წალენჯიხის, ცაგერის, ნიკორწმინდის,
ქუთაისის, გელათის, ხონის, ჯუმათის, შემოქმედის და ხინოწმინდის ეპარქიები.
დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს, 1814 წელს საკათალიკოსოში მოქმედებდა შემდეგი ეპარქიები: 1.ქუთაისის; 2. გელათის; 3. ხონის; 4.ნიკორწმინდის; 5. ცაგერის;
6. ჭყონდიდის; 7. ცაიშის; 8. ჯუმათ-შემოქმედის; მმართველ მღვდელმთავართა რიცხვს ემატებოდა ხინოწმინდის ტიტულარული მღვდელმთავარი დავით წერეთელი.
1810-იანი წლებში რუსეთის იმპერიამ ქართველ მებრძოლებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნა ოსმალთა საოკუპაციო ჯარები და დაიწყო განადგურებული საეკლესიო ცხოვრების აღდგენა. XIX ს. 50-იან წლებში დაარსდა აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც 1885 წლამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები.
1885წლიდან სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა.
XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1914 წელს სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან ჩამოშორება და მისი რუსეთის ეკლესიის ჩვეულებრივ ეპარქიად გადაქცევა მოინდომეს. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს. თბილისში მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ პეტიცია წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე.
ცხუმ-აფხაზეთის მღვდელთმთავართა სია
- 1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე სოხუმის ეპარქიას ეწოდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში დაეტოვებინა რუსი ეპისკოპოსი სერგი, რომელსაც დაემორჩილებოდა რუსული და ბერძნული სამღვდელოება.
- 1919 წლის 28 ოქტომბრიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) ცხუმელ-ბედიელად იქნა გადაყვანილი.
- 1921 წლის 15 ოქტომბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმული იქნა იოანე მარგიშვილი.
- 1926 წ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტრ. ქრისტეფორე (ციცქიშვილი).
- 1927 წ. ოქტომბერში ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეფრემსიდამონიძე, რომელიც მალევე შესცვალა მელქისედეკ ფხალაძემ.
- 17 ოქტომბერი, 1927 - 24 მარტი, 1928 — ეპისკოპოსი მელქისედეკ ფხალაძე
- 1928 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე;
- 1929-1934 წლებში - მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე;
- 2 იანვარი, 1935 - 1938 — მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე
- 1952-1956 წ.წ. — მიტროპოლიტი ანტონი გიგინეიშვილი;
- 1957-1964 წ.წ. - ეპისკოპოსი ლეონიდე ჟვანია;
- 1965-1967 წ.წ. - ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი;
- 1967-1977 წ.წ. - მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი;
- 1978-1981 წ.წ. - მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე;
- 1981-1992 წ.წ. - მიტროპოლიტი დავით ჭკადუა;
- 1992-2010 წ.წ.- მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.
- 2010 წლიდან - უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II.