მრავალფეროვანი ანალიტიკური მასალების გაცნობა, მართლაც, ღრმად დაფიქრების საშუალებას იძლევა. ისტორიის დავიწყებას, რასაც დიდი ილია ერის დაქცევისა და გადაგვარების წინაპირობად თვლიდა, არ შეიძლება დღესაც გვერდი ავუაროთ და მივყვეთ „ახალი ისტორიის“ გამოჭედვას წარსულის სიმართლის გარეშე. რას ვიზამთ, ყველა ადამიანი თავისებურად აზროვნებს და გააჩნია თავისი „შეუვალი“ ლოგიკა.
მე მაინც მომხრე ვარ ილიას ყველა დროსთან მორგებული აზრისა, რომელიც ჩადებულია შესანიშნავ და განუმეორებელ სენტენციაში - „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა!“ ცხადია, ისტორიის გაკვეთილებს ვერსად გავექცევით, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ. უახლესი ისტორიის აბსოლუტური ჭეშმარიტების გათვალისწინებით ჩემს აზრს შემოგთავაზებთ ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხზე. ეს ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რა ელოდება მას, ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტა თუ გაყინვა?!
მაშ ასე, პოსტკომუნისტურ სივრცეში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო (თუმცა საკითხავია, ისინი რამდენად არიან სრულფასოვანი სახელმწიფოს ატრიბუტიკის მატარებლები?!...) მოლდოვა, საქართველო და უკრაინა (აქ შეიძლება აზერბაიჯანის ყარაბახიც მივაკუთვნოთ, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული ფენომენია ჩამოთვლილ სახელმწიფოებთან შედარებით!..) აღმოჩნდა ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ დაშლის რეალური საფრთხის წინაშე. თუმცა თვით ამ სახელმწიფოთა მმართველი ელიტა „პანდორას ყუთში“ ბოლოს დამალული იმედის ერთგული რჩება და წარმოუდგენილად მიაჩნია მოვლენათა პესიმისტური სცენარით განვითარება.
მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ პროცესების დინამიკას ისტორიული სიღრმეებიდან დღევანდელ რეალობამდე.
დასავლეთმა, განსაკუთრებით კი ევროპამ, სადაც 39 განვითარებული ქვეყანაა (მეტ-ნაკლები ხარისხით) მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და 21-ე საუკუნის დასაწყისში უკვე შექმნა მსოფლიოს ათეული (თუ არა ასეული) ქვეყნებისგან განსხვავებული ცხოვრების სტანდარტული პირობები თავისი მოსახლებისათვის ხალხის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით.
დღეს მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები დაძაბულია. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ნატოსა და რუსეთს შორის. ისტორიას ახსოვს პირველი და მეორე მსოფლიო ომის მწვავე შედეგები. ამიტომაცაა საშიში ქვეყნებს შორის აგრესიული განწყობა. თუ კვლავ დატრიალდა ომის ჩარხი, შედეგები კატასტროფული იქნება. აქ უნებურად მახსენდება დიდი მხედართმთავრის ლორდი არტურ ველინგტონის სიტყვები. როდესაც მისმა ჯარმა ერთ-ერთი ქალაქის აღება გადაწყვიტა, მასთან მივიდა გენერალი და შესთავაზა ასეთი ტაქტიკა: „ხუთი ადამიანის მსხპვერპლი არის საჭირო ამ ქალაქის აღებისთვისო, რაზეც მხედართმთავარმა ირონიით უპასუხა: გენერალო, თქვენ ისურვებდით იმ ხუთეულიდან მესამე კაცად ყოფნას?“...ამით იმის თქმა მსურს, რომ დღეს არა მგონია ,ევროპის განვითრებული თუ განვითარებადი ქვეყნებიდან ვინმემ ისურვოს მსხვერპლის ფუნქციის აღება თავის თავზე!
მივყვეთ ისევ ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიას. რუსეთს, რომელსაც „დიდი რუსეთის“ ნოსტალგია დღესაც გააჩნია, საკუთარი მიზნის რეალიზება სხვისი ტერიტორიების ანექსიას არ გამორიცხავს და მისი შეცვლის მოლოდინი, უბრალოდ, ბავშვური გულუბრყვილობა იქნებოდა. მით უფრო, როდესაც 2019 წლის 9 მაისს რუსეთის მეთაურმა წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმზე ჯარებს კიდევ ერთხელ შეახსენა „ისტორიული რუსეთის“ შესახებ, რაც ახალი ტერიტორიების ანექსიას(?) გულისხმობს. ამის საფუძველს აძლევს ის მრისხანე სამხედრო ძლიერება, რომელიც ორი ქართველისგან (სტალინი და ბერია) მიიღეს მემკვიდრეობით. დღეს სწორედ ამაზე დგას რუსეთი მთელი დემოკრატიული სამყაროს საპირწონედ.
რუსეთი, გათამამებული თავისი ცალმხრივი მიღწევებით შეიარაღებაში (ამას არაფერი საერთო არ გააჩნია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასთან!) რატომღაც ყველაზე პრიორიტეტულად თვლის სამი პოსტკომუნისტური ქვეყნის: მოლდოვა, საქართველო, უკრაინა, სეპარატისტების მხარდაჭერას. ამასთან, თეორიულადაც არ დაუშვებს თავისი ჯარების გაყვანას დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, ე.წ. სამხერთ ოსეთიდან, ყირიმისა და დონბასიდან. და ბუნებრივია, არ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას. აქვე უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს შეიძლება სწამდეს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პროცესების სხვაგვარი სცენარით განვითარება, რაც ასევე გულუბრყვილობად მიმაჩნია და ამ თვალსაზრისით არაფერს შეცვლის!
მივყვეთ მოვლენების ლოგიკურ განვითარებას. არ გამოვრიცხავ, ბევრი პოლიტიკოსი შეიძლება ფიქრობდეს ამ ქვეყნების დეოკუპაციის მიღწევას ისეთი ქმედებებით, როგორებიც მშვიდობაინი დიპლომატიური მოლაპარაკებებია, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული მკაცრი სანქციებია, დასავლეთის ბანკებში რუსეთის პირველი პირისა და მისი თანამოაზრე ოლიგარქების აქტივების გაყინვაა, ან სხვა მსგავსი არასამხედრო მოქმედებებია. ეს ყველაფერი ცრუმორწმუნეთა ოლუზორული წარმოდგენაა. აქ, როდესაც ვამბობთ, ქვეყნის პირველი პირი, მხედველობაში გვაქვს რუსული სამხედრო-სამრწეველო კომპლექსი და მისი მმართველი ელიტარული ჩინები, რომელთა ხელშიცაა დღევანდელი რუსეთის სამხედრო ტექნიკის სამართავი პულტები.
შემდეგ, ვინც თვლის, რომ განვითარებული ქვეყნების ლიდერები ყველაზე დაჩაგრული ამ სამი ქვეყნის ინტერესებისთვის საკუთარი ხალხის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებენ, ესეც ოცნების სფეროა და „ნეტარ არიან მორწმუნენი.“
მოდით ახლა წმინდა ფინანსური კუთხით შევხედოთ ამ „მარადიულ პრობლემას“. ხომ შეიძლება ვიღაცამ ჯინი ამოუშვას ბოთლიდან და მას ამოყვეს მწვანე ფერის მილიარდები და შესთავაზონ რუსებს ამ ტერიტორიების სანაცვლოდ. ესეც მტკნარი სიცრუე და ილუზიაა.
ჩვენ არ შეიძლება არ ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთი მენტალურად ყოველთვის საკუთარი ტერიტორიების გაფართოებისთვის იბრძოდა. დღესაც, გლობალიზაციისა და მსოფლიო ინტეგრაციის ეპოქაშიც, მის მეხსიერებაშია ჩაკირული. მეხსიერების ამოშლის მოტივაციის ნაკლებად მჯერა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედი სხვა შედეგის მოლოდინის საშუალებას არ იძლევა. და, როდესაც ასეთი გარდუვალი მოცემულობის წინაშე ვდგავართ და სამი ათეული წელია ერთი ნაბიჯიც კი წინ არ გადადგმულა, ცხადზე უცხადესი ხდება „ისტორიული რუსეთის“ ტერიტორიების „განმათავისუფლებელი ლაშქრობისთვის“ სხვადასხვა უახლოესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის მზადყოფნა.
როგორც იტყვიან, „ყველა გზა რომისკენ მიდის“. სამწუხაროდ, დღეს ბევრს სჯერა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეიძლება მხოლოდ იმ გზით, რომლითაც ისინი წაგართვეს, ანუ სამხედრო გზით. მათი აზრით, სხვა გზა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ შევეცდებით ეს გზაც განვიხილოთ, რომელიც ბევრი პოლიტიკოსის აზრით, შეიძლება რეალობად იქცეს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენო სულმნათი თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერ საშუალებებში ხედავდა...
ისევ მივადექით ყველაზე მთავარ კითხვას: როგორ შეიძლება ამ ტერიტორიების დაბრუნება ახლა ან მომავალში? მოვლენების ანალიზის შედეგები ნებისმიერ მოცემულობაში კატასტროფულია. ეს აპრიორი შეუძლებელია, მიზეზი კი - ძალთა თანაფარდობაა. (ალბათ ამას გულისხმობდა პუტინი, როცა 1995 წელს დაგომისში ცალსახად განუცხადა შევარდნაძეს -„თქვენ ხომ არ გეფიქრათ ნეიტრალიტეტზე, თქვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე?!“. შეიძლება ამის აღიარება შინაგანი პროტესტიდან გამომდინარე, ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ რეალობასა და შესაძლებლობას შორის ზღვარი წაშლილია. აქ ვგულისმობთ იმ მთავარ ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია გამარჯვების მისაღწევად. ესენია, პირველ რიგში, ძლიერი შეიარაღებული ძალების დე-ფაქტო არსებობა, ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი და მიღწეული დონე, ჩვენი და ამ ქვეყნების სახელმწიფო აპარატის ამჟამინდელი მდგომარეობა, დღეს არსებული მოკავშირეების სიძლიერე. ყველა ამ მომენტის გათალისწინებით, ძალისმიერი მეთოდით პრობელემის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.
კიდევ ერთი მთავარი ინგრედიენტის შესახებ. ამ სახელმწფოების საზოგადოებების პოლიტიკურ კლასებში დღეს არსებული განხეთქილებები, ათეულობით და მეტი პარტიების ჩამოყალიბება რადიკალურად განსხვავებული პროგრამებით, სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტი უმრავლესობაში, განხეთქილებისა და ერთმანეთის დისკრედიტაციის არსებობა, ხელისუფლების სათავეებისკენ სწრაფვის მერკანტილისტური თვითმიზანი და ყოველივე აქედან გამომდინარე, ძლიერის დასუსტებისკენ ძალების მიმართვა, - აი, ის მთავარი ბარიერი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე, მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს კი ქმნის მყარ ნიადაგს წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერი ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და სუსტი სახელმწიფოს ფორმირებას. ასეთ შემთხვევაში სახელწმიფო ძლიერება შიგნიდან იფიტება.
დიდი ქართველი პოეტი და ჭეშმარიტი მამულიშვილი, დავით გურამიშვილი, ქვეყნის გადაგვარების, აოხრებისა და დაქცევის უმთავრეს მიზეზად ქართველთა ინტერესების დაპირისპირებასა და ერთიანობის უქონლობას ასახელებდა. გულისტკივილით გვიმხელს „დავითიანში“: „მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი! თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!“ ამ სიტყვების დაწერიდან თითქმის სამი საუკუნე გადის, მაგრამ დღევანდელი საქართველოს შემყურე ვფიქრობთ, რომ ეს ძმათამკვლელი დაპირისპირება კვლავ მძლავრობს ჩვენში. ერთი ალთას იწევს, მეორე ბალთას, აღარ არსებობს ერთიანი სული, ეს კი ღუპავს სახელმწიფოებრიობას.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინც ასე იქცევა საკუთარ სამშობლოში, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსასხურების ნუმირებული აგენტები არიან. დღევანდელი საკომუნიკაციო ტექნილოგიებისა და ფსიქოზემოქმედების უახლესი მიღწევების ეპოქაში სრულებითაც არ არის ეს აუცილებელი, არსებობს უამრავი „შემოვლითი გზები“ ასეთი ვერაგული მიზნების მისაღწევად. სწორედ აქ მარხია „ძაღლის თავი - შიდა მწვავე დავებით დაასუსტო შენი ქვეყანა და შენდაუნებურად იდეალური პარტნიორი გახდე შენი ყველაზე ძლიერი მტრისათვის.
მინდა, სწორად გამიგოთ: არავინ იფიქროს თითქოს დაგროვილი გარკვეული პოლიტოლოგიური გამოცდილება და დიდაქტიკური სურვილები მალაპარაკებს მავანთა ფსიქოწარმოდგენების შესაცვლელად.
არა, ბატონებო! მე ასე ვხედავ დღეს უფსკრულის პირას მიმდგარ ჩემს ქვეყანას, რომელიც ორმაგად მიყვარს როგორც აფხაზეთიდან იძულებით წამოსულ კაცს და იმედის თვალით შევყურებ ჩემს ქვეყანას, სამშობლოს, იქნებ ეს ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლეს ბევრად აღემატება, გადავწყვიტოთ არა ერთმანეთის ჩაძირვით, ერთმანეთთან კონფრონტაციით, არამედ ერთად დგომით (ამის მაგალითად ბალტიისპიირეთის ქვეყნები გამოდგება...), ერთიანი საქვეყნო მიზნით, თორემ ხელიდან გვეცლება ეს მშვენიერი საქართველო და ყოველდღე „შაგრენის ტყავივით“ პატარავდება. თუნდაც ბორდერიზაციის პრობლემა ავიღოთ, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს თავისთვის ჩვენი მტერი. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ართმევენ იმას, ვინც სუსტია, თავის დაცვის ინსტიქტი დაქვეითებული აქვს და „ციხის შიგნიდან გატყდომის“ პრინციპი სრული ძალით მუშაობს. ყველა ცალ-ცალკე დანაწილებული და მერე ისევ უსახურად შეკოწიწებული და თავის თავში ღრმად დარწმუნებული ჰომოსაპიენსები მიმართავენ ყოველგვარ ცივილიზებულ სახეს მოკლებულ გზებსა და ხერხებს პროტესტის გამოსახატავად და შედეგიც არ აყოვნებს. ეს არის უსუსურობის გამოვლინების ფორმა, რომელსაც არავითარი გამართლება არ გააჩნია რანაირი „დემოკრატიის“ ნიღბითაც არ შეფუთო იგი. ეს არის საკუთრი თავისა და ქვეყნის შეურაცხყოფა და დაკნინება. შედეგს ყველა ვხედავთ...
ყოველივე ზემოთ ნათქვმის შემდეგ ისევ დავსვამ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ კითხვას: მაინც როდის შეიძლება დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები? რა სტრატეგია და მიზანია ამისთვის საჭირო?
ეს ის პრობლემაა, რომელიც დღეს დგას სახელმწიფოს წინაშე. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ემოციები და სიტყვა-ხატულა სადღეგრძელოები არ გამოგვადგება, სიმართლე სიმართლეა და მას ვერსაით გაექცევი, უფრო სწორად, საკუთარ თავს ვერსად გაექცევი.
ამ კითვაზე პასუხი ცალსახად შეუძლებელია არსებობდეს, რადგან იმდენად შორს შევედით აბობოქრებულ ზღვაში, ძნელია გამოსავალი გზის მარტივად პოვნა. თუმცა, რამდენიც არ უნდა დამძრახოთ, მაინც პრაგმატულ გზას მხოლოდ ერთში ვხედავ და ეს არის ის, რომ ეკონომიკურად (ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის ხერხემალი!) პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით შეუდარებლად ძლიერები გავხდეთ! სწორედ ზემოთ მოყვანილ მსჯელობაში, თუნდაც ქვეტექსტების სახით, შეიძლება ამოიკითხოთ პასუხები ამ კითხვაზე. დღევანდელი გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი, ძლიერი მოკავშირეების მოძებნა.
აქ შეიძლება შემედაონ, თითქმის ყველა დასავლეთის ქვეყნები გვიჭერენ მხარს აშშ-ს მეთაუორობით. მაგრამ მე მხედველობაში მაქვს საქართველოს პრობლემა, რამდენად ზის ამ ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებში, არა მხოლოდ სიტყვით, „შეშფოთებისა“ და „აღშფოთების“ კატეგორიებით, არამედ ჭეშმარიტად ძლიერი მოკავშირეები არიან თუ არა ისინი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არა პოლიტიკური მოტივაციით დაჩქარებულად გაწევრიანება ბალტიის ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში, რუსეთი დიდი ხნის უკან დაასრულებდა თვის ჰიბრიდულ ოპერაციებს მათი ოკუპაციისთვის.
თანამედროვე ისრაელის ბრძოლის სიმბოლო, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ონელი მოშე დაიანი ამბობდა: „თუ მშვიდობა გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს უნდა ესაუბრო!“
არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ სენტენციის სიბრძნეს. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რუსეთთან საჭიროა საუბარი, მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა ყოველგვარი წითელი ხაზისა და ნულოვანი წინაპირობების გარეშე. ეს არის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა პრობლემის გადაწყვეტისა, ანუ ტერიტორიების დაბრუნებისა. თუ გვინდა აღდგეს ურთიერთობა აფხაზებსა და ოსებთან, ყველაფრის მიუხედავად, ამ დიდ ქვეყანასთან მოგვიწევს დიალოგი. პოლიტიკას არ უყვარს ქაოტურობა, მოუწესრიგებლობა, მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობა, საჭიროა ალტერნატიული ყველა გზის მოსინჯვა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მტრის შეურაცხმყოფელი თეზების სროლა საკუთარი სახლიდან ადვილია, მაგრამ ამან გაალღო გაყინული კონფლიქტი? ყველა დიდი ქვეყნის ლიდერი სიფრთხილესა და საერთო ენის გამონახვისკენ მოგვიწოდებს.
ჩემი ასეთი მსჯელობა მავანს შეიძლება ძველის გადამღერებად მოეჩვენოს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ახალი, კარგად დავიწყებული ძველია.!“
ახლა, ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, კაცობრიობის მიერ გავლილი მწარე გაკვეთილებიც გავიხსენოთ და ობიექეტურად შევაფასოთ, წარსულის გადასახედიდან, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ისტორიული მაგალითები. ასე, 1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომში გამარჯვების შემდეგ გერმანიამ საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია წაართვა. ფრაგებმა ეს პროვინციები მოხლოდ 45 წლის შემდეგ დაიბრუნეს. და სხვათა შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად, სამი უმძლავრესი იმპერიის - დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის დახმარებით. ოცი წლის შემდეგ ისევ მეორდება ისტორია, მაგრამ საფრანგეთი ხუთ წელიწადში იბრუნებს ამ ტერიტორიებს, ძალით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად, ისევ იმ დროის უმძლავრესი მოკაკვშირეების - დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და სსრკ-ის დახმარებით. შემდეგ, 1949 წელს, გერმანია გაიყო 2 ნაწილად-აღმოსავლეთად და დასავლეთად. შეეძლო კი მაშინ დასავლეთ-გერმანიას სსრკ-თვის აღმოსავლეთ გერმანიის მოგება? - არა! თუმცა 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ შეძლო (რაღაც ჰამბურგერის ფასად დავათმობინეთ სსრკ-ს აღმოსავლეთ გერმანია, თუმცა მზად ვიყავით 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი თანხის გადასახდელადაც. იტყვის ჰელმუტ კოლი, გერმანიის კანცლერი). ამის მთავარი მიზეზი იყო „ცივ“ ომში სსრკ-ს დამარცხება. გერმანიას მხარს უჭერდა აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოვხაზოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ინგრედიენტების ძირითადი კონტურები „ სტატუს კვოს“ გადასახედიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება და უნდა იყოს სტრატეგიული თმენა (უკვე 27 წელიწადია ველოდებით და უშედეგოდ!) კონკრეტული ციფრის დასახელება შეუძლებელიცაა და სარისკოც. მეორე და უმთავრესი, სხვა შეიარაღებული ძალები, სხვა ეკონომიკა და სხვა სახელმწიფო. აქ საკმარისია მოვიყვანოთ ისრაელის მაგალითი, სადაც ერი მთლიანად დგას ერთ პლატფორმაზე, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს აქტიურ ფორმირებასა და წინსვლას ან მის უსაფრთხოებას ეს არის რეალური მაგალითი იმისა, არსებული რესურსებით როგორ ააშენო სახლემწიფო, რომელიც რეგიონში არავის არ უთმობს პირველობას!..
მესამე, ომში გამარჯვების მოპოვება, მნიშვნელობა არ აქვს „ცივი“ იქნება თუ „ჰიბრიდული“. ამ შემთხვევაში კარგად ჩავიხედოთ დიდი კონსტანტინეს ნააზრევში, რომელიც სრულად ეხმიანება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, - „ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს თავისი ქვეყნის შიგნით, მას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!“ ისე, ყველამ კარგად ვიცით სამშობლოს „სიყვარული“, მაგრამ, საუბედუროდ , ის სადღეგრძელობს იქით არ მიდის კონკრეტულ სიტუაციაში!..
მეოთხე, ზესახელმწიფოების უმძლავრეს მოკავშირეებად გახდომა და მათი ყოველმხრივი დახმარება. ინტერესთა თანხვედრის შემხთვევაში მტრის წინაშე კომპრომისზე არ წასვლა და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება.
მეხუთე, ამჟამად გამარჯვებული მტრის თანხმობა. ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ის უნდა დარწმუნდეს, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია და რეალური პროცესების გათვალისწინება გარდუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, რომ მტერი სუსტებზე ნადირობს, რომელთაც თავის დაცვა უჭირს, მოკავშირეები შეშფოთებითა და აღშფოთებით შემოიფარგლებიან და რეალურ დახმარებაზე არ მიდიან!
ისევ ისტორიას მოვუხმოთ, აგრესორი არასდროს არ ესხმოდა თავს სამხედრო ალიანსის წევრებს. აქედან აშკარად იკვეთება „ხსნის გზა“ - თანამედროვე მსოფლიოში პატარა ქვეყნების უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა დღევანდელი მოცემულობით ნატოში გაწევრიანებაა. სწორედ აქ იკვეთება ქვეყანაში შინაგანი წინააღმდეგობის კიდევ ერთი მომენტი, როცა (თუ არ გავითვალისწინებთ ძველი რეფერენდუმის შედეგებს) ქვეყანაში, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვალებადობიდან გამომიდნარე, ერთიანი აზრი ნამდვილად არ არის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს აგრესორის პროპაგანდის შედეგია თუ უფრო უარესის მოლოდინი, მათ ამისი საფუძველი ნამდვილად გააჩნიათ. მაგრამ აქ მთავარია მაინც ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან რუსული აგრესიის იგნორირება და შიშის სინდრომის დაძლევა. წინააღმდეგ შემთვევაში, პროცესი უსაშველოდ გაიწელება და რა შედეგი დადგება უახლოეს მომავალში ძნელი წარმოსადგენია.
ჩემი მიზანი არ ყოფილა „ურწმუნო თომებთან“ კამათი და მათი გადარწმუნება გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებსაც თანმიმდევრულად და ჯიუტად მიჰყვებიან. ყოველივე ეს ჩემი ფიქრის შედეგია და გარკვეულ მასალებზე დაყრდნობით არც თუ ისეთი სასიამოვნო აზრების კონსტატაცია.
ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მაღელვებს და მაფიქრებს ჩემი ქვეყნის ბედი და ჩემი ოდაბადის მომავალი. გამოსავლის მოძებნა თეორიულად ყოველთვის შეიძლება, მაგრამ რა რესურსებით და მის ხორცშესხმას რა დრო დასჭირდება, ძნელი სათქმელია. მაგრამ ჩამოყალიბებულ აზრს არსებობის უფლება რომ გააჩნია, ღრმად მწამს. როდესაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და დამამშვიდებელი პროგნოზიც არ არსებობს, აქ უკვე ჩნდება ძიების სურვილი უკეთესი მომავლისთვის. ჯერჯეორბით გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს. ჩვენ კი ისევ ვცდილობთ „დიდი კაცის“ სინდრომი საკუთარ თავში ვეძიოთ და ქვეყნის ბედზე უტიფრად ვიმარჩიელოთ. ხომ დაგვმოძღვრა დიდმა ილიამ თავის დროზე - „ჩვენს იქით ჩვენი ხსნა, ტკბილი სიზმარიაო“. ჩვენ კი როდის გარდავიქმნებით ქვეყნის ნამდვილ ჭირისუფლად. დრო კი არ ითმენს, სამშობლოს შველა უნდა, თორემ, იოანე ოქროპირის ბრძნული გამონათქვამისა არ იყოს „...დაჭაობდა ქვეყანა, შეწყდა რებაი წყალთა მაცოცხლებელთა.“
მურმან კვარაცხელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
წყარო: